17
Sep
2013

ვატო ქავთარაძე– Windfors

17 Sep 2013

Elit Electronics
Elit Electronics


ინფორმაციული რევოლუციის ეპოქა, სადაც რეკლამის ძველი პრინციპებით მიზნის მიღწევა ფაქტიურად შეუძლებელია. ინდუსტრია, რომელიც ძალიან ბევრ ასპექტს მოიცავს. “თუკი არ დაკმაყოფილდა ყველა, მიზანი მიღწეული არ იქნება”.  marketer–ის ინტერვიუ  Windfors–ის დამფუძნებელთან.

vato qavtaradzeგანათლება:
ვატო ქავთარაძე–Windfors-ის დამფუძნებელი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სოციოლოგიის ფაკულტეტი. „90–იანი წლები, ეს იყო დრო, როდესაც სწავლას დიდი პერსპექტივა არ ჰქონდა. როდესაც გადავწყვიტე განათლება მიმეღო „სარეკლამო სფეროში“, მოსკოვში საერთაშორისო სარეკლამო ინსტიტუტში დავიწყე სწავლა. მაგისტრატურა კი ბერლინში ერთ–ერთ ცნობილ სკოლაში ( Berlin School of Creative Leadership ) გავიარე. ეს იყო ძალიან დიდი ნახტომი ამ დარგში განათლების კუთხით“. ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.

რა იყო თქვენი პირველი სამსახური (პოზიცია) და ანაზღაურება?

რეალურად ჩემი პირველი სერიოზული სამუშაო არის – Windfors -ი. თუმცა მახსოვს ჩემი პირველი სამსახური გაზეთში იყო. მე და ჩემს მეგობრებს ფეხბურთი გვიყვარდა და სპორტული განყოფილება მიგვყავდა. ვერთობოდით და თან საქმეც კეთდებოდა. უმნიშვნელო ხელფასიც გვქონდა, მაგრამ ნამდვილად არ მახსოვს რამდენი იყო.

ვინ ან რამ მოახდინა თქვენ კარიერაზე დიდი გავლენა და როგორ?

ჩემი საქმიანობის ამ გზით მოწყობა განაპირობა იმან, რომ მინდოდა ამ დარგის განვითარება ჩვენ ქვეყანაში და ისეთი რაღაცეების მიღწევა, რაც აქამდე აქ არ შეგვხვედრია. თუნდაც ის, რომ ისეთი სააგენტო შექმნილიყო, სადაც საერთაშორისო სტანდარტისა და ხარისხის პროდუქციის შექმნას შევძლებდით.

2003- წლის ბოლოს 2004–ის დასაწყისში რამდენიმე თანამოაზრესთან ერთად დავიწყეთ ეს საქმე ნაქირავებ ბინაში. ისე დავიწყეთ მუშაობა, რომ არც კლიენტი გვყავდა და არც არაფერი გვქონდა, უბრალოდ იმ ენერგიით, მუხტით, მივყევით შინაგან ძახილს და გამოჩნდა კიდევაც უკვე პირველი შეკვეთა, პირველი წარმატებული პრეზენტაცია, პირველი წარმატებული პროექტი …

მიიჩნევთ თავს წარმატებულად? რა არის წარმატება თქვენთვის და რაზეა იგი დამოკიდებული?

ჩვენს კომპანიას, არსებობის მანძილზე, ბევრი მიღწევა აქვს კრეატიულ ფესტივალებზე, პრიზები, საერთაშორისო მიმოქცევაში ჩართულობა და ხედვა, რომელიც კომპანიას აქვს, რომ საქართველო გაჩნდეს საერთაშორისო რუკაზე. თუ ამ დარგში ქვეყანა არ არის საერთაშორისო რუკაზე, ძალიან საგანგაშოა, იმიტომ რომ ეს დარგი არის მკაფიო ინდიკატორი სოციალური, ეკონომიკური და კულტურული აქტივობისა.

წარმატება დამოკიდებულია იმაზე, რომ ადამიანი უნდა აკეთებდეს იმას, რაც ყველაზე მეტად უნდა, გამოსდიოდეს ეს და ჰქონდეს შედეგი. აი ეს შედეგია წარმატების განმსაზღვრელი.

თქვენი ჰობი, გეხმარებათ თუ არა იგი საქმიანობაში?

ის, რასაც ვაკეთებ ჩემთვის ყველაფერია, ამაში მთლიანად ვარ ჩართული. ზოგს თევზაობა, ზოგს კალათბურთის თამაში, ზოგს კიდევ სხვადასხვა ჰობი აქვს. ჰობი არის ის, რისი კეთებაც გიყვარს და გსიამოვნებს, სწორედ ეს არის ჩემი საქმიანობა, ჩემი პროფესია, სამსახური, რომლითაც ვცხოვრობ და მიყვარს რასაც ვაკეთებ.

როგორ ფიქრობთ, რა არის ყველაზე დიდი მიღწევა ცხოვრებაში?

