in

ქართული ვაშლის ჩიფსი „ენკენი“ – კვების ტექნოლოგი სტუდენტების სტარტაპი

Startauperi
Startauperi

2 წლის წინ, აგრარული უნივერსიტეტის კვების ტექნოლოგიისა და ბიზნესის მიმართულების სამმა სტუდენტმა, ვაშლის შრობის მიმართულებით დაიწყო მუშაობა. ამ დროის განმავლობაში, სხვადასხვა მცირე საგრანტო კონკურსში გამარჯვების გზით, სტუდენტების იდეა და ტექნოლოგია დაიხვეწა, დაახლოებით, ერთი წლის წინ კი, ვაშლის ჩიფსმა „სტარტაპ საქართველოს“ 100 000 ლარის ოდენობის გრანტი მოიპოვა. დღეისათვის, თამარ შეითნიშვილს, ნონა ნონიაშვილსა და შალვა მდინარაშვილს აქვთ საწარმო გორის რაიონ სოფელ დიცში, სადაც, ამ ეტაპზე, აიდარიდის ჯიშის ვაშლს, შრობის ტექნოლოგიის გამოყენებით, ჩიფსად გარდაქმნიან.


სტარტაპერებმა პროდუქტის შეფუთვასა და ბრენდინგზე თვითონ იზრუნეს, დღეისათვის კი, „ენკენის“ სახელწოდების ქართული ვაშლის ჩიფსი ხელმისაწვდომია თბილისში, რამდენიმე მაღაზიასა და სპორტდარბაზში. რა გზა განვლო სტუდენტების იდეამ ბიზნესამდე, სად არის ხელმისაწვდომი ახალი ქართული პროდუქტი და რა მიმართულებით განვითარების საშუალებას აძლევს მას ქართული ბაზარი – ამ საკითხებზე მარკეტერი „ენკენის“ ერთ-ერთ შემქმნელს – თამარ შეითნიშვილს ესაუბრა:


M: როგორ გაჩნდა ვაშლის ჩიფსის წარმოების იდეა და რა მნიშვნელობა აქვს პროდუქტს ქართული ბაზრისთვის?
ისეთი უნივერსიტეტი გვაქვს, რომ ერთმანეთთან საქმიანი ურთიერთობა სულ გვიწევდა. შრობაზე გადიოდნენ ბავშვები კურსს და ვეცადეთ, პირველ ეტაპზე უფრო პოპულარული ხილით დაგვეწყო. ზოგადად, გვინდოდა ბიზნესის კეთება ჯანსაღი მიმართულებით, თუნდაც იმიტომ, რომ სასიამოვნოა, რომ ასეთ რამეს აკეთებ და თან, ტრენდიც აქეთ მიდის. მე ბიზნესის მიმართულებით ვსწავლობდი, ჩემმა მეგობარმა კვების ტექნოლოგებმა კარგად იცოდნენ ჯანსაღი კვების საჭიროების შესახებ. ეს არის ჩვენ მიერ შემუშავებული შრობის რეჟიმები და ალბათ, სწორედ ამიტომ გავიმარჯვეთ. არის ევროპაშიც ვაშლის ჩიფსები, რომლებიც კეთდება დანამატებით ან სხვა ტექნოლოგიით და ამდენ სასარგებლო თვისებას ვერ ინარჩუნებს. ჩვენი პროდუქტი უნიკალური იმითაა, რომ არაფერს ვამატებთ, არის მხოლოდ ვაშლი, რომელიც არის გამშრალი. ტექნოლოგია არც წვავს მას, არც ცხიმი აქვს, არ კონსერვანტები, უბრალოდ შრება და ინარჩუნებს ხრაშუნა ტექსტურას, ამიტომაც ჰქვია ვაშლის ჩიფსი. აქვს თითქმის ისეთივე ვიტამინების შემცველობა, როგორც ჩვეულებრივ ვაშლს. მსოფლიოში არის ტენდენცია, რომ ჯანსაღ საკვებზე და სნექებზე იზრდება მოთხოვნა, ჩვენი პროდუქტი სამყაროს მოთხოვნილებებს ეწევა. 

