in

როგორ ვაქციოთ ვარჯიში ცხოვრების წესად და არა რუტინად

თეორიულად ყველა თანხმდება იმაზე, რომ ვარჯიში ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა და მას მეტი დრო უნდა დავუთმოთ. ის გვეხმარება უფრო დიდხანს და ჯანმრთელად ცხოვრებაში. თუმცა ვარჯიშის დაწყება, დიეტის არ იყოს, ხშირად გვაქვს ხოლმე გადადებული „შემდეგი ორშაბათისთვის”, რომელიც არა და არ დგება. 

მიუხედავად იმისა, რომ უამრავი მიზეზი არსებობს ვარჯიშის დასაწყებად, ჩვენ კიდევ უფრო მეტ მიზეზს ვპოულობთ, რომ გადავდოთ ეს საქმე. ისედაც გადატვირთულ გრაფიკში კიდევ ახალი რუტინის შემოტანა რომ რთულია, კარგად გვესმის, ამიტომ ვეცდებით, ვარჯიშის უპირატესობა ისე დაგანახოთ, რომ მოტივაცია აღგიმაღლოთ და აქვე რამდენიმე რჩევაც მოგცეთ, თუ როგორ უნდა აქციოთ ფიზიკური აქტივობა ყოველდღიურ ჩვევად.

აქციეთ ვარჯიში ცხოვრების სტილად და არა დროებით გამოწვევად

ბევრი ადამიანი შეცდომას მაშინ უშვებს, როდესაც ვარჯიშს ისახავს, როგორც დროებით რუტინას და არ ნერგავს მას, როგორც ცხოვრების წესს. პირველი ნაბიჯი სწორედ გააზრებით იწყება, რომ თუ ამ ჩვევას გამოიმუშავებთ, თქვენი ყოველდღიურობის ბევრი ასპექტი სასიკეთოდ შეტრიალდება. 

ჯანსაღი ცხოვრება დადებითად არა მხოლოდ გარეგნობაზე აისახება, არამედ აუმჯობესებს ცხოვრების ხარისხს, გასწავლით დისციპლინას და რეჟიმს. ეს ყველაფერი კი საერთო ჯამში საკუთარი თავის უკეთეს ვერსიად წარმოგაჩენთ.

ეს უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ ესთეტიკა

ჯანმრთელობა და ფიტნესი უფრო მეტია, ვიდრე მხოლოდ თქვენი ესთეტიკური შესახედაობა. როცა ნამდვილად ჯანმრთელი ხარ, უკეთეს ხასიათზე ხარ და ფიზიკურად მეტის გაკეთება შეგიძლია. ის აისახება თქვენს განწყობაზე, ხარისხზე, სამსახურში პროდუქტიულობაზე, თქვენს სხვადასხვა უნარზე და, რაც მთავარია, ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე. 

იყავით მაგალითი სხვებისთვის

ჯანსაღი ცხოვრების არჩევით არა მხოლოდ საკუთარ თავს უკეთებთ სიკეთეს, არამედ შეგიძლიათ სხვებისთვისაც კარგი მაგალითი იყოთ. განსაკუთრებით, თუ ოჯახი და შვილები გყავთ, წარმოიდგინეთ, რამხელა სტიმულს აძლევთ მათ, რომ თვითონაც იკვებონ სწორად და ივარჯიშონ, რაც მათ ჯანმრთელობის შენარჩუნებაში დაეხმარება. ამის შედეგია უკეთესი ურთიერთობები, დაავადების დაბალი

 რისკი და ზოგადად, უფრო ჯანმრთელი და ბედნიერი სამყარო. ჯანსაღი ცხოვრების არჩევით, თქვენ შეგიძლიათ მოახდინოთ მკვეთრი გავლენა გარშემომყოფებზე. ამიტომ იყავით ის ადამიანი, ვინც ცვლილებებს დაიწყებს.

