in

ვარსკვლავური ჟურნალი HELLO! უკვე საქართველოშია

ნინო იოსელიანი
ნინო იოსელიანი

ჟურნალი HELLO! ვარსკვლავური ცხოვრების, მოდის, სილამაზისა და თავის მოვლის სფეროში ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი გამოცემაა. ჟურნალი 90 ქვეყანაში გამოიცემა და მათ რიცხვს, ცოტა ხნის წინ, საქართველოც შეემატა. HELLO!-ს შეძენა მთელ საქართველოში, პრესის გავრცელების ნებისმიერ ჯიხურში 4 ლარადაა შესაძლებელი. რა სიახლეს შემოიტანს ჟურნალი ქართულ ბაზარზე და რით არის გამორჩეული სხვა გამოცემებისგან, ამის შესახებ მარკეტერთან ჟურნალ HELLO!-ს მთავარმა რედაქტორმა, ნინო იოსელიანმა ისაუბრა.

M: რას წარმოადგენს ჟურნალი HELLO! და რატომ შემოვიდა საქართველოში?

ჟურნალ HELLO!-ს მრავალწლიანი და ძალიან საინტერესო ისტორია აქვს. ის ჯერ კიდევ 1944 წელს გამოჩნდა ესპანეთში. ამჟამად კი, 20 მილიონზე მეტ ერთგულ მკითხველს ითვლის. ბრენდი 90 ქვეყანაში, 30 ინტერნაციონალური გამოცემითა და 8 ვებგვერდითაა წარმოდგენილი. მათ რიცხვს, საბედნიეროდ, საქართველოც შეემატა. ეს ჩვენი ქვეყნისათვის საკმაოდ მნიშვნელოვანი და გლობალური ნაბიჯია, – ქართული კულტურის, ტურიზმის, მოდისა თუ სამზარეულოს პოპულარიზაციისათვის ჟურნალი საუკეთესო საშუალება გახდება. ზოგადად, მალე დარწმუნდებით, რომ HELLO! იმაზე გაცილებით მნიშვნელოვანი იდეებისა და გავლენის მატარებელია, ვიდრე წარმოგიდგენიათ.

hello

M: როგორ ფიქრობთ, რით არის გამორჩეული HELLO! მსგავსი კონტენტის სხვა ჟურნალებისგან და რამდენად არსებობს ასეთი ჟურნალის საჭიროება ჩვენს ქვეყანაში?

ერთი შეხედვით, შესაძლოა, HELLO! სხვა ჟურნალებს მიამსგავსოთ, მაგრამ როდესაც შინაარსს გაეცნობით და ფოტომასალასა და რუბრიკებს გადახედავთ, აზრს აუცილებლად შეიცვლით. პირველ რიგში, აღსანიშნავია, რომ იმ ვრცელ სტატიებსა და ინტერვიუებს, რომლებსაც ჩვენს ჟურნალში წაიკითხავთ, ინტერნეტ სივრცეში ვერსად იპოვით იმიტომ, რომ HELLO!-ს სათაო ოფისი ექსკლუზიურ მასალებს გვიგზავნის, ასეთივე ექსკლუზიურ ფოტოებთან ერთად. ეს ის ჟურნალია, რომელსაც ქორწილის გაშუქება ანჯელინა ჯოლიმ და ბრედ პიტმა ანდეს. HELLO! სამეფო ოჯახების საყვარელ გამოცემად ითვლება და ამით ბევრი რამ არის ნათქვამი. გარდა ამისა, Lifestyle-ის განყოფილება საინტერესო და აუცილებელიც კია მათთვის, ვისაც თავის სწორად მოვლა, მოდის ტენდენციების სრულყოფილად გაცნობა და პრაქტიკული რეკომენდაციების მიღება სურთ.

