in

ვარჯიშის სახეობები და მათი მნიშვნელობა

როდესაც ვარჯიშზე ვფიქრობთ, შეიძლება წარმოვიდგინოთ დაძაბული მოქმედებები, როგორიცაა: სირბილი ან ველოსიპედით სეირნობა – ის, რაც სუნთქვას გვიძნელებს, ორგანიზმს ახურებს და ა.შ. მაგრამ აერობული აქტივობა ვარჯიშის მხოლოდ ერთი სახეობაა და მიუხედავად იმისა, რომ ის მნიშვნელოვანია ფიზიკური დატვირთვის გასაზრდელად, სინამდვილეში არსებობს ვარჯიშის სამი სხვა სახეობაც: ძალისმიერი ვარჯიში, წონასწორობის ვარჯიში და მოქნილობის ვარჯიში. აღსანიშნავია ისიც, რომ ოთხივე ტიპის ვარჯიშები მნიშვნელოვანია თქვენი სხეულის კეთილდღეობისთვის.

ძალისმიერი ვარჯიში კუნთებს ამყარებს, რაც, თავის მხრივ, ხელს უწყობს სახსრების დაცვას – ეს კი, თავის მხრივ, ხელს უწყობს აერობული ვარჯიშის დროს დაზიანების თავიდან აცილებას. ამასობაში, წონასწორობის ვარჯიშები კოორდინირებულად იყენებენ კუნთების ძალას თქვენი მოძრაობების სტაბილიზაციისთვის და ამცირებენ ისეთი ტრავმის რისკს, როგორიცაა ტერფის დაჭიმვა.

ამასთანავე, შეიძლება აერობულად კარგად იყოთ, მაგრამ არ იყოთ მოქნილი. მოქნილობა გეხმარებათ ძალისმიერი ვარჯიშში, რადგან ის აუმჯობესებს თქვენი მოძრაობის დიაპაზონს სახსრების გარშემო.

მოდით, განვიხილოთ თითოეული მათგანი:

აერობული ვარჯიშები

აერობული ვარჯიშები, როგორიცაა: სირბილი, ცურვა ან ცეკვა, არის ისეთი დატვირთვის სახეები, რომლებიც მოქმედებს თქვენს გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე – ისინი აძლიერებენ თქვენს გულისცემას. ამ ტიპის ვარჯიშებს შეუძლია შეამციროს გულსისხლძარღვთა დაავადებების, მე -2 ტიპის დიაბეტის, მაღალი წნევის და შესაძლოა კიბოს რისკიც კი.

ძალისმიერი ვარჯიშები

ძალისმიერი ვარჯიშები, როგორიცაა: წონის აწევა და დაჭიმვა, კუნთებს ამუშავებს წინააღმდეგობის გამოყენებით (მაგალითად, ჰანტელი ან საკუთარი სხეულის წონა.) ამ ტიპის ვარჯიში ზრდის მჭლე კუნთის მასას, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია წონის დაკლებისთვის, რადგან მჭლე კუნთი უფრო მეტ კალორიას წვავს, ვიდრე სხვა ტიპის ქსოვილი.

წონასწორობის ვარჯიშები

წონასწორობის ვარჯიშები აუმჯობესებს თქვენი სხეულის მდგომარეობის კონტროლისა და სტაბილიზაციის უნარს. ამ ტიპის ვარჯიში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია უფროსებისთვის, რადგან წონასწორობა ასაკთან ერთად უარესდება. მაგრამ წონასწორობის ვარჯიშები შეიძლება სასარგებლო იყოს ყველასთვის, მათთვის, ვისაც დიდი წონის დაკლება სჭირდება, ვინც ორსულადაა და ა.შ

მოქნილობის ვარჯიშები

მოქნილობის ვარჯიშები ჭიმავს თქვენს კუნთებს და აუმჯობესებს თქვენი სახსრების მოძრაობის დიაპაზონს. მათ შეუძლიათ გააუმჯობესონ თქვენი მოქნილობა და შეამცირონ ტრავმის რისკი სპორტული დატვირთვისა და სხვა საქმიანობის დროს.

იდეალურ შემთხვევაში, თქვენი ვარჯიშის გეგმაში უნდა შეიტანოთ ოთხივე ტიპის ვარჯიში. თქვენ შეგიძლიათ დააკავშიროთ რამდენიმე სავარჯიშო, როგორიცაა ძალის და წონასწორობის ვარჯიში. ასევე, ზოგი ვარჯიში, მაგალითად, იოგა, მოიცავს ძალას, მოქნილობასა და ბალანსის ვარჯიშებს.

რუბრიკას ჯანსაღი ცხოვრების წესზე წარმოგიდგენთ ფარმადეპო.

ავტორი: თინათინ უგრეხელიძე

„ექსპოჯორჯია“ განათლების მე-11 საერთაშორისო გამოფენას ონლაინ მასპინძლობს

რა არის ინვესტიცია? – ამბავი კაპიტალის დაბანდებისა და მისი ზრდის შესაძლებლობებზე