წლის შეჯამების სტატიების სერიის ფარგლებში, დღეს Vavava-ს განვლილ თვეებს შევაჯამებთ. მისი თანადამფუძნებელი, ტატა ქათამაძე გვიყვება, როგორ ჩაიარა 2022-მა კომპანიისთვის, რა სიახლეები თუ სირთულეები იყო, ან რას გეგმავენ უკვე მომავალი წლისთვის.

„ვავავასთვის შემოქმედებით-სარეკლამო სფეროში მოღვაწეობის მე-5 წელმა ჩაიარა, ახალგაზრდა სააგენტოსთვის თითოეული წლის მატებას განსაკუთრებული დატვირთვა აქვს და ყოველი გადადგმული ნაბიჯი გახარებს, მოტივაციას გმატებს. მთავარი, რაც 2022-მა მოგვიტანა, თავდაჯერებულობაა იმ საქმეში, რომელსაც დიდი პასუხისმგებლობით ვეკიდებით, დავრწმუნდით, რომ როდესაც საქმეს სიყვარულით აკეთებ, მიზნის ძებნა აღარ გჭირდება, ის თვითონ გიახლოვდება და გპოულობს.
წელსაც გავიზარდეთ, სტაბილურად ყოველ წელს თითქოს თანაბარი დინამიკით ვიზრდებით და ვვითარდებით. ისეთი შეგრძნება არ გვქონია, რომ უეცარი გარდატეხა მოხდა სააგენტოს ცხოვრებაში, თუმცა განსაკუთრებით სასიამოვნო წელი იყო იმ თვალსაზრისით, რომ მრავალფეროვანი კომპანიების საქმიანობას შევეხეთ და ბევრი საკმაოდ ახალი და აქამდე უცხო სფერო შევისწავლეთ, რაც, ვფიქრობ, მნიშვნელოვანი გამოცდილებაა ვავავასთვის.
თანაც, ვავავას სამივე დამფუძნებელი მარკეტინგიდან მოვდივართ და დღემდე ვხელმძღვანელობთ სხვადასხვა ბრენდებს სააგენტოს პარალელურად, ფაქტობრივად, კლიენტის მხარეს ვატარებთ ნახევარ ცხოვრებას, დამკვეთის და შემსრულებლის როლები მუდმივად ენაცვლება ერთმანეთს. ბევრი რამის გადაფასება ხდება ამ პროცესში, თუმცა ერთი რამ ყოველთვის უცვლელია — სწორად გავუგოთ ბრენდს, გავითავისოთ მისი შესაძლებლობები და ვკონცენტრირდეთ მის ხასიათზე.
ძალიან გვინდა, რომ 2023-ში ჩვენი სტუდია გვქონდეს, ზუსტად გვაქვს წარმოდგენილი, როგორ მოვაწყობთ და რა შესაძლებლობებს შევქმნით. ამ საკითხსაც დიდი ენთუზიაზმით მოვეკიდებით, ვფიქრობ, შემდეგი შეხვედრა იქნება ვავავას სტუდიაში“.











