in

ვეფხისტყაოსანი ახალი ილუსტრაციებით — შოთა საგანელიძის კალიგრაფიული პროექტი


კალიგრაფია, რომელსაც შოთა რუსთაველის ვეფხისტყაოსანში ვხვდებით, მალე მხატვრულად, ილუსტრაციებით გაცოცხლდება… ამ ამბის ავტორი კი ხელოვანი შოთა საგანელიძეა. ნამუშევრებში ქართული დამწერლობის სამივე სისტემას, ასომთავრულს, ნუსხურსა და მხედრულს იყენებს. თითოეულ პორტრეტს ყოველთვის კალიგრაფიის მხატვრულად გამოყენებით ქმნის და ასე კოლუმბიისა თუ ჰარვარდის უნივერსიტეტებშიც მოხვდა… 

კალიგრაფიით ხალიჩებისა და ფარდაგების შექმნაზეც მუშაობს, საკმაოდ ფართოა მისი ინტერესები ხელოვნებაში, მაგრამ ჩვენი ყურადღება ამჯერად ვეფხისტყაოსანმა მიიპყრო, ამიტომაც მარკეტერი შოთა საგანელიძეს კალიგრაფიით ხატვაზე, ამერიკაში მოხვედრის ამბავსა და უშუალოდ ვეფხისტყაოსნის შესახებ ესაუბრა: 

M: შოთა, გაგვიზიარეთ, როდის დაიწყეთ კალიგრაფიით ხატვა?

ქართული ანბანი თვისობრივად არის ქართულად მეტყველებისა და აზროვნების გამოხატვის საშუალება, შესაბამისად, როგორც ყველა ქართველმა ღრმა ბავშვობიდან დავიწყე ამ ფორმების შესწავლა. რაც შეეხება კალიგრაფიას, რომელიც ლამაზად წერას ნიშნავს, მუდმივად იყო ჩემი ინტერესის საგანი ესთეტიკური ფორმების გამო. შევეცადე ახალი, ჩემეული ინტერპრეტაცია და მიდგომები აღმომეჩინა. საბოლოო ჯამში, ეს ნიშნავს სრულიად ახალი შინაარსის, დანიშნულებისა და დატვირთვის შეძენას კალიგრაფიული ხელოვნებისთვის. პირველი პერსონალური გამოფენა 2018 წელს შედგა. 

M: და როგორ გაჩნდა ნამუშევრებში სამივე დამწერლობის გამოყენების იდეა?

რაც შეეხება სამივე დამწერლობის ერთობლივ გამოყენებას და ერთიანი სახის შექმნას, პირდაპირი მნიშვნელობით, წინ უძღვის მთელი განვლილი გზა და ცხოვრება ჩვენს რეალობაში. იდეები და ცნებები, რომლებიც ღრმა ბავშვობიდან აქტიურად გვესმის და ხშირად მიუწვდომლად ჟღერს, მაგალითად ერთიანობა, თანასწორობა, ისტორიის გააზრება, წარსულის პატივისცემა და განვითარება, მათ შორის იდენტობისა და კულტურის შენარჩუნება და პროგრესი, ვფიქრობ, სამივე დამწერლობის გამოყენებით რეალობად ვაქციე ჩემს მხატვრობაში.

M: როგორ მოხვდით კოლუმბიისა და ჰარვარდის უნივერსიტეტებში?

აქ მინდა აღვნიშნო ერთი ადამიანის როლი, რომელიც ბოლო წლებში ჩემი ყველა პროექტის მენეჯერი და ხელმძღვანელია — მარიამ ტაბახმელაშვილი. მარიამმა გაუზიარა ჰარვარდის უნივერსიტეტს ჩვენი მულტიმედია გამოფენის კონცეფცია მასში შემავალი საგანმანათლებლო კომპონენტებით, რის შემდეგაც ძალიან მოკლე დროში მივიღეთ მოწვევა. სასიხარულო იყო, რომ ჰარვარდმა ამ ვიზიტის შესახებ თავად გაუზიარა ინფორმაცია კოლუმბიის უნივერსიტეტს და მათაც გამოთქვეს პროექტის მასპინძლობის სურვილი. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო ოქსფორდის, ლონდონის, კალიფორნიისა და ჰარვარდის პროფესორი სტივენ ჯონსი, რომელსაც დიდი როლი აქვს ჩვენი პროექტის მიწვევასა და საქართველოს საერთაშორისო სამეცნიერო მასშტაბით პოპულარიზაციაში.

ორივე შემთხვევაში გამოფენისა და პრეზენტაციის სახით წარმოდგენილი იყო სრული პროექტი, რომელიც აერთიანებს დამწერლობის ისტორიას, კალიგრაფიული ხელოვნების განვითარებას, ისტორიული მოღვაწეების კალიგრაფიულ პორტრეტებს და მათ ინდივიდუალურ როლს საქართველოს ისტორიის შექმნაში სხვადასხვა დარგში. ესენი არიან შოთა რუსთაველი, თამარ მეფე, ილია, ექვთიმე თაყაიშვილი, ოცხელი, სოფიკო ჭიაურელი და სხვა. 

