in

სხვადასხვა პროდუქტი ერთ სივრცეში – veli.store-ის ციფრული პლატფორმა

იშოპინგე მარტივად, სახლიდან გაუსვლელად

შოპინგი ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ყოველდღიურად მთელ მსოფლიოში უამრავი ადამიანი ყიდულობს სხვადასხვა პროდუქტს, იქნება ეს მინიმალური საჭიროების პროდუქტები თუ უფრო დიდი და მსხვილი შენაძენი, როგორებიცაა ტექნიკა, საყოფაცხოვრებო ნივთები და სხვა. ეს გამოცდილება ნებისმიერ ჩვენგანს აქვს და ალბათ დაგვეთანხმებით, რომ ზოგჯერ ეს პროცესი რუტინულად გადაიქცევა ხოლმე, რადგან ბევრ სხვადასხვა პრობლემას ვაწყდებით. 

რიგში დგომის აცილებისა და სასურველი პროდუქციის მარტივად მოძიების თვალსაზრისით, ონლაინ შოპინგი ბევრად უფრო მოსახერხებელია, ვიდრე ფიზიკურად მაღაზიებში სიარული, თუმცა გარკვეული ტიპის პრობლემებს მომხმარებელი ხშირად აქაც აწყდება: შეიძლება წააწყდეს ტექნიკურ ხარვეზს, რთული იყოს საიტზე ნავიგაცია ან ერთ სივრცეში ვერ იპოვოს მრავალფეროვანი არჩევანი. თუმცა არიან კომპანიები, რომელთაც e-commerce-ის ინდუსტრიაში დიდხნიანი გამოცდილება აქვთ და ამ პროცესების მუდმივ განვითარებასა და დახვეწისკენ ისწრაფვიან.

დღეს, ერთ ასეთ კომპანიაზე გიამბობთ, რომლის შემქმნელებმაც იფიქრეს და გადაწყვიტეს აეწყოთ ახალი e-commerce პლატფორმა veli.store, რომელიც „საყიდლებზე ონლაინ სიარულს” უფრო მეტად მოსახერხებელს გახდის და სასიამოვნო პროცესად აქცევს. ამ საკითხთან დაკავშირებით კომპანიის დამფუძნებელს, არჩილ ფირიაშვილს გავესაუბრეთ:

M: რა არის Veli.Store და როდის შეიქმნა?

veli.store ონლაინ საყიდლების პლატფორმაა, სადაც პროდუქტების დიდი ასორტიმენტის შეძენა ერთ სივრცეშია შესაძლებელი. ამ ეტაპზე, ველიზე საყიდლების შეგროვება შემდეგი კატეგორიებიდან შეგიძლიათ: ტექნიკა, წიგნები, სილამაზე & თავის მოვლა, სახლის მოწყობა, საკანცელარიო ნივთები და სახლის მოვლა. 

კომპანია 2021 წლის გაზაფხულზე, აჭარა ჯგუფის ფარგლებში შეიქმნა  და დეკემბერში ოფიციალურად შევუერთდით ელექტრონული ვაჭრობის ბაზარს. 

M: რამ განაპირობა მსგავსი პლატფორმის შექმნის იდეა?

ახალი პლატფორმის შექმნის იდეა, პირველ რიგში, განაპირობა ჩვენმა „ტკივილმა“, რომელსაც ყოველდღიური საყიდლების ონლაინ შეძენის დროს, მომხმარებლის ამპლუაში ყოფნისას განვიცდიდით. უფრო ზუსტად, იმ არასრულყოფილმა გამოცდილებამ, რომელსაც საქართველოში e-commerce-ით სარგებლობისას ვხვდებით. 

არადა, რეალურად, ელექტრონული კომერცია, თავისი არსით, ადამიანების ცხოვრების გასამარტივებლად შეიქმნა, რაც მომხმარებლისთვის ტრადიციულ „რითეილთან“ შედარებით, უფრო სასიამოვნო გამოცდილებაში ითარგმნება. სწორედ ამიტომ, მიზნად რეალურსა და იდეალურთან მიახლოებული მოდელის შექმნა და დანერგვა გადავწყვიტეთ, რაც სტიმულისა და მოტივაციის მიმცემი იქნებოდა როგორც მომხარებლების, ასევე ბაზრის ზოგადი კონკურენტუნარიანობის ზრდისთვის.

M: როგორ მუშაობს პლატფორმა? (რა გზის გავლა უწევს მომხმარებელს სასურველი პროდუქტის მიღებამდე?)

ვებგვერდზე საყიდლებისთვის „სერფინგი“ ძალიან მარტივია: პროდუქტის შერჩევის შემდეგ, მომხმარებელი გადის რეგისტრაციის ძალიან მარტივ პროცესს, რეგისტრაციის ეტაპიდან ამოვიღეთ ყველა არასაჭირო პუნქტი და დავტოვეთ მხოლოდ აუცილებელი. რეგისტრაციის დასრულების შემდეგ, ადრესატის მისამართისა და ბარათის მონაცემების შეყვანაა საჭირო. ასევე, სასურველი დროის არჩევა, – თუ როდის სურთ შეკვეთის მიღება. 

მნიშვნელოვანია, რომ განმეორებითი შეკვეთის შემთხვევაში, პროდუქტის შესაძენად ღილაკზე თითის მხოლოდ რამდენჯერმე დაჭერაა საჭირო, რადგან მომხმარებლის მონაცემები უკვე შეყვანილი და დამახსოვრებულია. ასევე, უმარტივესად არის შესაძლებელი ახალი მისამართების დამატება და რუკაზე მონიშვნაც კი. რაც შეეხება ძიების პროცესს, სასურველი ნივთის პოვნა როგორც პირდაპირ საძიებო ველის, ასევე კატეგორიებისა და შესაბამისი ფილტრების დახმარებითაა შესაძლებელი. 