M: როგორ უზრუნველყავით სტუდენტური იდეის ბიზნესად ქცევა? რა ეტაპები გაიარეთ ამისთვის? 
ხშირად განვიხილავდით ბიზნეს იდეებს და მათ შორის, ვაშლის ჩიფსის იდეა საკმაოდ პერსპექტიული ჩანდა, ამიტომაც, დავიწყეთ ამ მიმართულებით მუშაობა. პირველ ეტაპზე, მონაწილეობა მივიღეთ ესტონურ კონკურსში, სადაც, დაახლოებით, 120 საერთაშორისო გუნდი მონაწილეობდა სხვადასხვა უნივერსიტეტიდან, პირველ ადგილზე გავედით და მოვიგეთ 5000, შემდეგ გავიმარჯვეთ TS ფონდში, სტუდენტური ინოვაციური პროექტისთვის და მივიღეთ 10 000 ლარის ოდენობით გრანტი. ამ პერიოდში,  ვავითარებდით დანადგარებს, ჯერ ავაწყეთ პატარა, შემდეგ დიდი, ვამუშავებდით პარამეტრებს. შემდეგ, იყო სტარტაპ საქართველო, სადაც 100 000-იანი გრანტი მოვიპოვეთ, რის საფუძველზეც, გავაკეთეთ საწარმო და ნელ-ნელა, განვაგრძობთ განვითარებას.

M: როგორია კონკურენტული გარემო ქართულ ბაზარზე, ვაშლის ჩიფსების ან ჩირების მიმართულებით და რატომ შეარქვით ვაშლის ჩიფსს „ენკენი“?
ჩირები ბევრია, თუმცა, ეს ძალიან განსხვავდება. ალბათ, უნდა გასინჯო, რომ განასხვავო. პირდაპირ კონკურენტებად ვერ ჩავთვლით იმ კომპანიებს, რომლებიც საქართველოში ჩირს აწარმოებენ, რადგან ეს აბსოლუტურად განსხვავებული პროდუქტია, გემოვნური თვისებებით, წარმოების ტექნოლოგიით თუ ვიზუალით. „ენკენი“, თავისთავად, ენკენის თვესთან ასოცირდება, შემოსავლიანობასთან და ბარაქასთან.

M: ვინ არის თქვენი ძირითადი სამიზნე ჯგუფი და ამ ეტაპზე, სად არის ხელმისაწვდომი „ენკენი“?
დღეს თუ ვართ სადღაც, ხვალ უკვე სხვა ლოკაციას ვამატებთ. ამ ეტაპზე, „ენკენი“ ხელმისაწვდომია „ნიკორას“ 10 ობიექტში, საბურთალოს მასშტაბით, ძირითადად. ფიტნეს კლუბ „ოქტოპუსში“, „სტუდიო 7-ში“, „წრეში“. გამომდინარე იქიდან, რომ აღსანიშნავია პროდუქტის დაბალკალორიულობა, 100 გრამი = 200 კალორიას, რაც, საკმაოდ დაბალია ასეთი ტიპის პროდუქტისთვის და ასევე, პროდუქტის სიჯანსაღის გათვალისწინებით, ერთ-ერთი დიდი სამიზნე ჯგუფში ერთიანდებიან ადამიანები, რომლებიც ჯანსაღი ცხოვრების წესს მისდევენ. გარდა ჩამოთვლილი ლოკაციებისა, პროდუქტი ხელმისაწვდომია „კავეაში“ (თბილისი მოლში, ისთ ფოინთში და გალერია თბილისში), ასევე, რუსთაველის კინოთეატრში. ასეთ ადგილებში ჩვენი პროდუქტის გაყიდვას აქვს შემდეგი მიზანი – ჯანსაღი ჩიფსი უყიდონ მშობლებმა ბავშვებს.

M: დაგროვილ გამოცდილებაზე დაყრდნობით, როგორ ფიქრობთ, რა მიმართულებით არის თქვენი განვითარება შესაძლებელი, უახლოეს მომავალში?
ეს არის აიდარიდის ჯიშის ვაშლისგან გაკეთებული ვაშლის ჩიფსები, ახლო მომავალში, გვინდა, რომ გავაკეთოთ გოლდენიც და მწვანეც, ანუ სამი სახის ვაშლი რომ გვქონდეს. გარდა ამისა, სხვა პროდუქტებსაც ვტესტავთ და მაგალითად, ჭარხალზე გვაქვს ნამუშევარი. აქტიურად ვაწარმოებთ მოლაპარაკებას სხვადასხვა კომპანიასთან და ვფიქრობთ, უახლოეს მომავალში პროდუქციის ასორტიმენტის გაფართოებასთან და ქართულ ბაზარზე დამკვიდრებასთან ერთად, ექსპორტის მიმართულებითაც შეიძლება გადავდგათ ნაბიჯები.

„ნოკიას“ ბეჭედი – ტელეფონის კონცეფტი

„ნუ დადგები ნასვამი“ – „თელიანი ველის“ ახალი კამპანია