გარდა ამისა, დამსწრე საზოგადოების სტუდენტების, პროფესორების და მოწვეული სტუმრების მონაწილეობით შეიქმნა საერთო ფერწერული ტილო, სადაც დაიტანეს ქართული მწერლობის ციტატები, მათ შორის ვეფხისტყაოსნიდან, საბოლოოდ კი მასტერკლასის სახით შოთა რუსთაველის პორტრეტი შევქმენი. პირადად ჩემთვის ეს გამოცდილება იყო განსაკუთრებული, რადგანაც შედგა ღრმა ინტერკულტურული დიალოგი საერთაშორისო აუდიტორიასთან, ერთობლივად შეიქმნა მოცულობითი ფერწერული ტილო შოთა რუსთაველის გამოსახულებით, რომელმაც სამუდამოდ დაიმკვიდრა ადგილი ჰარვარდისა და კოლუმბიის უნივერსიტეტებში. ვეფხისტყაოსნის იდეა ფიქსიც ხომ ეს არის, უნივერსალურ ღირებულებებთან სხვადასხვა ხალხების, ფილოსოფიებისა და რელიგიების თანხვედრა. 

M: ახლა კი, მთავარ თემაზე გადავიდეთ — გვესაუბრეთ ახალი ილუსტრირებული ვეფხისტყაოსნის პროექტის შესახებ…

პროექტზე საუბრისას მინდა ხაზი გავუსვა რამდენიმე მნიშვნელოვან დეტალს. პირველ რიგში, რუსთაველის მწერლობის ტექნიკა და იდეები იმ დროისთვის უდიდეს რეფორმას წარმოადგენს. დღეს, იმავე ენით და დამწერლობით შესაძლებელი გახდა შეიქმნას ნამუშევრები — კალიგრაფიული პორტრეტები, რასაც ავთენტურობას დავარქმევდი.

მეორე საკითხი არის ღრმა გააზრება. იმისათვის, რომ ვეფხისტყაოსნის მხატვრული, ემოციური და იდეური სამყარო შევიცნოთ, მსურს კალიგრაფიული მხატვრობის ტექნიკით აღვადგინო თითოეული გმირის, პერსონაჟის პორტრეტი. ვფიქრობ, ვეფხისტყაოსნის გამოცემის ისტორიაში ეს იქნება ყველაზე განსხვავებული, გამორჩეული ილუსტრირებული გამოცემა. ნაწარმოების გაგება შეუძლებელია სიმბოლურ-ალეგორიული ინტერპრეტაციის გარეშე. ამიტომაც საყურადღებო ფაქტია, რომ ვეფხისტყაოსნის ნამუშევრები შეიქმნება იმ ქართველ მკვლევრებზე დაყრდნობით, რომლებმაც თავიანთი მოღვაწეობა რუსთველისეული სამყაროს შეცნობას მიუძღვნეს: ვიქტორ ნოზაძე, პავლე ინგოროყვა, ნიკო მარი, კორნელი კეკელიძე, აკაკი შანიძე, ალექსანდრე ბარამიძე, ზვიად გამსახურდია.

გამოვყოფ პროექტისთვის მნიშვნელოვან სამ თემას: სახისმეტყველება, ფერთამეტყველება და სიმბოლიზმი ვეფხისტყაოსანში.

M: ვისთან ერთად აპირებთ ვეფხისტყაოსნის პროექტის განხორციელებას?

პროექტი შედგება ორი ძირითადი სამუშაოსგან: ილუსტრაციის შექმნა, რომელიც მოიცავს საშუალოდ 20 ფერწერულ ტილოს, რაც, ვფიქრობ, მნიშვნელოვანი იქნება როგორც ქართული კალიგრაფიული ხელოვნებისა და, ზოგადად, სახვითი ხელოვნებისთვის, ისე ვეფხისტყაოსნის ექსპოზიციისთვის და მეორე, საზედაო ასოების შექმნა და სხვა ყველა წინასწარი სამუშაოს ჩატარება წიგნის ბეჭდვამდე. 

პროექტის პარტნიორია გამომცემლობა პალიტრა და ერთობლივად ვგეგმავთ საინტერესო პრეზენტაცია-გამოფენებს საქართველოსა თუ მის ფარგლებს გარეთ. ასევე, მხარში გვიდგას Silk Hospitality, რომელიც წიგნის პრეზენტაციებს მასპინძლობს. ამ ეტაპზე პროექტის დასაწყებად კომუნიკაცია მაქვს სხვადასხვა შესაძლო პარტნიორთან, სპონსორებთან, რომელთაც, ვფიქრობ, უმნიშვნელოვანესი როლი ექნებათ ამ პროცესში და ამ ერთიანობით შევქმნით პირველ კალიგრაფიულ ვეფხისტყაოსანს, რომელიც ზემოთ ჩამოთვლილი შინაარსითა და ავთენტურობით, შოთასეული ანბანით, ფერით, სიმბოლოებითა და მთავარი მნიშვნელობებით გამოირჩევა. ეროვნული მოდერნიზმის პრეზენტატორი იქნება. კალიგრაფიით ნაწერი უდიდესი აზროვნების და კალიგრაფიითვე შესრულების ვიზუალიზაციის მოდერნიზმის. 

M: დაბოლოს, გვითხარით, როდის გამოვა ახალი ილუსტრირებული ვეფხისტყაოსანი?

ვიმედოვნებ, მომავალ წელს შევძლებ დასრულებული წიგნის წარდგენას. როგორც გითხარით, ეს პროექტის დამატებით პარტნიორთან კომუნიკაციაზეა დამოკიდებული.

 

ავტორი: მაკუნა ჯუღელი


„კამპანია კამპანიის შესახებ“ — Mango რეალობას ირონიულად ასახავს

ცნობილი „ხოჭო” ახალი ეფექტით – Off-Road-ერი Beetle