8
Nov
2019

ქართულმა სტარტაპმა Vault Wines შვეიცარული Venture Capital-ის კონკურსი მოიგო 

8 Nov 2019

ქართულმა სტარტაპმა Vault Wines შვეიცარული Venture Capital-ის ფონდის ინკუბატორის კონკურსი მოიგო. როგორც გამარჯვებული, საკუთარ პროდუქტს, ღვინის ელექტრონული კომერციის ბიზნესს, დავოსში, წარადგენს.

„Vault Wines 1000-ზე მეტ სტარტაპს შორის შეირჩა. ასობით აპლიკანტიდან მხოლოდ თორმეტს  ეძლევა შესაძლებლობა, ინკუბაციის პროგრამაში ჩაერთოს და საკუთარი იდეები რეალურ პროდუქტად აქციოს. სწორედ მათ შორის მოხვდა ჩვენი გუნდი, რომელიც CV Labs – ის 10 კვირიან აქსელერაციის პროგრამას შეუერთდება და პროექტს დავოსის მაღალი რანგის სტუმრებს გააცნობს. CVVC ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ, ახალი თაობის Venture Capital -ის შვეიცარულ კომპანიას წარმოადგენს. CV Labs -ის ინკუბაციის კონკურსი ევროპაში სტარტაპებს ყველაზე სასურველ გრანტს სთავაზობს. გამარჯვებული სტარტაპები ფინანსდებიან 125 000 აშშ დოლარით და პროექტს ამუშავებენ 70-ზე მეტ გამოცდილ მენტორთან/ექსპერტთან. 10 კვირიანი მუშაობის შემდეგ, საუკეთესო გუნდებს შორის საუკეთესოები, მათ შორის ჩვენი სტარტაპი Vault Wines, საკუთარ პროექტს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან უმსხვილი კომპანიების და მაღალი რანგის პოლიტიკური თანამდებობის პირებს დავოსში გააცნობენ“, – ამბობენ Vault Wines-ში. 

Vault Wines მულტიპროფილური სტარტაპია, რომელიც ღვინის ელექტრონული კომერციის ბიზნესს მოიცავს. პროექტის მიზანია შეიქმნას ახალი, ბლოქჩეინზე დაფუძნებული, ღვინის წარმოების, მენეჯმენტისა და ავთენტიფიკაციის სისტემა.

„ამავდროულად, Vault Wines აკავშირებს მეღვინეობებს უშუალოდ მომხმარებელთან Vault Retail-ის საშუალებით. Vault Retail წარმოადგენს „ონლაინ“ საცალო მაღაზიას, ახალ პრემიუმ ღვინის ფრანჩიზასა და სადისტრიბუციო ქსელების ერთობლიობას როგორც ევროპაში, ისე აზიაში. ის მეღვინეობებს აძლევს საშუალებას, პროდუქცია მიჰყიდონ მომხმარებელს შუამავლის გარეშე. Vault Wines მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეღვინეობების ბაზრის ათვისებას პროგრამული უზრუნველყოფით და ექსკლუზიურად პრემიუმ და ავთენტური ღვინის სეგმენტის განვითარებას მსოფლიოს მასშტაბით. Vault Wines წარმოადგენს სტრატეგიულ პროექტს საქართველოში ღვინის მრეწველობისთვის, რადგან იგი ემსახურება უმაღლესი ხარისხის ღვინოების სადისტრიბუციო ქსელების დივერსიფიკაციას და ქვეყნის რუსულ ბაზარზე დამოკიდებულების შემცირებას“.

განხილვა