2006 წელი იყო. თსუ-ში, გამოყენებითი მათემატიკის და კომპიუტერულ მეცნიერებათა ფაკულტეტის მესამე კურსზე ვსწავლობდი. თუმცა, მანამდე ხატვის ათწლედი მქონდა დამთავრებული და მიუხედავად იმისა, რომ მათემატიკა ცუდად არ გამომდიოდა, ხატვის გაკვეთილებზე შეძენილი უნარების „რაიმეში გამოყენების“ სურვილი არ მეშვებოდა. მაშინ არც დიზაინის და არც გრაფიკული პროგრამების ვიდეო-ტუტორიალები არ არსებობდა და ჩემი ცოდნა ფოტოშოპში wallpaper-ებისა და ფოტომანიპულაციების კეთებით შემოიფარგლებოდა. არც რეკლამაზე, არც სააგენტოებზე ვიცოდი რამე და დიდად, არც დიზაინერობაზე ვფიქრობდი.
ერთ დღეს, მაღლივის კიბეებზე ჩემი კურსელი შემომხვდა, რომელიც სარეკლამო სააგენტო e!motion productions-ში მუშაობდა ვებ-დეველოპერად. ყოველგვარი წინასწარი დაგეგმვის გარეშე ვკითხე: თორნიკე, თქვენთან დიზაინერს ხომ არ ეძებთ-მეთქი. ისე დაემთხვა, თურმე მართლა ეძებდნენ. დამიბარეს გასაუბრებაზე, მომცეს სატესტო დავალება, რომელიც საშინლად ცუდად შევასრულე და დასაქმებაზე უარი მივიღე.
თუმცა, მალევე, e!motion-ის მაშინდელმა დიზაინერმა, გიორგი ქვლივიძემ, deviantart-ზე ნახა ჩემი ფოტომანიპულაციები. იფიქრეს, ალბათ უკეთესადაც შეუძლიაო და კიდევ ერთი შანსი მომცეს. მეორედ უკვე კარგად დავიხარჯე, მაინც ცუდი დიზაინი გავაკეთე, თუმცა, ალბათ ჩანდა, ჩემგან დიზაინერი შეიძლებოდა გამოსულიყო და ამიყვანეს.
e!motion ენერგიული და ძალიან მოტივირებული ახალგაზრდებით იყო დაკომპლექტებული და ორ წელზე მეტი ღამეების თენებაში გავატარე, ხან შრომაში და ხანაც – მხიარულებაში. ამ პერიოდში რუტინული საქმეც ბევრი მომიწია და ტვინიც ბევრჯერ გავავარჯიშე. რაც მთავარია, სამუშაო პროცესში გავიცანი ბევრი ძალიან საინტერესო ადამიანი და ჩემთვის ყოველთვის სწორედ ეს იყო სააგენტოებში მუშაობის მთავარი ხიბლი. მას მერე, სამსახურის შერჩევის მთავარ კრიტერიუმად ჩემზე გამოცდილ გუნდთან მუშაობა ჩამომიყალიბდა.
ვანო საგინაშვილი – „ევროპაბეთის“ არტ-დირექტორი.