კომპანია “ვაზისუბნის მამულმა” თავისი ღვინის პორტფელის გაფართოება უნიკალურ ტერუარზე გაშენებული ყურძნით გადაწყვიტა. გასული წლის მეორე ნახევრიდან მან ღვინის ახალი ხაზი წარადგინა და მომხმარებლებს უმაღლესი ხარისხის, კლასიკური ტექნოლოგიით დამზადებული წითელი და თეთრი მშრალი ღვინოები შესთავაზა.
“ვფიქრობ, Estate Collection დიდ წარმატებას დაიმსახურებს საქართველოსა და საერთაშორისო ბაზრებზე და ქართულ ღვინოს წარმოაჩენს მისი საუკეთესო გემოვნური თვისებებით თუ განუმეორებელი ჯიშური არომატებით”, — აღნიშნავს გია მშვიდობაძე, აღმასრულებელი დირექტორი
ვაზისუბნის მამული 2013 წლიდან ფუნქციონირებს. კომპანიამ მეღვინეობაში სწორედ 9 წლის წინ გადადგა პირველი ნაბიჯები, ქვევრის საუკეთესო ღვინის წარმოებით, რომელიც ამ დროისთვის მსოფლიოს 12 ქვეყანაში იყიდება. ღვინოები გამოირჩევა როგორც ყურძნის ჯიშური შემადგენლობის უნიკალურობით, ისე თავისი ტერუარული განუმეორებლობით.
ვაზისუბნის მამული ღვინოს საკუთარი ვენახებიდან მოწეული, უმაღლესი ხარისხის ყურძნის, ნაზად გადამუშავების შედეგად ამზადებს, რომელიც გურჯაანის რაიონში, მუკუზნის კონტროლირებადი ადგილწარმოშობის, განსაკუთრებული ნიადაგის პროფილის მქონე, 35 ჰექტარის სიდიდის ტერიტორიაზეა გაშენებული.
[R]