2008 წლის აგვისტო თითქოს სულ ახლახან იყო და, ამავდროულად, თითქოს ძალიან დიდი ხნის წინ, წინა ცხოვრებაში.
ახლა როგორც მახსენდება ის დღეები, ყველაფერი ძალიან სწრაფად და დამთრგუნველად ვითარდებოდა.
უნდა ითქვას, რომ ჩვენ იმ მომენტში ნაკლებად ვმოქმედებდით, როგორც საკომუნიკაციო სააგენტო, რომელიც რაღაც გააზრებული სტრატეგიული გეგმით ხელმძღვანელობს. უფრო, როგორც ჩვეულებრივი ადამიანები და ამ ქვეყნის მოქალაქეები, ვცდილობდით, ჩვენი ბუნებრივი რეაქცია გამოგვეხატა იმაზე, რაც ხდებოდა – დაწყებული საბრძოლო მოქმედებებში ჩართვის მცდელობით, რაღაც სპონტანური საკომუნიკაციო ელემენტების გამოქვეყნებით დამთავრებული.
მაგალითად:
* შეიძლება ახლა ინფანტილურადაც ჩანს, მაგრამ იმ მომენტში, უცბად ეს ვიდეო გავაკეთეთ:
* ან, ცოტა მოგვიანებით, ეს კამპანია, როდესაც 5 ლარიან კუპიურებზე მასობრივად ვნიშნავდით ოკუპირებულ რეგიონებს და შემდეგ ვაბრუნებდით მიმოქცევაში:
* უფრო მოგვიანებით იყო კამპანია #eyeswideshut:
* კიდევ, ეს პოსტერი:
იმ დროს, ჩვენი ინდუსტრია არ იყო ისეთი დინამიკური და ორგანიზებული, როგორც დღეს. შესაბამისად, არც კოორდინაცია არსებობდა სააგენტოებს შორის, რომ ჩვენი ხედვები ერთმანეთთან შეგვეჯერებინა და საერთო ძალისხმევით გაგვეკეთებინა რამე. სოციალური მედიაც არ იყო დღევანდელივით ყოვლისმომცველი, სადაც მოვახერხებდით კომუნიკაციის სწორად წარმართვასა და შესაბამისი მასშტაბის მობილიზაციას. ყველა მოქმედებდა ინდივიდუალურად და თავისებურად, ისე, როგორც მიიჩნევდა საჭიროდ. ასე რომ, იმ პერიოდის დანახვა საკომუნიკაციო სააგენტოს ჭრილში, თუ რას ვაკეთებდით, პროფესიული თვალსაზრისით, ცოტა რთულია.
უფრო მნიშვნელოვანია, თუ რას ვაკეთებთ დღეს, იმ მოვლენებიდან 10 წლის თავზე, იმის გათვალისწინებით, რომ ამ ხნის განმავლობაში ოკუპაცია არცერთი წამით არ შეწყვეტილა და, პირიქით, დაუსრულებელი ინციდენტებისა თუ პროვოკაციების მეშვეობით, მეტადაც ღრმავდება.
უნდა ვაღიაროთ, რომ სამწუხაროდ, ბევრს ვერაფერს. ვფიქრობ, რომ როგორც სწრაფად განვითარებად ინდუსტრიას, რომელსაც რეალობის გათვალისწინებით, მართლაც ღირშესანიშნავი მიღწევები აქვს, ბევრად მეტი შეგვიძლია.
კომუნიკაცია – ჩვენს მოქალაქეებსა და საერთაშორისო საზოგადოებასთან – იმის შესახებ, რომ ის 5 დღიანი ომი მანამდეც მიმდინარეობდა და მას მერეც გრძელდება, აუცილებელია.
ისეთი განცდაა, თითქოს მთელი ქვეყანა ვცხოვრობთ რაღაც უკიდურესად შენელებულ რეალობაში, ერთგვარ Slow Motion-ში, სადაც უწყვეტად ველით გარკვეული მოვლენებისა თუ გარემოებების ჩვენს სასარგებლოდ გადმოჯგუფებას, ამ დროს კი, არაფერი იცვლება.