როდესაც ადამიანი აღმოაჩენ შინაგანად რა არის შენთვის საყვარელი საქმიანობა და გინდა ის აკეთო და სწორედ ამას აკეთებ– აი ეს არის ადამიანის ერთ-ერთი მიღწევა ცხოვრებაში. ადამიანები იბადებიან იმისთვის, რომ ცხოვრებაში რაღაც აკეთონ, რაღაცით დაკავდნენ. საბოლოოდ ყველაფერი იქამდე მიდის, რომ სწორედ ეს საქმიანობა განსაზღვრავს მათ ცხოვრებას, ამიტომ უნდა იპოვო ის, რაც შენია და ცხოვრებაში ყველაფერი მიღწეული იქნება.

რა არ მოგწონთ ქართულ ბიზნეს სამყაროში? რას შეცვლიდით? რა არის დღეს საქართველოში ბიზნესის პრობლემა?

საქართველოში ბოლო 20 წლის განმავლობაში მეტად არასტაბილური მდგომარეობაა. ეკონომიკა არ არის ისე განვითარებული, რომ მცირე და საშუალო ბიზნესს დაეხმაროს და ხელი შეუწყოს არსებობაში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ისევ ბიზნესის განვითარებისთვის და ეკონომიკის გასაძლიერებლად. ამ სფეროსთვის ქვეყანაში არ არსებობს დაწესებულება, სადაც ადამიანებს შეეძლებათ სწავლა და სარეკლამო სფეროს შესახებ ცოდნის მიღება. კონკრეტულად არ არსებობს სარეკლამო სფეროს შემსწავლელი დაწესებულებები. კი არის გარკვეული კურსები, რომელთაც სხვადასხვა უნივერსიტეტები გვთავაზობენ, მაგრამ ეს არის ძალიან მოკლევადიანი და არასაფუძვლიანი. ამიტომ, თუ თავიდანვე სკოლის ასაკიდანვე არ მიიღო ინფორმაცია სარეკლამო ინდუსტრიაზე, მანამდე სარეკლამო ბიზნესს საქართველოში დიდი პერსპექტივა ვერ ექნება. ქვეყანა ძალიან დიდ კრიზისშია და საღი აზრის, მიძღვნის სერიოზულ დეფიციტს განიცდის, რასაც აკეთებ, თუ ამ ქვეყნის სტანდარტებში ჩაჯექი, ჩემი გადმოსახედიდან, ვფიქრობ, რომ ჯობს საერთოდ არ გააკეთო.

თქვენი ერთ–ერთი წარმატებული / თქვენთვის საყვარელი ნამუშევარი და რატომ ის?

გამოვარჩევდი საქართველოს ბანკის ახალი წლისთვის შექმნილ სანტას პირველ ორ რეკლამას, რადგაც ის ადამიანების მეხსიერებაში დარჩა და ყოველ წელს ელოდნენ მის ახალ სერიას. ასევე თი–ბი-სი ბანკისთვის ქეისებთან დაკავშირებით გაკეთებულ პროექტს, რომელმაც საერთაშორისო ფესტივალზე დიდი წარმატება მოგვიტანა და სცენაზე ქართული დროშა ავაფრიალეთ კიდეც.

რა არის საჭირო იმისთვის, რომ ადამიანი სარეკლამო ბიზნესში მოხვდეს?

პირველ რიგში აუცილებელია ადამიანი პრობლემის გადაჭრაზე ორიენტირებული იყოს. კომპანიები იმიტომ მოდიან ჩვენთან, რომ მათ აქვთ პრობლემა გარკვეულ საკითხში, რომლის გადაწყვეტაშიც ჩვენ უნდა დავეხმაროთ. ამიტომ არსებითი მნიშვნელობა აქვს სარეკლამო ბიზნესში მოღვაწე ადამიანი იყოს შინაგანად პრობლემის გადაჭრაზე ორიენტირებული. ასევე აუცილებელია იყოს გახსნილი გონების, ინიციატორი, აქტიური, ცოცხალი, მცოდნე ადამიანი, სხვანაირად ამ საქმეში წარმატება ვერ მოვა.

რას ურჩევდით დამწყებ პროფესიონალებს, ვისაც სარეკლამო სფეროში სურს მუშაობა?

ადამიანები, რომლებიც მთელი არსებით მიძღვნილები არიან თავიანთ საქმეზე მიმაჩნია, რომ ეს არის ერთი გზა ქვეყანაში, რომ რამე გამოვიდეს. ეს პროფესია არის ძალიან რთული და ამასთანავე ძალიან საინტერესო. მან საზოგადოება უნდა გააუმჯობესოს. ბრენდების მისია საბოლოო ჯამში, რაც გათავისებული არ აქვთ, იყვნენ სასარგებლო ადამინებისთვის. მარტო პროდუქციის გაყიდვაზე კი არ უნდა იყვნენ ორიენტირებულნი, არამედ ჯერ უნდა იყვნენ სასარგებლოები და ამის ირიბი ეფექტია მეტი გაყიდვები. ბრენდები ამას რომ მიხვდებიან შეიძლება დაგვიანებული იყოს და ჩვენი ამოცანა არის სწორედ ამის შეერთება, გავხადოთ უფრო საინტერესო და გაუმჯობესებული, ეს შეიძლება კლიპში გამოიხატებოდეს, ხანდახან ინტეგრირებულ კამპანიებში, ფლაერებში და ა. შ. საბოლოოდ შენ ამ კოდს დებ ყველაფერში.

განხილვა