ვეგანური კვების შესახებ საკმაოდ ხშირად საუბრობენ, ბევრმა ადამიანმა ხორცის მიღებაზე უარიც თქვა. ამჯერად კი არასამთავრობო ორგანიზაცია, კვლევას გვთავაზობს და ამტკიცებს, რომ ვეგანური კვება არა მარტო ადამიანებისთვის, არამედ ძაღლებისთვისაც უკეთესია.
კვლევაში 2500 ძაღლს დააკვირდნენ, დადგინდა, რომ ვეგანი ძაღლები უფრო ნაკლებ მედიკამენტებს საჭიროებდნენ და ვეტერინართან სტუმრობაც უფრო იშვიათად უწევდათ, ვიდრე იმ ძაღლებს, რომლებიც ხორცით იკვებებოდნენ.
„აქამდე გამოქვეყნებულ კვლევებს შორის, ჩვენი კვლევა ყველაზე მასშტაბურია“, — აცხადებს ენდრიუ ნაითი, ვინჩესტერის უნივერსიტეტის პროფესორი.
მიუხედავად ამისა, ვეტერინარებმა ძაღლების ვეგანურ კვებაზე გადასვლას „ნაცრისფერი ზონა“ უწოდეს და რეკომენდაციასაც მხოლოდ იმ შემთხვევაში უწევენ, თუ ძაღლის პატრონი ისეთი ჩამნაცვლებელი საკვების ყიდვას შეძლებს, რომელიც საჭირო ვიტამინებითა და მინერალებით იქნება სავსე.
„ჩვენ ამას არ გირჩევდით, თუმცა თეორიულად ძაღლის ვეგეტარიანულ კვებაზე ყოფნა შესაძლებელია“, — განმარტავს ჯასტინ შოტონი, ბრიტანეთის ვეტერინარული ასოციაციის პრეზიდენტი.
დიახ, შოტონი ვეგეტარიანულ კვებაზე საუბრობს, შესაბამისად, აქ უკვე შეიძლება ისეთი საკვების მიწოდება ძაღლისთვის, როგორიცაა, მაგალითად, კვერცხი და არა ვეგანურზე, რომლის მიმდევრებისთვისაც ყველანაირი ცხოველური საკვების მიღება აკრძალულია.
ამასთან ერთად, ორგანიზაცია ProVeg აფინანსებს კვლევას, რომლითაც ამჯერად ხორცის მოხმარების შემცირება სურთ, მანამდე კი ძაღლების ვეგანურ კომპანიაში დიდი ინვესტიციები ჩადეს. ProVeg-მა კვლევა კონკრეტული შეზღუდვებით ჩაატარა — ეს იყო ონლაინ გამოკითხვა, რომელშიც მონაწილეობის მიღება მხოლოდ დიდ ბრიტანეთში მცხოვრებ იმ პირებს შეეძლოთ, რომლებმაც ძაღლი ვეტერინართან გასულ წელს მიიყვანეს…
ისიც, მართალია, რომ ქარხნული მეურნეობები მნიშვნელოვნად აბინძურებს გარემოს, ხორცის მოხმარების შემცირება კი დადებით გავლენას მოახდენს კლიმატზე, თუმცა, კვლევის შედეგების მიუხედავად, ექსპერტები ამბობენ, რომ, შესაძლოა, ვეგანურმა კვებამ ძაღლები დააავადოს. ამერიკული კინოლოგიური კლუბი კი ამ მიდგომისგან თავის შორს დაჭერას გვირჩევს.