სამართლიანობა მოითხოვს, აღინიშნოს, რომ ეს ბოლომდე ჩვენი ბრალი არ არის: უკანასკნელი 800 წელი ჩვენ მუდმივი ოკუპაციის, ბრძოლისა და თვითგადარჩენის რეჟიმში ვიმყოფებით, რაც შეუძლებელია, არ ისახებოდეს ჩვენს იდენტობაზე. ძალიან დაღლილები ვართ. იმ დაქანცულ მოკრივეს ვგავართ, სულის მოსათქმელად წარამარა მეტოქეს რომ ეხუტება. თან „მეტოქეებიც“ ზე-მძიმე წონის გვხვდება სულ. განსაკუთრებით, ეს უკანასკნელი. რომელსაც თან ვებრძვით და თან ვეხუტებით.

არ არის რთული იმის დანახვა, რომ დღეს ჩვენ გვყავს ერთი მკაფიოდ გამოხატული, ისტორიული, არაპროპორციულად დიდი და ვერაგი მტერი, რომლის ერთადერთი მიზანი ჩვენი დაქვემდებარებაა.
ჩვენ ამას თითქოს ვიაზრებთ, თუმცა ამავდროულად, ჩვენი ქუჩები, პლაჟები თუ მთის ფერდობები სავსეა ამავე მტრის ზურგჩანთიანი და ვითომ მოღიმარი მოქალაქეებით, რომლებსაც ვახვედრებთ მათ ენაზევე გამოკრულ აბრებს, შეთავაზებებსა და მენიუებს. ჩვენს ტრანსპორტში, კაფე-რესტორნებსა და აგერ უკვე, ტელეარხებზეც კი ხშირად ჟღერს „ამენოვანი“ მუსიკა. აქა-იქ ისეთ მოსაზრებებსაც წავაწყდებით, რომ ეს ჩვენი დიდი მტერი, შესაძლოა, კი არის მტერი, მაგრამ თან ერთმორწმუნეა (რაც, თავის მხრივ, ცალკე გარკვევის საკითხია – რამდენად არის ის ან „ერთ“, ან საერთოდ „მორწმუნე“), სინამდვილეში ჩვენთვის კარგი უნდა და ჩვენ მას, უბრალოდ, ვერ ვუგებთ. ხანდახან კი, როდესაც ეს „კეთილისმსურველი“ გაგვიბრაზდება და „თბილისზე წამოსვლით“ დაგვემუქრება ხოლმე, სხვადასხვა სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან თავპირისმტვრევა და მრავალკილომეტრიანი რიგები დგება (ეს უკანასკნელი არა მარტო იმ აგვისტოს დღეების, არამედ მგონი მთელი ჩვენი ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე სამარცხვინო ეპიზოდია).
ალბათ, პირველ რიგში, სწორედ ამ რეალობის შესაცვლელად გვჭირდება დღეს ჩვენ კომუნიკაცია და საზოგადოებრივი აზრის იმ ფასეულობებთან მიახლოება, რომელიც ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის ყველაზე სწორი და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
როგორც უკვე ვახსენე, 5 დღიანი აგვისტოს ომი არ შეწყვეტილა და დღესაც მიმდინარეობს. უბრალოდ, ის მართლაც, ამ ტერმინის არ იყოს, ჰიბრიდულია და, გარდა სახელმწიფო საზღვრებისა, პირველ რიგში, ჩვენს გულებზე, გონებასა და მოთმინებაზე გადის. იმისთვის, რომ ამ ომში ოდესმე გავიმარჯვოთ, ჩვენ გვჭირდება სპეციალური უნარების მობილიზება და გამომჟღავნება – ერთგვარი გამჭრიახობა, რაც როგორც ერს, გარკვეულწილად, გვახასიათებს კიდევაც (ხომ გვახსოვს, რომ ხშირად „ხერხი სჯობია ღონესა“) – და რაც, შესაძლოა, ერთადერთი მართებული იარაღი იყოს ამ უთანასწორო ომში.
ან, სხვა სიტყვით რომ ვთქვათ, ჩვენ გვჭირდება კრეატიულობა – ის, რასაც „კაცი მოიგონებსა“.
ეს კი უკვე პირდაპირ ჩვენ – საკომუნიკაციო ინდუსტრიაში მოღვაწე ადამიანებსა და კომპანიებს – გვიხმობს ბრძოლის ველზე გასასვლელად.