სწორად დაგეგმეთ ვარჯიში

ფიტნესინსტრუქტორებიცა და მედიკოსებიც გვასწავლიან, რომ თუ ცხოვრების დამღლელი რიტმი გვაქვს და ვერ ვახერხებთ დღეში 1 სრული საათის გამოყოფასაც კი, რათა ერთიანად ვივარჯიშოთ, მაშინ შეგვიძლია დღის განმავლობაში სხვადასხვა დროის მონაკვეთის გამოყოფა. მაგალითად, 10 წუთი დილით, 10-იც შუადღეს, დანარჩენი კი საღამოს, როცა ვთავისუფლდებით. ამ რეჟიმს იგივე სარგებელი მოაქვს, როგორც ერთბაშად ვარჯიშს. 

იპოვეთ პარტნიორი

მოტივაციისთვის ძალიან კარგია პარტნიორის პოვნა, რომელსაც თქვენსავით ესაჭიროება მეტი სტიმული ვარჯიშის დასაწყებად. ეს შეიძლება იყოს თქვენი ოჯახის წევრი ან მეგობარი, ან უცხო ადამიანიც კი. თანამედროვე სამყარომ, სოციალური ქსელების მეშვეობით, უფრო დაგვაახლოვა ადამიანები, ამიტომ ჯანსაღი ცხოვრების ჯგუფებში ბევრ ასეთ პოსტს შეხვდებით: „ვისაც დილით მარტო სირბილი გეზარებათ, მომწერეთ, ერთად ვირბინოთ”, „ფიტნესდარბაზში მარტო სიარული მეზარება და ვინმე ხომ არ ხართ ჩემსავით, ერთმანეთი რომ გავამხნეოთ?”…ასეთ პოსტებს ხშირად აქვს მაღალი გამოხმაურება, რაც იმას ნიშნავს, რომ თქვენც შეგიძლიათ თანამოაზრე იპოვოთ ამ საქმეში.

სიარულის მანერა

დიდი ყურადღება ექცევა იმას, თუ როგორ დადიხართ. სპეციალისტები გვირჩევენ, რომ ცოტა ნაბიჯს ავუჩქაროთ და ნელი ტემპით არ ვიაროთ. როცა საქმეებზე ქუჩაში გადიხართ, დროში რომც ეტეოდეთ, ეცადეთ, ისე იაროთ, თითქოს საქმიან შეხვედრაზე გაგვიანდებათ. ეს, რა თქმა უნდა, შუა ქუჩაში სირბილს არ გულისხმობს, უბრალოდ ჩქარი ნაბიჯით იარეთ. ამასთან ერთად, თუ ნაბიჯების დამთვლელ ჭკვიან ტექნოლოგიასაც გამოიყენებთ, მთლად უკეთესი იქნება. ამ ტექნოლოგიებს თუ დავუჯერებთ, დღეში დაახლოებით 6000 ნაბიჯია რეკომენდებული, ანუ ფეხით სიარული ცხოვრების განრიგში აუცილებლად უნდა ჩასვათ.

ეკრანთან გატარებული დროის შემცირება

კვლევებით დადგინდა, რომ ადამიანები, რომლებიც ეკრანს არიან მიჯაჭვულები, უფრო ნაკლებად პოულობენ თავიანთ თავში ვარჯიშის მოტივაციასა და ენერგიასაც. ამიტომ პირველი, რაც უნდა გააკეთოთ, ეკრანთან გატარებული დროის შემცირებაა. გამორთეთ ტელევიზორი, სმარტფონი და კომპიუტერი მაშინ, როდესაც აუცილებელი საქმე არ გაქვთ და უქმე საათები ვარჯიშისთვის ან უბრალოდ ფეხით სეირნობისთვის გამოიყენეთ. ეკრანზე დამოკიდებულება იძულებულს გვხდის, მჯდომარე პოზიციაში ვიყოთ, რაც თავისთავად უარყოფითად აისახება ჩვენზე და ჯანსაღი ცხოვრების უნარების გამომუშავებაში ხელს გვიშლის.

