in

რთულია მოატყუო თავი – განსაკუთრებით მუსიკაში – Vazhmarr #თაობა


ქართულ მუსიკალურ სცენაზე ხშირად ვერ შეხვდებით მუსიკოსს რომლის მუსიკალური ხაზიც დინების საწინააღმდეგოდ მიდის და სრულად გადის ექსპერიმენტებზე. ვაჟა მარი ერთ-ერთი იშვიათია, რომელიც მუდმივად ცდილობს თავისი შემოქმედების ამ მხრივ გამრავალფეროვნებას. 

M: პირველ რიგში გვითხარი მოკლედ შენს შესახებ.

VAZHMARR – ანუ ვაჟა მარი. განათლებით არქიტექტორი, მაგრამ საქმიანობით მუსიკოსი, ხანდახან რეჟისორიც, მაგრამ უმთავრესად მუსიკით ვარ დაკავებული.

M: გაქვს თუ არა რაიმე მუსიკალური განათლება თუ შენც განეკუთვნები „ლეპტოპ პროდიუსერების“ თაობას? როგორ ფიქრობ არის მუსიკალური განათლება დღევანდელ სამყაროში რაიმეს გადამწყვეტი?

სამწუხაროდ არანაირი მუსიკალური განათლება არ მიმიღია, ჩემით მომიწია ბევრის გარკვევა, სწავლა ან ინტუიციით მიხვედრა. ერთის მხრივ, მგონია, მუსიკალური განათლება რომ მქონოდა, ბევრად ნაკლებ დროს დავახარჯავდი დეტალებს. მაგრამ არსებობს მეორე მხარეც, ბევრჯერ მინახავს როგორ გამოიღო აკადემიურმა სწავლებამ სულ სხვა შედეგი მუსიკოსის განვითარებაში. არის იმის შანსი რომ მუსიკოსი უფრო ჩაიკეტოს: აქცენტი მხოლოდ ტექნიკურ და თეორიულ მხარეზე გააკეთოს, შეიძინოს შტამპები და დრო ფაქტიურად სხვისი კომპოზიციების დაკვრაში ან განხილვაში გაატაროს. ვფიქრობ მუსიკალური განათლება ყოველთვის უფრო აადვილებს საქმეს, მაგრამ თვითგამოხატვისათვის ექსპერიმენტები აუცილებელია, ინტუიციით სვლას სულ სხვა, უცხო ტერიტორიებზე გაჰყავხარ და ამის გარეშე მუსიკის კეთება წარმოუდგენელია.

M: რა არის ინსპირაციის მთავარი წყარო შენი მუსიკისთვის – გარემო თუ უფრო შენივე პირადი შინაგანი მდგომარეობა

რაღათქმაუნდა ორივე. ეს ორი მუდმივ ურთიერთქმედებაშია.

M: გარდა შენივე სოლო პროექტისა აქტიური ხარ My & My Monkey-ს ფარგლებში, სადაც განსხვავებულ მუსიკას ქმნით. რამდენად გაქვს დრო რომ ორივე მხრივ აქტიური იყო?

სიმართლე გითხრა MAMM -ის ფარგლებში დიდი ხანია არაფერი შეგვიქმნია, პროექტი ალბათ სულ იარსებებს, მაგრამ უფრო იშვიათი პერიოდიკით. ეს ჯერ-ჯერობით ყველაზე პროდუქტიული დრო იყო ჩემთვის, ასეთი პროცესი სულ ფორმაში გამყოფებს. ახლა ვფიქრობ რომ ეს ძალიან საჭირო გამოცდილება იყო, თუმცა თავის დროზე არც მიფიქრია, იმდენად ბუნებრივად მიდიოდა პროცესი. ახლა სულ სხვა მუსიკალური გამოწვევების წინაშე ვდგავართ, მეც და პროექტის მეორე წევრიც.

M: რაც შეეხება კოლაბორაციებს. ქართულ მუსიკალურ სივრცეში ვისთან განიხილავ კოლაბორაციის შესაძლებლობას? რამდენად უწყობს მსგავსი მიმართება თავად მთლიანად სცენის განვითარებას?

