მას შემდეგ, რაც Veli. store, საყიდლების ციფრული ველი გამოჩნდა, ის სულ სიახლეებითაა დატვირთული და თითოეული ეს სიახლე მომხმარებლის გამოცდილებაზეა ორიენტირებული. ის, რომ დროს ამ გუნდისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს, თავიდანვე ვიცოდით, რადგან მისი მიწოდების სწრაფმა სერვისმა მალევე მოიპოვა სახელი, მაგრამ Veli ამას არ სჯერდება და ახლა კამპანიასაც გვთავაზობს, რომელსაც ჰქვია „დახარჯე შენი დრო შენთვის”. კამპანიის ფარგლებში არა მხოლოდ კომუნიკაცია, არამედ სპეციალური სისტემაც შეიქმნა, რომელიც მოხმარებლის მიერ დაზოგილ დროს ითვლის და მას ციფრებად აქცევს.
„დახარჯე შენი დრო შენთვის” იმ ღირებულებებს უსვამს ხაზს, რომელთაც Veli პირველი დღიდან ემსახურება, ასევე დროის, როგორც ყველაზე ძვირფასი და ამავდროულად, ყველაზე მარტივად გაფლანგვადი რესურსის წარმოჩენა. კამპანიაზე მარი სუხიშვილმა და სოფი ივანიშვილმა იმუშავეს და ჩვენ, მომხმარებლები იმაზე დაგვაფიქრეს, რამდენ დროს ვხარჯავთ საყიდლებში და რამდენ სხვა რამეზე ვამბობთ უარს იმის გამო, რომ ჩვენი დრო არასწორად განიკარგება.
Veli. store არა მარტო შოპინგისთვის განკუთვნილი პლატფორმაა, სადაც სხვადასხვა კატეგორიის პროდუქციის შეძენა შეიძლება, არამედ ეს არის ტექნოლოგიური კომპანია, რომლის უკანაც მნიშვნელოვანი ამოცანები და მათი გადაჭრის მაღალი ტექნოლოგიები არსებობს. ხშირად ვერც კი ამჩნევთ, როგორ გავიდა დრო სასურველი ნივთების შერჩევა/შეძენაში. პლატფორმა კი ითვლის იმ დროს, რომელიც თქვენ დაზოგეთ საყიდლების აქ შეძენით და მას მომხმარებლისთვის თვალსაჩინოს ხდის. გაინტერესებთ, როგორ?
„Veli-ში ყველა გადაწყვეტილება მონაცემებს ეყრდნობა. მონაცემთა ანალიტიკის გუნდმა, ექსპერიმენტის სახით, აღრიცხა თბილისში არსებული ყველა მაღაზია, გაითვალისწინა საცობები, საყიდლების შესაძენად მოსამზადებელი დრო და შექმნა ერთგვარი მექანიკა, რომლითაც მომხმარებლის მიერ მითითებული მისამართის მიხედვით ზუსტად შეგვიძლია დავთვალოთ, რა დროს ზოგავს ის ველიზე შოპინგით”, – მარიამ ცანავა, VELI.store-ს ბრენდის ხელმძღვანელი.
იმისთვის, რომ უკეთ გავერკვეთ, თუ როგორ დაითვალა Veli-მ ჩვენი დრო, ამ კითხვებით პირველწყაროს, ანუ კომპანიის მონაცემთა ანალიტიკოს, გიორგი საბაძესა და დეველოპერ, ვაჟიკო ფრანგიშვილს მივმართეთ.
გიორგი საბაძე:
Veli-ზე დროის დაზოგვა ეყრდნობა ჩვენ მიერ შექმნილ, რამდენიმენაბიჯიან მეთოდოლოგიას: მომხმარებლის მიერ არჩეული პროდუქტის მიხედვით ხდება მის მისამართთან ყველაზე ახლოს მდებარე ობიექტების ამორჩევა, რომლებშიც აღნიშნული პროდუქტის შეძენას მოახერხებდა. შემდეგ კი ალგორითმი ითვლის იმ დროს, რომელიც მყიდველს მაღაზიაში მისვლასა და პროდუქტის შეძენაში დასჭირდებოდა.
ესენი შეიძლება მოიცავდეს იმ დროს, რაც სახლიდან გასვლამდე გამზადებისათვის გჭირდებათ, ის დრო, რომელსაც ლიფტის ლოდინში ხარჯავთ ან თუნდაც ის დრო, რომელიც მაღაზიაში მოლარესთან რიგში დაგეხარჯებოდათ.
ერთი სიტყვით, შევეცადეთ, ადამიანის ქცევის ის ძირითადი პატერნები განგვესაზღვრა, რომლებიც მონაწილეობას იღებს ვაჭრობაში და დაკავშირებულა დროით ფაქტორთან.
ყველაზე მთავარი კი ამ ყველაფერში ისაა, მომხმარებლის ის დრო დავიცვათ, რომელიც მათ სიამოვნებას არ ანიჭებს და შოპინგის პროცესის თანმდევი დანახარჯია. სწორედ ამიტომ უნდა ითქვას, რომ არ ვითვლით იმ წუთებს, რომლებიც მაღაზიაში პროდუქციის შერჩევისას და თაროების თვალიერებისას იხარჯება.
M: რა მონაცემებია საჭირო კომპანიისთვის, რაც ეხმარება დროის განსაზღვრასა და მომხმარებლისთვის ამ კუთხით საუკეთესო პირობების შეთავაზებაში?
