დიდი ამბებია მოზაიკაში — კუკუშას შემდეგ, გუნდს ერეკლე მხეიძე, ბუბა რადიანი და ბრუსლი (ნინო ლაზარაშვილი) შეუერთდნენ. როგორც სააგენტოში აღნიშნავენ, ახალი ხედვით ახალი მიზნებისკენ მათთან ერთად მიდიან და ფიქრობენ, რომ მოძრაობის სწორ ტრაექტორიას მიჰყვებიან.
მოდი, პირდაპირ კუკუშასგან, ერეკლესგან, ბუბასგან და ბრუსლისგან მოვისმინოთ მოზაიკას ტრანსფორმაციული მოგზაურობის შესახებ.
ნიკუშა (კუკუშა) მოწონელიძე — Creative Chairman
ჩემი მოზაიკაში მოსვლის მიზეზი მნიშვნელოვნად დაკავშირებულია კომპანიისთვის ახალი ხედვის ჩამოყალიბებასთან. მსურს, მოზაიკას ფოკუსი ფართო მასშტაბში ავიდეს და საბოლოოდ მრავალფუნქციურ კრეატიულ სააგენტოდ იქცეს, რომელსაც საკუთარი ვიდეო ფროდაქშენიც ექნება.
პირველ ეტაპზე შევისწავლე თიმის პერფორმანსი, გავაანალიზე გამოწვევები და აღმოვაჩინე გეფები, რამაც გუნდის შემადგენლობაში ცვლილებები განაპირობა. ვფიქრობ, ამ ფორმაციის გუნდს შეუძლია, ჯერ ლოკალურ ბაზარზე, შემდეგ კი საზღვრებს გარეთაც გახდეს წამყვანი კრეატიული სააგენტო, რომელიც მუდმივად ხარისხიან კრეატიულ პროდუქტს ქმნის. ასეთი პროდუქტის მიღებას სჭირდება შრომა, შრომას სჭირდება დისციპლინა და თიმის მუდმივად ტონუსში ყოფნა. ეს გეზი აღებული გვაქვს, გეფები ერეკლეს, ბუბას და ბრუსლის გადმოსვლით შეივსო. ვფიქრობ, ახლა უკვე ყველაფერი გვაქვს დასახული მიზნების მისაღწევად.
ერეკლე მხეიძე — კრეატიული დირექტორი
მოზაიკაში უკვე მეორედ მოვედი, ჩემთვის ნაცნობი გარემოა და მიხარია, ახალი გეგმების მონაწილე რომ გავხდი. კუკუშასთან და ბრუსლისთან ერთად წლები ვმუშაობდი ABK-ში, ბუბასთან ერთადაც უამრავ საინტერესო პროექტზე მიმუშავია. გუნდის წევრებიდან ბევრი ჩემი ძველი მეგობარია, ბევრიც ახალი. ეს გარემო დამატებით მოტივაციას მაძლევს, ვაკეთო ჩემი საქმე და მაქსიმალური სიამოვნება მივიღო ამ პროცესით. გუნდში ბევრი საინტერესო ადამიანია, ძველი თანამშრომლებისა და ახლების შეერთებით კი საქართველოში ერთ-ერთი უძლიერესი კრეატიული თიმი ყალიბდება. მჯერა, მოზაიკა თავის სიტყვას იტყვის ბაზარზე და ამას თავისი უნიკალური, ავთენტური სტილით გააკეთებს.
ბუბა რადიანი — არტ დირექტორი
ვიზუალურ და ვერბალურ ბრენდინგზე მრავალწლიანი მუშაობის შემდეგ გადავწყვიტე, რომ ახალი გამოწვევების დრო დადგა. სწორედ ამ ახალი გამოწვევებისთვის მოვედი მოზაიკაში, სადაც ივენთების ართ დაირექშენის მიმართულებაც ჩავიბარე. ეს ჩემთვის განვითარების ახალი შესაძლებლობაა.
ვფიქრობ, რომ ეს პროცესი საკმაოდ მრავალფეროვანი და საინტერესო იქნება, რადგან გუნდში ჩემი ბევრი ახლო მეგობარია, რომლებთან ერთადაც ბევრი საინტერესო და გამორჩეული პროექტი მაქვს შექმნილი. ეს კიდევ ერთი დამატებითი სტიმული იყო თამამად მიმეღო გადაწყვეტილება და მოზაიკას გუნდს შევერთებოდი. დარწმუნებული ვარ, ერთიანი ძალით გამორჩეულ და დასამახსოვრებელ პროექტებს შევქმნით, როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ბაზრისთვის.
ნინო ლაზარაშვილი (Bruce Lee) — არტ დირექტორი
5 წლის განმავლობაში ფრილანსერი ვიყავი, შემდეგ კი ჩავთვალე, დრო იყო გუნდთან ერთად განმეახლებინა მუშაობა. მოზაიკაში ჩემთვის საინტერესო გუნდის კომბინაცია შეიკრა და, ვფიქრობ, ერთმანეთისგან ბევრ ახალ რამეს ვისწავლით. მომწონს, რომ დაბალანსებული სამუშაო გარემოა და წყნარად შემიძლია ახალ მიმართულებებზე კონცენტრირება.
ზოგადად, ვიზუალური კომუნიკაცია ყველა მხრივ ძალიან მაინტერესებს და ბევრი მიმართულება ვცადე ჩემი კარიერის განმავლობაში, მათ შორის UX/UI. ახლა ვფიქრობ, დროა, ვიდეო ფროდაქშენში გავაძლიერო სქილები. კუკუშასთან ერთად მოზაიკაში მუშაობა სწორედ ის არის, რაც ამის შესაძლებლობას მომცემს.
[R]