25
Apr
2019

Veja – გადამუშავებული ნარჩენებისგან წარმოებული ბოტასები

25 Apr 2019

შეზღუდული რესურსები და დაბინძურებული გარემო ისაა, რაც დედამიწას დღესდღეობით მნიშვნელოვნად ადარდებს. ცალკეული ინდივიდები და სხვადასხვა კომპანიები კი ცდილობენ ამ პრობლემას თავიანთი ხერხებით ებრძოლონ. ერთ-ერთი ასეთი კომპანიაა Veja – სპორტული ფეხსაცმლის მწარმოებელი ბრენდი, რომელიც მათ გადამუშავებული ნარჩენებისგან აწარმოებს.

ბრენდის ისტორია ასე დაიწყო: ფრანცის მორილიონი და სებასტიან კოპი აუდიტორულ კომპანიაში მუშაობის შედეგად ტანსაცმლის ერთ-ერთი ცნობილი  ბრენდის შიდა სამზარეულოში მოხვდნენ.. ყველაფერი კარგად იყო მანამ, სანამ მათ პერსონალის საძინებელი ოთახები ნახეს. 25 კვადრატულ მეტრში 32 ადამიანს ეძინა, საპირფარეშო კი ერთადერთი იყო. რეალურად, ეს იმ ადამიანთა საძინებელი ოთახი იყო, რომლებიც ჩვენთვის და ჩვენი ახლობლებისთვის ქმნიან ტანსაცმელს. “გლობალიზაცია არასწორად წარიმართა..” – ასეთი იყო მათი დასკვნა.

ფრანცისს და სებასტიანს შემდგომში AlterEco-ში მუშაობა მოუწიათ. ფაქტორი, რომელიც ამ კომპანიას გამოარჩევს არის ის, რომ იგი სამართლიანი ბაზრის/ვაჭრობის თეორიაზეა დაფუძნებული. ეს კი გულისხმობს პროდუქტის მწარმოებლისთვის სამართლიანი ფასის შეთავაზებას. ასევე, მომხმარებელსა და მწარმოებელს შორის პატივისცემაზე, ერთმანეთის უფლებების გათვალისწინებაზე დაშენებულ კონტაქტსა და ურთიერთობას.

ორ მეგობარზე ამ კომპანიამ იმხელა გავლენა იქონია, რომ მათ გადაწყვიტეს, შეექმნათ ინოვაციური პროდუქტი, რომელიც სწორედ ამგვარ პრინციპზე იქნებოდა დაფუძნებული. მათ ამ პროდუქტად ბოტასები მიიჩნიეს. ეს გადაწყვეტილება კი უფრო იმიტომ მიიღეს, რომ ისინი თვლიან, ამ ტიპის ფეხსაცმელი თანამედროვე თაობისა და პერიოდის უპირობო სიმბოლოა. საბოლოოდ კი, ისინი კომპანიის სლოგანამდე მივიდნენ: “ერთი ფეხი დიზაინში, ერთიც – სოციალურ პასუხისმგებლობაში..” 

თუმცა, Veja დღესდღეობით ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორის გამო უფროა დასაფასებელი ბრენდი – იგი მზადდება როგორც ნატურალური პროდუქტისგან, ასევე, გადამუშავებული ნარჩენებისგანაც.

“ნებისმიერ ინდუსტრიაში პროდუქტის წარმოების გზები ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ მივხვდით, რომ თუკი ფეხსაცმელების ამგვარი გზით წარმოება გვსურდა, მთლიანად ნულიდან უნდა დაგვეწყო და უამრავ ბარიერს შევჯახებოდით. თუმცა, ეს გზა ზუსტად ისაა, როგორც  გვინდა, რომ მსოფლიო მუშაობდეს.”