ამ ლოგიკის უნივერსალურობა სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ ის ბევრ სხვადასხვა მონაცემს არ მოითხოვს, თუმცა ამ მონაცემების სწორად დაკავშირებისა და ლოგიკური კომბინაციის შემთხვევაში, საინტერესო შედეგს გვაძლევს.
მომხმარებლისგან მხოლოდ სამი სახის ინფორმაციას ვიღებთ: რა პროდუქტებისაგან შედგება მისი კალათა, ლოკაცია თუ რა მისამართზე იწერს მას და დრო, როდესაც შეკვეთას ათავსებს.
გვაქვს მომზადებული საქართველოში არსებული ეკონომიკური აგენტების, მაღაზიების ლოკაციები, რომლებიც ველის კატეგორიების მიხედვითაა დაჯგუფებული და მიბმულია პროდუქტებზე.
ვაჟიკო ფრანგიშვილი:
წინასწარ შედგენილი ობიექტების რუკის საფუძველზე, ჯერ ვადგენთ მომხმარებელთან ყველაზე ახლო მაღაზიებს კალათაში ჩაყრილი პროდუქტების კატეგორიების მიხედვით.
ამ ობიექტებით ვქმნით ოპტიმალურ გზას, მომხმარებლის ლოკაციიდან ყველაზე ახლო ობიექტებამდე, მათ შორის და ბოლო ობიექტიდან უკან – სახლისკენ.
უფრო ზუსტი შედეგისთვის, ჩვენს შედგენილ გზის პარამეტრებს google-ის რუკის სერვისში ვაგზავნით, რათა ამ ლოკაციებს შორის მანძილი, მოძრაობის წესების გათვალისწინებით დავთვალოთ.
შემდეგ ვანგარიშობთ დროს Google traffic-ის სერვისის საშუალებით, რათა გავიგოთ, რა დრო დასჭირდება ჩვენს შედგენილ გზას საცობების გათვალისწინებით. დაანგარიშებულ, სამოძრაო დროს ვუმატებთ შესაბამის ობიექტებში შოპინგის დროებს. თითო ობიექტზე შოპინგის დროს მაღაზიის ტიპის მიხედვით განვსაზღვრავთ. ეს დროები ჩვენმა ანალიტიკოსებმა კვლევების საფუძველზე გამოთვალეს.
ბოლოს ვუმატებთ დროს, რაც სახლიდან გასასვლელად და უკან დასაბრუნებლად გჭირდება. რა თქმა უნდა, ჩვენ არ ვიცით ზუსტი დრო, რომელიც სახლიდან გასასვლელად გჭირდებათ, ეს უბრალოდ ის საშუალო ციფრია, რომელიც ჩვენმა ანალიტიკოსებმა კვლევის შედეგად გამოთვალეს.
ეს არის ძირითადი ჩონჩხი, თუ როგორ ვითვლით დროს. რა თქმა უნდა, ამ ჩონჩხის გარდა ბევრი წვრილ-წვრილი დეტალია, მაგალითად მომხმარებლისთვის ფეხით წასვლა უფრო ოპტიმალურია თუ მანქანით და სხვა, მაგრამ მთავარი სტრუქტურა ეს არის.
M: თუ შეგიძლიათ, გაგვანდოთ მიმდინარე სტატისტიკა, როგორია ის?
ჩვენ გავტესტეთ ძველი შეკვეთების მიხედვით დროის დაზოგვის მოდული და დაახლოებითი დაზოგილი დრო 30 – 50 წუთს შორის მერყეობდა. თუმცა თბილისის გარშემო მიტანილ შემთხვევებში, დრო 2 – 3 საათზეც კი ადიოდა.
ტესტირების დროს არ განგვისაზღვრავს შეკვეთის ზუსტი დროის შესაბამისი საცობი, ამიტომ ეს მონაცემი საცობთან მიმართებით არაზუსტია, თუმცა ძველი შეკვეთებიდან რამდენიმე მაინც ამოვიღეთ, იგივე დროის მონაკვეთში ახლანდელი საცობის მონაცემებზე დაყრდნობით, გავტესტეთ და დავინახეთ, რომ პიკის საათში შოპინგს საკმაოდ დიდი დრო მიაქვს.
3 საათზე შესრულებული შეკვეთით დაზოგავდით 35 წუთს, როცა თქვენი დაზოგილი დრო იმავე შეკვეთის 7 საათზე შესრულებისას – 3-ჯერ გაიზრდებოდა.
M: რა სირთულეებთან არის დაკავშირებული დეველოპერული თვალსაზრისით მსგავსი ტიპის პროექტზე მუშაობა?
ამ სერვისის ძირითადი სირთულე მის მოდულარულად აწყობაში იყო. ჩვენი მიზანი ისეთი სისტემა შექმნა იყო, რომელიც ნებისმიერი სხვა მიკრო სისტემისთვის მარტივად გამოსაყენებელი და მათთან თავსებადი იქნებოდა.
ეს მნიშვნელოვანია, რადგან მომავალში დაგეგმილი პროექტები არ შეაფერხოს და მასში ახალი იდეების ჩაშენება მარტივი იყოს. თვითონ ლოგიკა კი უბრალოდ კრეატივის ამბავია.
Veli-ში ფიქრობენ, რომ დრო – ეს არის ყველაზე ღირებული აქტივი, რომლის დაზოგვაც ადამიანის ცხოვრების ხარისხს აუმჯობესებს. შესაბამისად, იმ სისტემით, რომელსაც კომპანია გვთავაზობს, Veli. store-ს თავისი მომხმარებლების ყველაზე ღირებულ აქტივს უფრთხილდება და მათი ცხოვრების გაუმჯობესებაში ღირსეული წვლილი შეაქვს.