20
Oct
2019

„ვა ვა ვა“ – შემოქმედებით ინდუსტრიაში კიდევ ერთი სააგენტო დაიბადა

20 Oct 2019

Startauperi
Startauperi


სამი მეგობარი ბედმა ერთ სამუშაო სივრცეში, ერთი იდეის, ანუ VAVAVA-ს გარშემო შეკრიბა: ანი ჭოღოშვილი – გრაფიკული დიზაინერი, რომელიც სხვა ბევრ საქმესთან ერთად, სააგენტოს არტ მიმართულებაზე მუშაობს, ტატა ქათამაძე – ბალერინა, რეჟისორი და მარკეტერი და გვანცა ჩლაიძე, ასევე მარკეტერი.

და შედეგად, მეგობრები ანი ვად, ტატა ვად და გვანცა ვად იქცნენ. ბრენდის ფილოსოფია კი – სამი განსხვავებული ადამიანის განსხვავებული ხედვა და შესაძლებლობები, რომელიც ერთმანეთს ჰარმონიულად ებმის და ერწყმის, ვიზუალურადაც გამოხატეს.

აი, ზუსტად ასე მოვიდა იდეა – „ვა“, ავიტაცეთ „ვავა“ და მარტივად მოვკიდეთ ხელი პირველ კამპანიას… ჩვენ ბევრი საერთო პროექტი გვაკავშირებს. ერთ-ერთზე მუშაობის დროს ვცადეთ, თავად მოგვეფიქრებინა იდეა და შესრულების სტრატეგიაც დაგვეგეგმა. შედეგმაც არ დააყოვნა. მივხვდით, რომ საკმაოდ მარტივად და ეფექტიანად შევძელით დავალების ამოხსნა. კამპანია წარმატებული აღმოჩნდა და გადავწყვიტეთ, ჩვენი შესაძლებლობები სხვა კომპანიებისთვისაც გაგვეზიარებინა, – გვანცა ვა

მნიშვნელოვანია ისიც, რომ კომპანია ისე მარტივად და მოულოდნელად შექმნეს, როგორც მისი სახელი, „ვა ვა ვა“ ჟღერს – ყოველგვარი წინაღობის გარეშე. სიმარტივე კი არა მხოლოდ სახელში, არამედ მათს საქმისადმი მიდგომაშიც გადაითარგმნა.

ჩვენი მოტოა, მარტივად გადავჭრათ პრობლემები და ასევე შევხვდეთ გამოწვევებს, ბრიფებს ვუპასუხოთ, ღირსეული კონკურენცია გავუწიოთ ჩვენს კოლეგებს და ამით კიდევ უფრო განვავითაროთ სარეკლამო ინდუსტრია. მუდმივ ძიებაში ვართ და ყველა პროექტის ბოლოს გვინდა, შეფასება „ვა ვა ვააა“ დავიმსახუროთ, – ტატა ვა

VAVAVA სრული მომსახურების სააგენტოა. „ა-დან“ „ჰოე-მდე“, სხვადასხვა სერვისს შესთავაზებს დამკვეთებს: ბრენდინგს, შეფუთვას, ვიდეო- და ფოტოკონტენტს, ასევე მარკეტინგული კამპანიების დაგეგმვასა და შესრულებას.

ჩვენ საკითხებს მარტივად ვუყურებთ და ისეთ კრეატიულ გადაწყვეტებს ვეძებთ, ზედმეტი ფილოსოფიის გარეშე, ბევრს რომ მოჰგვრის სახეზე ღიმილს. პლუს, მაქსიმალურად მოქნილი და ბიუჯეტური შეთავაზებები გვაქვს. ჩვენი გუნდის მთავარი უპირატესობა კი, კლიენტის გამოცდილებაა, რასაც კომპანიები ხშირად, ქვეცნობიერად, ასე ძალიან ითხოვენ და ელიან ხოლმე, – ანი ვა.

M: „ვავავას“ პირველ ნამუშევარზე რას გვეტყვით?
ჩვენი სიყვარულია „ჭაჭა“ და მისი შეფუთვა, რომელიც კომპანია GWS-მა დაგვიკვეთა. ძალიან ვამაყობთ და გვიხარია, რომ ამ პროექტმა გაამართლა. 

M: როგორ ხედავთ სააგენტოს ვა ვა ვა მომავალს?
ვმუშაობთ სოციალურ პროექტზე, რომელიც ბევრი ადამიანის ცნობიერებას შეცვლის და უფრო მარტივად შეახედებს სამყაროს. ეს მიმართულება ჯერ სამუშაო პროცესშია და ამაზე უახლოეს მომავალში შეგატყობინებთ. ვფიქრობთ, მალე უფრო მეტი კომპანია გაგვიცნობს და საინტერესო პროექტებზე სამუშაოდ მეტი შესაძლებლობაც მოგვეცემა.

ავტორი: თიკა გეგენავა

განხილვა