in

Veja – პასუხისმგებლიანი ეკო-ბრენდი, რომელმაც მომხმარებლის გულის მოგება რეკლამის ბიუჯეტის გარეშე შეძლო

თეთრი და პასტელური ფერებით შემოსილი ფეხსაცმელი, რომლის გვერდითა მხარეს V ასოს ამოიკითხავთ. დიახ, ეს არის Veja, ფეხსაცმლის ფრანგული ბრენდი, რომელმაც ბოლო წლებში განსაკუთრებით მიიპყრო საზოგადოების ყურადღება. სანამ თქვენ დილის გემრიელ ყავას შეექცევით, ჩვენ Veja-ზე მოგიყვებით.

ბრენდის ისტორია 2004 წლიდან იწყება. მისი ჩამოყალიბება სებასტიენ კოპსა და ფრანსუა-გისლენ მორილონს უკავშირდება. Veja-ს პირველი მოდელები 2005 წლიდან გამოჩნდა. ის მალევე შეამჩნიეს პარიზულმა მაღაზიებმა, დღეს კი, Veja-ს პროდუქციას 50-ზე მეტ ქვეყანაში იპოვით. ბრენდის წარმოება 2 მლნ ფეხსაცმელს აჭარბებს. მას ჰყავს მსხვილი საცალო პარტნიორები: Saks Fifth Avenue, Nordstrom, Zappos, Net-A-Porter და სხვა.

რაც უნდა უცნაურად ჟღერდეს, Veja-მ თავისი პირველი მაღაზია პარიზში 2019 წელს გახსნა, შემდეგ – აშშ-ში გადაინაცვლა და ბრენდული მაღაზია უკვე ნიუ-იორკში, ნოლიტას უბანში გამოჩნდა.

Veja-ს გულშემატკივრები თავიდანვე გამოუჩნდნენ. დასაწყისიდან მოყოლებული, V-ლოგოს ბრენდის თაყვანისმცემლებს შორის იყვნენ ქეით მიდლტონი, მეგან მარკლი, კორტნი კარდაშიანი და ემილი რატაიკოვსკი – მიუხედავად იმისა, რომ კომპანიას დაარსების დღიდან არც ერთი დოლარი არ დაუხარჯავს რეკლამაში ან ცნობილი ადამიანების საჩუქრებში. როდესაც მეგან მარკლი Veja-ს V-10-ით გამოჩნდა, ინსტაგრამერების ყურადღება ბრენდისადმი განსაკუთრებით გაიზარდა. მას შემდეგ, Veja მხოლოდ აგრძელებს პოპულარობის ზრდას, რადგან მდგრადობა სულ უფრო და უფრო ხდება ძირითადი კომპონენტი მომხმარებლებისთვის, რომლებიც ცდილობენ ბრენდებთან დაკავშირებას. და მაინც, ბრენდმა ყველაზე მეტად ეთიკური წარმოებით, გამჭვირვალობითა და სოციალური პასუხისმგებლობით დაამახსოვრა საზოგადოებას თავი.

Veja მჭიდროდ თანამშრომლობს ბრაზილიის მცირე მწარმოებლებთან კოოპერატივებთან ეთიკური ვაჭრობის პრაქტიკის გათვალისწინებით. ბრენდი ცდილობს მხარი დაუჭიროს ადგილობრივ თემებს განახლებული და მდგრადი წარმოების მასალების გამოყენებით, როგორიცაა ორგანული ბამბა და ველური რეზინი. ბრენდი ასევე აქტიურად მუშაობს მდგრადობის კუთხით. 2020 წლის ივნისში, კომპანიამ წამოიწყო „დარვინის პროექტი“ ნარჩენების მინიმიზაციისა და ციკლური ეკონომიკის მხარდასაჭერად. კომპანია აგროვებს, ასუფთავებს, აახლებს და ამუშავებს მეორად ფეხსაცმელს. ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტის გარდა, Veja-ს გამოარჩევს მისი გამჭვირვალობა. ბრენდმა გამოითვალა თავისი CO2 ემისია და აქტიურად დაიწყო მის შემცირებაზე ზრუნვა. ამ დროისათვის, Veja-ს გადაზიდვები 100%-ით სანაოსნო გზით ხორციელდება.

რუბრიკის „ყავასთან საკითხავი“ წარმდგენია Dunkin’.

რა უპირატესობები აქვს ზაფხულის საბურავებს – რჩევები „თეგეტა მოტორსისგან“

ბრუნო მარსის კონცერტზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა დაწყო!