ჟურნალი კიდევ ერთი მიზეზითაა გამორჩეული. ის თავის თავში ორ გამოცემას აერთიანებს: პირველი ნაწილი მთლიანად ვარსკვლავებსა და მსოფლიო მოვლენებს ეხება, მეორე კი, მოდას, თავის მოვლასა და ცხოვრების სტილს. ორი სრულყოფილი, დამოუკიდებელი ჟურნალისაგან ერთი ჰიბრიდის შექმნა პირველი პრეცედენტია HELLO!-ს ისტორიაში და სწორედ ქართველ მკითხველს ერგო პატივი, ამგვარი გამოცემა ყოველთვიურად იკითხოს. საჭიროებას რაც შეეხება, ზუსტად ასეთი ჟურნალების სიმრავლეა საჭირო იმისათვის, რომ ადამიანებმა სანდო და საინტერესო ინფორმაცია მიიღონ და ჰქონდეთ საშუალება, არჩევანი კარგსა და ცუდს, ხარისხიანსა და უხარისხოს შორის გააკეთონ.

hello

M: ვის თვლით ჟურნალის კონკურენტებად?

ამ ეტაპზე, კონკურენტად არც ერთ ჟურნალს არ ვთვლით იმიტომ, რომ იმას, რაც HELLO!-ში იბეჭდება, სხვაგან ვერსად წაიკითხავთ.

M: არსებობს მოსაზრება, რომ ბეჭდური მედიის პოპულარობა დღითიდღე იკლებს. ამის გათვალისწინებით, რატომ გადაწყვიტეთ HELLO!-ის გამოცემა?

ზოგადად, ნებისმიერ სფეროში იკარგება და ქრება ის, რაც არ ვარგა, რაც დრომოჭმული და უხარისხოა. მაგრამ როდესაც მომხმარებელს კარგ, დახვეწილ, ხარისხიან, თანამედროვე, საინტერესო და მრავალფეროვან პროდუქტს სთავაზობ, ის არასოდეს რჩება გულგრილი. ამიტომ, დარწმუნებულები ვართ, HELLO! მკითხველების იმედებს გაამართლებს და მათ საყვარელ პერიოდულ გამოცემად იქცევა.

hello

M: რა ტირაჟით გამოდის ჟურნალი და რა რაოდენობამდე აპირებთ ასვლას?

პირველი ნომერი 10 000-იანი ტირაჟით გამოიცა. ვაპირებთ, წლის ბოლომდე ეს რიცხვი 100 000-მდე გავზარდოთ.

M: რას ნიშნავს ეს ბრენდი საქართველოსთვის და რა სიკეთის მომტანი იქნება ის?

ჩვენი მასალები, რომლებიც მოგზაურობას, ქართულ კერძებს, ჩვენს მოდის კვირეულებსა და კულტურის მიღწევებს შეეხება, სრულიად შესაძლებელია, სხვა ქვეყნების გამოცემებშიც აღმოჩნდეს და ამა თუ იმ ეროვნების ადამიანი საქართველოთი დააინტერესოს. სულ მალე ვგეგმავთ სომხეთისა და აზერბაიჯანის ბაზარზე გასვლასაც. იქ ქართული HELLO! რუსულ ენაზე დაიბეჭდება და ადგილობრივი მასალებით შეივსება, რაც თავისთავად მნიშვნელოვანია ჩვენი სამეზობლო ურთიერთობებისათვის.

აღსანიშნავია, რომ ჩვენს ფურცლებზე უკვე გამოჩნდა საზღვარგარეთ არსებული ბრენდებისა და მომსახურებების რეკლამები, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენი აუდიტორია იმაზე ფართოა, ვიდრე წარმოგიდგენიათ. მოკლედ, HELLO! არ არის მხოლოდ ადგილობრივი გამოცემა. მას გაცილებით უფრო დიდი და საერთაშორისო მნიშვნელობა აქვს.

hello

10 სექტემბერს თბილისი ყველაზე მასშტაბურ ბიზნეს დღესასწაულს – Spotlight 2016-ს უმასპინძლებს!

Songkick Concerts by Songkick