აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტებმა გადაწყვიტეს აწარმოონ ვაშლის ჩიფსები. სწორედ ამ იდეისთვის, მათ პირველი ადგილი მოიპოვეს კონკურსზე smart up georgia და 5000 ლარის დაფინანსება მიიღეს. მოგვიანებით “სტუდენტური ინოვაციების” პროგრამის ფარგლებში, TS ფონდის გამოცხადებულ კონკურსში- 10 000 ლარის დაფინანსდნენ. ამ თანხის დახმარებით, ისინი შეძლებენ საკუთარ იდეაზე დაფუძნებული სტარტაპის შექმნას და პირველი ქართული ვაშლისა და ჭარხლის ჩიფსების წარმოებას. პროექტის მონაწილეები მეოთხე კურსის სტუდენტები არიან.
მარკეტერი იდეის შესახებ, კვების პროდუქტების ტექნოლოგიების სტუდენტს, პროექტის ხელმძღვანელს – შალვა მძინარაშვილს ესაუბრა.
M: როგორ გაჩნდა ვაშლისა და ჭარხლის ჩიფსების წარმოების იდეა?
უკვე ორი წელია რაც ერთად ვმუშაობთ. ჩვენი შეკრების მთავარი მიზანი იყო და არის კვების პროდუქტების სფეროში ბიზნესის კეთება და ჯანსაღი საკვები პროდუქტების წარმოება. პირველი იდეა იყო ხილისა და ბოსტნეულის ჩიფსების წარმოება, რადგან დღეს, მთელ მსოფლიოში მსგავს პროდუქტებზე მოთხოვნის ზრდის ტენდენცია აღინიშნება.
M: ცნობილია რომ კარტოფილის ჩიფსები, ბევრისთვის საყვარელი პროდუქტია. როგორ ფიქრობთ, როგორ მიიღებს მომხმარებელი ვაშლისა და ჭარხლის ჩიფსებს ?
კარტოფილის ჩიფსები არ არის ჩვენი პირდაპირი კონკურენტი. ჩვენ არ ვცდილობთ მათ ჩანაცვლებას, უბრალოდ მომხმარებელს ვაძლევთ არჩევანის საშუალებას. პროდუქტის მისაღებად ვიყენებთ ტექნოლოგიას, რომელიც პროდუქტს უნარჩუნებს სასარგებლო და გემოვნურ თვისებებს. ტექნოლოგიურ პროცესში არ არის გამოყენებული არანაირი დანამატი და საბოლოო პროდუქტი არის ჯანსაღი.
M: როგორ გეგმავთ პროდუქციის მიწოდებას მომხმარებლისთვის ?
თავდაპირველად ვაპირებთ მცირე რაოდენობის პროდუქციის წარმოებას. შემდგომ კი მოთხოვნის შესაბამისად მასშტაბის გაზრდას.
M: სარეკლამო აქტივობისთვის რას გეგმავთ?
ჩვენ არ ვაპირებთ ძვირადღირებული მარკეტინგული აქტივობების განხორციელებას, რადგან პროდუქტი ქართველი მომხმარებლისთვის ახალია და ვაპირებთ მომხმარებლებთან უშუალო კონტაქტის დამყარებას (მაგ. დეგუსტაციები).
M: ვაშლის და ჭარხლის ჩიფსების საბაზრო ფასი რა იქნება?
პროდუქტი მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი იქნება, თუმცა ჯერ-ჯერობით ზუსტ ფასს არ ვაანონსებთ.
M: როგორც უკვე სტარტაპის წარმომადგენელი, რას იტყვით, რა სირთულე ხვდება ამ ქვეყნაში დამწყებ ბიზნესს?
სტარტაპის მთავარი სირთულეა მცირე რესურსით შედეგზე გასვლა. გარდა ამისა, სასურველი შედეგის მისაღწევად აუცილებელია სხვა ალტერნატივებზე უარის თქმა და აქტური მუშაობა, რათა იდეა რეალურად განხორციელდეს.
M: რას უკავშირდება თქვენი სამომავლო გეგმები?
ვაშლისა და ჭარხლის ჩიფსების გარდა სხვა პროდუქტებზეც ვმუშაობთ და ვგეგმავთ მომხმარებლისთვის უკვე ნაცნობი და საყვარელი პროდუქტების განსხვავებული და მოსახერხებელი სახით შეთავაზებას.
ასევე, ჩვენ გაქვს ურთიერთობები რამდენიმე უცხოელ კომპანიასთან. ვფიქრობთ, ჩვენი პროდუქტი კონკურენტუნარიანი იქნება უცხოეთის ბაზარზე. მას შემდეგ, რაც გავზრდით წარმოების მასშტაბს, ვგეგმავთ უცხოეთის ბაზრის ათვისებას.