ადამიანის საგნებისა თუ მოვლენების მიმართ რეფლექსირება, მდგომარეობა სადაც გასაგნობრივებული, გაშიშვლებული ემოციაა გამოსახული – ეს იმ გამოფენის კონცეფციაა, რომელიც მხატვარმა ანი თოიძემ გალერეა გამრეკელში წარმოგვიდგინა.
“ვარდისფერ ნისლში ვტივტივებ” ასე ჰქვია მდგომარეობის გამომხატველი ნამუშევრების გამაერთიანებელ გამოფენას.
“ყველაფერი მოულოდნელად მოხდა, რაც ჩემი კურატორის ნინო გუჯაბიძის და გალერეა გამრეკელის დამსახურებაა, ნინოს შეფასება და მხარდაჭერა ჩემთვის დიდი მოტივაციაა. ამ სერიაზე აქტიურად ბოლო ერთი წლის მანძილზე ვმუშაობდი, გამოფენის კონცეფცია ადამიანის საგნებისა თუ მოვლენების მიმართ რეფლექსირებაა, მდგომარეობა სადაც გამოსახულია გასაგნობრივებული, გაშიშვლებული ემოცია” – აღნიშნავს ანი თოიძე.
M: ანი, როდის გადაწყვიტე, რომ ხელოვნება შენი ცხოვრების გზა იყო?
ყველაფერი ბუნებრივად მოხდა, ხელოვნება ყოველდღიურობაში ადრეული ბავშვობიდან შემოიჭრა, რაც ოჯახის, მამას დამსახურებაა. დღემდე ვთვლი რომ ის ჩემი ყველაზე დიდი პედაგოგი და გზამკვლევია ამ სფეროში. საბოლოოდ ხატვა ერთადერთ საქმიანობად მექცა. ძირითადი ინტერესის სფერო ფერწერა იყო, რის შემდეგაც სამხატვრო აკადემიში ჩაბარება გადავწყვიტე. შემდეგ ექსპერიმენტებისა და თვითგანვითარების დრო – ეს გზა საინტერესოა, თავად ვწყვეტ საით წავიდე, რა გავაკეთო, გაუგებარი მოძრავი სარტყელივითაა, რაღაც საშუალო ყველაფერსა და არაფერს შორის.
M: რა არის მხატვრობა შენთვის? თვითგამოხატვის გზა თუ რაღაც სხვა, რაც ამაზე ბევრად მეტია?
ზოგადად მხატვრობა ბევრად მეტია. ჩემი აზრით, ხელოვანი სარკეა რომელიც ირგვლივ არსებულ მოვლენებსა და ემოციებს პირდაპირ თუ ირიბად ირეკლავს, რაც ვიზუალიზაციის პროცესში სუბიექტურად ტრანსფორმირდება.
M: შენს ნამუშევრებს მრავალფეროვანი ფერთა პალიტრა ახასიათებს… გამოფენის სახელწოდებაც სწორედ კონკრეტულ ფერს უკავშირდება…
ფერი ის მთავარი და მნიშვნელოვანი რამ არის, რაც ჩემს ყველაზე ინტიმურ და პირად მდგომარეობას გადმოსცემს. მუშაობის პროცესში ემოციებს დაუფიქრებლად მივყავარ კონკრეტულ ფერთან, ყოველ ფერს თუ მის ტონალობას თავისი განსაკუთრებული, ემოციური მნიშვნელობა და განსაზღვრება აქვს.
M: საიდან მოდის შენეული სამყაროს ამბები, როგორც თავად ამბობს. ამ კონკრეტულ სერიაში “ყველაფერსა და არაფერს შორის გაჩხერილის მდგომარეობა” ?
მუშაობის დაწყებისათვის რაიმე განსაკუთრებული ინსპირაციის წყაროს არსებობა არ არის აუცილებელი, რადგან ნებისმიერი მოვლენა თუ გარემოება თავისთავად ემოციის მაპროვოცირებელია, იქნება ეს დიალოგი, ადამიანთა ქცევა თუ სხვა. მთავარია შევიდე სამუშაო ოთახში, შემდეგ კი, ყველაფერი დაუგეგმავად, თავისთავად ხდება. გამოსახული სამყარო ბევრი მოვლენისა თუ საგნის სხვადასხვაგვარი გაგების ჩარჩოში მოქცეული ერთი დიდი ოთახია, სადაც გაურკვეველი და რეალური ერთმანეთში იხლართება, ერთი კარი წარმოსახვით სივრცესთან მაკავშირებს, მეორეთი კი, ყოველდღიურობაში ვბრუნდები.
ავტორი ქეთია ბელქანია