ძალიან ხშირად მაქვს კოლაბორაცია სხვა და სხვა მუსიკოსებთან ,ბოლოს რამოდენიმე დიდი კონცერტი ჩავატარე Ben Wheeler-თან ერთად , შემდეგ Scott McCulloch-თან ერთად – ეს უკანასკნელი რადიკალურად ექსპერიმენტალური პროექტი იყო, რომელიც თუშეთის მთებში განხორციელდა. რაც შეეხება ქართველ მუსიკოსებთან ერთად მუშაობას, ისევ და ისევ Tete Noise. ამჟამად tape-ზე ვმუშაობთ, რომელიც სავარაუდოდ ოქტომბერში გამოვა. დანარჩენ ქართველ მეგობარ პროდიუსერებთან ერთად უფრო ხშირად jam-ის რეჟიმში ვარ, საკუთარსავე ან მათ სტუდიაში: რაც მგონია ზრდას ძალიან უწყობს ხელს – ბევრ რამეს ვსწავლობ მათგან.

M: ის მუსიკალური მიმართულება რაც შენთვის ამ ეტაპზე არის აქტუალური, რამდენად შეესაბამება იმ ტრენდებს რაც ქართულ აუდიტორიისთვის ამჟამად ძირითადი ინტერესის წყაროა. ცდილობ თუ არა ამ ყველაფერს „ფეხი აუწყო?

არა მგონია ის რითიც ვინტერესდები ამ ეტაპზე აქტუალური იყოს. ასეთი მუსიკა ალბათ ვერ იქნება ტრენდული ან მასობრივი – მაგრამ მას თავისი საკმაო რაოდენობის მსმენელი ჰყავს, საქართველოშიც და მის ფარგლებს გარეთაც. ზოგადად, ვფიქრობ ხელოვნებაში კომპრომისზე წასვლა არ ღირს, შეიძლება ცუდად შემოგიბრუნდეს. მე პირადად ვერ ვაკეთებ იმას რისი გაკეთებაც არ მსიამოვნებს – რთულია მოატყუო თავი – განსაკუთრებით მუსიკაში. თუმცა, რათქმაუნდა არის პერიოდები როდესაც მოულოდნელად ძალიან პოპ-ტრეკს გამოვაცხობ ხოლმე – და ესეც ძალიან ბუნებრივად ხდება.

M: რაც შეეხება რელიზს. ხშირად არის როდესაც საქართველოში მუსიკოსები ამ განხრით ნაკლებად აქტიურობენ. შენთვის რამდენად მნიშვნელოვანია საკითხს კონცეპტუალურად მიუდგე და ერთი შეკრული ალბომი გააკეთო?

ამ მხრივ მეც საკმაოდ პასიური ვიყავი, განსაკუთრებით ბოლო დროს – როდესაც ცოცხალ შესრულებაზე ვიყავი სრულიად გადართული. ტრეკებსაც კი არსად ვაგზავნი, უბრალოდ სპონტანურად ვტვირთავ ხოლმე და მომწონს ამ პროცესის მოულოდნელობა და ერთდროული არაკომერციულობა. ასე ბევრად უფრო კომფორტულად ვგრძნობ თავს. როდესაც ალბომი კონცეპტუალურადაა შეკრული, მას განსაკუთრებიული ხიბლი აქვს – მუშაობის პროცესიც ბევრად უფრო სასიამოვნო ხდება. ამჟამად ერთი იდეა მაქვს დამუშავების პროცესში – სხვადასხვა მედიების გამოყენებას ვფიქრობ (ინტერაქტიული ვიდეო იქნება ეს თუ აპლიკაცია) მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ის კონცეპტუალურ ხაზს გაყვება.

M: დაუტოვე #თაობას ტრეკი ფლეილისტისთვის


#ბარათისამარა – Mastercard-ის კამპანია საქართველოში ნაღდი ფულის გარეშე ცხოვრების პოპულარიზაციისთვის

როგორ ვაკონტროლოთ შვილი ავტომობილის მართვისას? – Toyota-ს სასარგებლო პროგრამა მშობლებისთვის