in

ვატიკანი AI-ს გლობალურ დებატებში ერთვება – პაპი ლეო XIV ახალ გზავნილს ამზადებს

Lenovo
Lenovo

პაპი ლეო XIV ვატიკანის ხელოვნური ინტელექტის გლობალური დებატების ცენტრში პირდაპირ ჩართვას გეგმავს დოკუმენტით “Magnifica Humanitas” („დიდებული კაცობრიობა“). დოკუმენტის გამოქვეყნება 25 მაისს იგეგმება და ის ეკლესიის ერთ-ერთ ყველაზე პირდაპირ ჩარევად მიიჩნევა სწრაფად განვითარებად AI სამყაროში, იმ დროს, როდესაც მთავრობები და ტექნოლოგიური კომპანიები ცდილობენ განსაზღვრონ, როგორ იმოქმედებს ეს ტექნოლოგია ომზე, შრომაზე, კომუნიკაციასა და ყოველდღიურ ცხოვრებაზე.

პრეზენტაციაც უჩვეულოდ თანამედროვე ფორმატში გაიმართება. პაპი ლეო მას წარადგენს კრისტოფერ ოლაჰთან, Anthropic-ის თანადამფუძნებელთან ერთად, რაც იშვიათი თანამშრომლობაა პაპსა და წამყვან AI მკვლევარს შორის. ოლაჰის არჩევანი, როგორც ჩანს, მიზანმიმართულია და აჩვენებს, რომ ვატიკანი ხელოვნურ ინტელექტს მხოლოდ ტექნოლოგიურ გამოწვევად არ აღიქვამს, ის მას მორალურ და საზოგადოებრივ საკითხადაც მიიჩნევს.

ვატიკანის განცხადებით, “Magnifica Humanitas” ყურადღებას გაამახვილებს „ადამიანის დაცვის“ საკითხზე ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და AI-ს დაუკავშირებს ეკლესიის ტრადიციულ სწავლებებს ღირსების, სამართლიანობის, შრომისა და მშვიდობის შესახებ. პაპმა ლეომ ასევე შექმნა ვატიკანის სპეციალური კვლევითი ჯგუფი, რომელიც AI-ზე მუშაობს. მისი თქმით, ეს ტექნოლოგია საზოგადოებისთვის ისეთივე გარდამტეხი მოვლენაა, როგორიც ინდუსტრიული რევოლუცია იყო.

ოლაჰის მონაწილეობა ღონისძიებას პოლიტიკურ განზომილებასაც სძენს. Anthropic ცოტა ხნის წინ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას დაუპირისპირდა მას შემდეგ, რაც კომპანიამ უარი თქვა უსაფრთხოების იმ მექანიზმების შესუსტებაზე, რომლებიც AI სისტემების ლეტალურ ავტონომიურ იარაღად ან მასობრივი მეთვალყურეობის ინსტრუმენტად გამოყენებას აფერხებს. ამ დაპირისპირების შემდეგ „პენტაგონმა” კომპანია „მიწოდების ჯაჭვის რისკად“ მოიხსენია, ხოლო მოგვიანებით OpenAI-მ თავდაცვის დეპარტამენტთან კონტრაქტი Anthropic-ის გარეშე გააფორმა.

“Magnifica Humanitas-ის” გამოქვეყნების დრო ეკლესიის შიგნითაც სიმბოლურ მნიშვნელობას ატარებს. პაპმა ლეომ დოკუმენტს ხელი ზუსტად 135 წლის შემდეგ მოაწერა, რაც პაპმა ლეო XIII-მ გამოსცა “Rerum Novarum”, ისტორიული დოკუმენტი, რომელიც XIX საუკუნის ბოლოს შრომით უფლებებსა და ინდუსტრიალიზაციას ეხებოდა. ეს პარალელი მიანიშნებს, რომ ვატიკანი ხელოვნურ ინტელექტსაც ისეთივე გარდამტეხ ძალად მიიჩნევს, თუმცა ამ „ინდუსტრიულ რევოლუციაში“ მთავარი როლი ჩატბოტებს, ალგორითმებსა და იმ მანქანებს ეკუთვნით, რომლებსაც ესეების დაწერა ადამიანზე სწრაფად შეუძლიათ.

ვატიკანმა თავისი პოზიციის ნაწილი უკვე წარმოადგინა საერთაშორისო ფორუმებზე, მათ შორის ჟენევაში გამართულ AI for Good Summit-ზე, სადაც პაპმა ლეომ განაცხადა, რომ AI-ს ეთიკური ზედამხედველობა სჭირდება, რომლის ცენტრშიც ადამიანის ღირსება იქნება. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ხელოვნურ ინტელექტს შეუძლია აზროვნების იმიტაცია, მას არ შეუძლია მორალური განსჯისა და ნამდვილი ადამიანური ურთიერთობების ჩანაცვლება.

ეს გზავნილი ვატიკანს სულ უფრო მეტად აპირისპირებს ტრამპის ადმინისტრაციასთან, რომელიც AI-ს სწრაფ განვითარებას უჭერს მხარს და უფრო მკაცრი საერთაშორისო რეგულაციების წინააღმდეგ გამოდის. პაპი ლეო კი, როგორც ჩანს, ცდილობს ეკლესია წარმოაჩინოს იმ ძალად, რომელიც ტექნოლოგიურ რბოლაში ბალანსის შემტანი იქნება  განსაკუთრებით მაშინ, როცა ამ პროცესს სამხედრო პრიორიტეტები და გეოპოლიტიკური კონკურენცია განაპირობებს.

ვატიკანისთვის “Magnifica Humanitas”, ეს არის მცდელობა, გავლენა მოახდინოს იმ პრინციპებზე, რომლებიც AI-ს განვითარებას განსაზღვრავს, სანამ მის მომავალს სრულად მთავრობები და ტექნოლოგიური ინდუსტრია გადაწყვეტენ.

როგორი იქნება 2026 წლის მუნდიალის ოფიციალური ბურთი?

ბაზისბანკის და სამედიცინო ცენტრ ინოვას პარტნიორობა – ინოვაციური რობოტული ქირურგია საქართველოში