in

ვასილ ხოდელი – #პირველისამსახური

ვასილ ხოდელი

პირველი სტაჟირება გაერთიანებულ ქართულ ბანკში შევიძინე, რომელსაც დღეს VTB-ის სახელით იცნობთ, თუმცა, ამბავი, რომელსაც ახლა მოგიყვებით, მის შემდეგ სამსახურს ეხება – თბილინტერბანკს. ოცი წლის ვიყავი, როდესაც გავიგე, თბილინტერბანკს ოპერატორის ვაკანსია რომ ჰქონდა გამოცხადებული. 1996 წელი იყო, ვაკანსიების განსათავსებელი ვებგვერდები არ არსებობდა და სამუშაოს შესახებ ახლობლისგან შევიტყე. გასაუბრებაზე დეპარტემენტის ხელმძღვანელი შემხვდა. მკითხა, რა გაინტერესებსო – ჩემი სპეციალობა ფინანსები და საბანკო საქმე იყო, ვუთხარი, რომ დაკრედიტება მაინტერესებდა. მითხრეს, ჯერ მომხმარებლებთან ურთიერთობა შეისწავლე, ოპერატორის ვაკანსია გვაქვს და მომდევნო ეტაპზე ვისაუბროთ დაკრედიტებაზეო.

ჩემს ფუნქციებში ბანკში მისული მომხმარებლების მომსახურება შედიოდა. მაშინ არ იყო არც ინტერნეტ ბანკი და არც მობაილ ბანკი და დავალებები ბანკისთვის ქაღალდზე ნაწერი მოჰქონდათ. მე კი, გადარიცხვებს ვაკეთებდი, შემოსავლის ორდერებს ვწერდი, კონვერტაცია და სხვა საოპერაციო სერვისები მებარა. ბევრი მექანიკური სამუშაო იყო. ზოგჯერ, უკმაყოფილო მომხმარებელთან რთული საუბარი მიწევდა, მომხმარებლისთვის ისე უნდა ამეხსნა მდგომარეობა, რომ არც თავად დარჩენილიყო უკმაყოფილო და არც ბანკის მხარე. მაშინ საბანკო გადამზადება საერთოდ არ არსებობდა, ამიტომ ამ უნარების გამომუშავება საკუთარი ძალისხმევით უნდა მოგვეხერხებინა. შემდეგ, როდესაც სხვადასხვა სცენარის გამოცდილება შევიძინე, ესეც ავითვისე.

1998 წელს, როდესაც ევრობანკმა საკრედიტო ხაზი გაუხსნა საქართველოს ბანკს, აღმოვაჩინე, რომ ვაკანსია ჰქონდათ. იქ უკვე სწორედ იმ მიმართულებით აღმოვჩნდი, რაც მაინტერესებდა – კომპანიების დაკრედიტების კუთხით. ვიყავი საკრედიტო ანალიტიკოსი, რომელიც კომპანიების დაკრედიტებას აანალიზებდა და შემდეგ, ან გამქონდა კომიტეტზე სამსჯელოდ, ან – არა. საქართველოს ბანკში თითქმის 22 წელი გავატარე. ჩემი პოზიცია ყოველ 2-3 წელიწადში იცვლებოდა. საკრედიტო ოფიცრის შემდეგ, ანალიტიკის ჯგუფს ვხელმძღვანელობდი, ვიყავი ცენტრალური ფილიალის მმართველის მოადგილე, გლდანი-ნაძალადევის ფილიალის მმართველი და შემდეგ, როცა ბანკის სათავეში ლადო გურგენიძე მოვიდა და საქართველოს ბანკის ისტორიაში ახალი ფურცელი გადაიშალა, კორპორატიული დეპარტამენტის დირექტორად დავინიშნე. 2017 წელს, დავინიშნე გენერალური დირექტორის მოადგილედ, კორპორატიულ და საინვესტიციო დარგში. 2019 წლის ბოლოდან, ლიბერთი ბანკის გენერალური დირექტორი ვარ.

ვასილ ხოდელი – ლიბერთის გენერალური დირექტორი

 

 


Photo Source: Forbes.ge

ძალიან ძალიან უცნაური ამბავი… – Nike-ის რეკლამა

ასტროფესტივალი 2020 ქუთაისში, 7 აგვისტოს გაიმართება