დღესდღეობით, საფრანგეთში დაფუძნებული კომპანია რეგულარულად/ყოველწლიურად შეისყიდის ბრაზილიელი ხალხისგან ორგანულ ბამბასა და ველურ რეზინას. “ვეჯას” ბოტასებისთვის ორგანული ბამბა იმიტომ შეირჩა, რომ იგი ყოველგვარი პესტიციდისა და მავნე ნივთიერებების გარეშე მოჰყავთ, რაც გარემოს ჯანსაღად შენარჩუნებას უწყობს ხელს. რაც შეეხება ველურ რეზინს კი – მას მსოფლიო მასშტაბით მხოლოდ ამაზონის ტყეებში მობინადრე თემები ჰყიდიან. კომპანია სწორედ მათ უკავშირდება ყოველწლიურად. რეზინის შესყიდვა, გარკვეულწილად, იმიტომაცაა სასარგებლო, რომ ამაზონის ტყეებში იგი არ გროვდება და გარემო სუფთავდება.

“ჩვენ ძალიან დიდ დროს ვხარჯავთ ბოტასის დიზაინის მოფიქრებაში, რადგანაც გვინდა, იგი 10 წლის შემდეგაც დროსთან რელევანტური იყოს და, რაც მთავარია, 10 წლის მერეც იამაყოს მომხმარებელმა იმით, რომ მას ეს ფეხსაცმელი აცვია.”

ფეხსაცმლის შექმნაში დიდ როლს თამაშობს გადამუშავებული ნარჩენები, რომლებსაც კომპანია აქტიურად იყენებს. პლასტმასის ბოთლები, ტექსტილის ინდუსტრიიდან შემორჩენილი ბამბა, გადამუშავებული პოლიესტერი – მათ კომპანია მეორე ცხოვრებას აწყებინებს და იქმნება სხვადასხვა ქსოვილი სეზონისა და გამოყენების მიხედვით. როგორც თავად ამბობენ, საშუალოდ 3 პლასტმასის ბოთლია საჭირო იმისთვის, რომ ერთი წყვილი ბოტასი შეიქმნას.

ორგანული ნედლეულისა და ახალი ტექნოლოგიების გამოყენება, ასევე ახალი გზების მუდმივი კვლევა ვეჯას ფეხსაცმელის დამზადების ღირებულებას 5-ჯერ მეტად ზრდის. სხვა ბრენდებს ეს პროცესი ბევრად იაფი უჯდებათ. აქვე გასათვალისწინებელია რეკლამირების ფაქტორიც. თუკი სხვა კომპანიები თავიანთი ბიუჯეტის 70%-ს კამპანიებს უთმობენ, “ვეჯა” თანხის ამ ნაწილს ფეხსაცმლის ხარისხის შენარჩუნებისთვის ხარჯავს.

აღსანიშნავია ისიც, რომ 4-დან 1 წყვილი ბოტასი 100%-ით “ვეგანურია” – არ შეიცავს არანაირ ცხოველურ პროდუქტს.

ბრენდისთვის სახელი Veja-ს დარქმევაც არ ყოფილა შემთხვევითი – იგი პორტუგალიურად “ყურებას”/”შეხედვას” ნიშნავს. კომპანიის შემქმნელებმა ბრენდს ეს სახელი იმიტომ დაარქვეს, რომ, როდესაც მომხმარებლები თავიანთ ბოტასებს დახედავენ, სხვა, მათს მიღმა არსებული რეალობა დაინახონ..

მომხმარებლები ხშირად აღნიშნავენ, რომ ისინი მხოლოდ ყიდვის მერე იგებენ ხოლმე ვეჯას ბოტასების მიღმა არსებულ ისტორიას. რეალურად კი, ეს ის კომპანიაა, რომელმაც 195 ტონა ველური რეზინის შესყიდვით ამაზონის ტყის 200 000 ჰექტარი გადაარჩინა. 

2004 წლიდან დღემდე: გაყიდული 3 მილიონი წყვილი ბოტასი, გამოყენებული 265 ტონა ორგანული ბამბა და 200 ტონა ველური რეზინა, 1800 მაღაზია 40-ზე მეტ ქვეყანაში – დიახ, ეს სოციალურ პასუხისმგებლობასა და სამართლიანი ბაზრის თეორიაზე დაფუძნებული ბრენდის, Veja-ს მიღწევებია. ბრენდის, რომელიც 15 წელია, გამოყენებულ საგნებს მეორე ცხოვრებას ჩუქნის თანაც ისე, რომ შექმნილი პროდუქტით საზოგადოებისთვის სარგებელი მოაქვს..

ავტორი: თინათინ უგრეხელიძე

განხილვა