იპოვეთ სავარჯიშო, რომელიც მოგწონთ

თუ თქვენ მუდმივად აკეთებთ ვარჯიშებს, რომლებიც არ მოგწონთ და ისინი გიტოვებენ ფიზიკურად და ემოციურად დაღლილობის შეგრძნებას, ეს დიდხანს ვერ გაგრძელდება. უმჯობესია იპოვოთ სავარჯიშოები, რომლებიც თქვენთვის მეტად სახალისოა და თავს კარგად გაგრძნობინებთ. მით უმეტეს, თუ დამწყები ხართ, არ უნდა დაიტვირთოთ თავი მაღალი ინტენსივობის მქონე სავარჯიშოებით. დაიწყეთ რაიმე მარტივითა და სახალისოთი, გამოიმუშავეთ ვარჯიშის ჩვევა, შეიყვარეთ ის და აქციეთ ცხოვრების წესად, შემდეგ კი შესაძლოა, უფრო მეტი დატვირთვით ვარჯიშის მოთხოვნილებაც ბუნებრივად გაგიჩნდეთ. ამის მაგალითები საკმაოდ ბევრია და ეს პრაქტიკა კარგად მუშაობს.

იყავით მომთმენი

იმისთვის, რომ ვარჯიში ცხოვრების წესად აქციოთ და არა რუტინად, იყავით მომთმენი. უმეტესობა შეცდომას სწორედ მაშინ უშვებს, როდესაც შედეგს ძალიან მალე ელოდება და შემდეგ ფარხმალს ყრის. არა უშავს, თუ თავიდან ყველაფერი ისე არ გამოგდით, როგორც გსურთ. საკუთარ თავს ნუ დასტრესავთ ამის გამო. გახსოვდეთ, რომ არაფერი კარგი არ მიიღწევა მარტივად, ყველაფერს ბრძოლა და უნარების გამომუშავება სჭირდება. ისწავლეთ ამ პროცესის შეყვარება და თავადვე დარჩებით სასიამოვნოდ გაოცებული, როცა შედეგს მიაღწევთ.

სწორედ პატარ-პატარა ნაბიჯებით მიაღწევთ სასურველ შედეგს და ვარჯიშს თქვენი ცხოვრების სტილად გადააქცევთ. ამ წესს ისე მიეჩვევით, რომ მაშინაც კი ივარჯიშებთ, როცა შვებულებაში ხართ ან როცა ცუდ ხასიათზე. ცხოვრების ჯანსაღი წესი, ცალკეულად, არც კვებით გამოიხატება და არც ვარჯიშით. ეს არის ბალანსისა და ზომიერების პოვნა საქმეებს, პირად ცხოვრებასა და ჯანსაღ წესს შორის. ეს არ იქნება რუტინა, ეს უბრალოდ ჩვეულებრივი მოთხოვნილება იქნება, როგორც წყლის მიღება დღის განმავლობაში. არაერთ ადამიანს უთქვამს, რომ როდესაც რაღაც პერიოდი ვერ ახერხებდა სპორტდარბაზში სიარულს, სახლში აგრძელებდა ვარჯიშს და იყენებდა სკამს, რგოლს, ყველაფერს, რაც შინ მოეპოვებოდა. ამას ადაპტაციას ეძახიან და იმის მაგივრად, რომ ვარჯიში მომაბეზრებელი და დამღლელი იყოს, პირიქით, მხნეობისა და ენერგიის წყაროდ გადაიქცევა.

რუბრიკა #ჯანმრთელობის წარმდგენია ჯანმრთელობის ციფრული პლატფორმა Ekimo.

ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი

Levi’s ახალ ჩანთებს უშვებს, რომელთა გადამუშავებაც სახლში შეიძლება

ლიბერთისა და ლაბორატორია „მეგალაბის“ ჯანმრთელობის ხელმისაწვდომობის ერთობლივი პროგრამა დაიწყო