M: რით იქნება Veli.store განსხვავებული სხვა e-commerce ვებგვერდებისგან?

ჩვენი მიზანია, ყოველდღიური საყიდლების ონლაინ შეძენისას, ვებგვერდის მოხმარების საუკეთესო გამოცდილება შევქმნათ. შესაბამისად, მთელი სისტემა და ინფრასტრუქტურა მოვაწყვეთ ამ იდეის გარშემო, რაც ჩვენს შემთხვევაში, შემდეგში გადაითარგმნა:

  • სისწრაფე – ოპერაციების ცენტრი 

დღეს, ჩვენი ოპერაციების ცენტრი არის რადიო ქალაქის ტერიტორიაზე. ყველა ნივთი, რომელიც ვებგვერდზე იყიდება, განთავსებულია veli.store-ის საწყობში და შეკვეთაც ჩვენი საკურიერო სერვისით მიგვაქვს. საბოლოოდ, საკმაოდ კომპლექსური საოპერაციო ნაწილი შევქმენით,  რომელიც მიზნად შეკვეთის მომენტიდან, ნივთის მიტანამდე საჭირო დროის მინიმუმამდე შემცირებას ისახავს. ველის გუნდში კარგად გვესმის, რომ სამყარო ასწრაფებულია და შესაბამისია მომხმარებლის მოლოდინიც. დღეს, გამომწერებს შეკვეთის, საშუალოდ, 3 საათში მიტანას ვპირდებით თბილისის მასშტაბით, რასაც ამ ეტაპზე, 100%-იანი შედეგით ვასრულებთ. ხოლო მომავალში, ამ დროის კიდევ უფრო შემცირება იგეგმება. 

  • სიზუსტე – ტექნოლოგიები

დეველოპერების შიდა გუნდის დახმარებითა და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვით, veli.store-ის მართვის ყველა სისტემა ინტეგრირებულია პლატფორმის ბირთვთან, რაც ნივთების გამოწერისა და მიტანისას, 100%-იან სიზუსტეს უზრუნველყოფს. ვფიქრობთ, მნიშვნელოვანია, რომ e-commerce ძრავი იყოს აბსოლუტურად ინტეგრირებული ისეთ სისტემურ რგოლებთან, როგორიცაა საწყობი, მიტანის სერვისი, მხარდაჭერის გუნდი და ა.შ. ამ ყველაფრის გარეშე, წარმოუდგენლად მიგვაჩნია მომხმარებლის გამოცდილების სრულყოფილი სტანდარტის მიღწევა. ზოგადად, საკმაოდ დიდი ძალისხმევა და ინვესტიცია ჩავდეთ ამ მიმართულებით, ამიტომაც, გვჯერა, რომ დროსთან ერთად, ეს ღირებული დეტალები კიდევ უფრო გამოგვარჩევს და დიდი უპირატესობის მომტანი იქნება ჩვენთვის. 

  • პროდუქტი – ასორტიმენტი

ყველასათვის ცნობილია, რომ მიუხედავად ქართულ ბაზარზე უკვე არსებული რამდენიმე ონლაინ პლატფორმისა, ყოველდღიური საჭიროებების დასაკმაყოფილებლად, ადამიანებს მაინც ხშირად უწევთ უცხოურ ვებგვერდებზე საყიდლების ძიება, ამიტომაც პროდუქტების სიმრავლე და მრავალფეროვნება ჩვენი ბიზნესის გულად ვაქციეთ. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ, მომხმარებლებს ერთ სივრცეში შეგვიძლია შევთავაზოთ საინტერესო პროდუქტები, საუკეთესო შეთავაზებები, უნიკალური პროდუქციის ასორტიმენტი, რომელიც საქართველოში მხოლოდ veli.store-ზე იყიდება. სამომავლოდ, ვგეგმავთ ისეთი ბრენდებისა და პროდუქტების კიდევ უფრო მრავლად შემოტანას, რომელიც საქართველოს ბაზარზე ხელმისაწვდომი არ არის, თუმცა ყოველდღიურ ცხოვრებაში, ჩვენს საჭიროებებსა და გამოწვევებს წარმატებით პასუხობს. 

M: როგორც ვიცით, და თქვენც იმეორებთ, ამ სფეროში ახალი სტანდარტების დამკვიდრებაზე ხართ ორიენტირებული, რა სტანდარტებზეა საუბარი?

ამ ეტაპზე, ჩვენი განაცხადი – ახალი სტანდარტის დამკვიდრება, გულისხმობს იმ სტერეოტიპული წარმოდგენების ნგრევას, რომ თითქოს, საყიდლების შეძენა ყველა ონლაინ პლატფორმაზე ერთნაირად ძვირია, ვიდრე ფიზიკურ მაღაზიებში. ვინაიდან, ჩვენთან შემოსულ ადამიანს „რითეილ“ ფასებს ვახვედრებთ და სამომავლოდ, იმედია უფრო დაბალსაც კი. ასევე, აქამდე, თუ შეძენილი პროდუქტის 1 დღეში მიღება წარმოუდგენლად გვეჩვენებოდა, veli.store-იდან გამოწერილი ნივთები არა ერთ დღეში, არამედ, როგორც უკვე აღვნიშნე, საშუალოდ, 3 საათში მიგვაქვს. ეს ჯერჯერობით მხოლოდ თბილისზე ვრცელდება, თუმცა მოთხოვნის ზრდასთან ერთად, რეგიონების მასშტაბითაც დიდ ძვრებს ვგეგმავთ. რაც მთავარია, ვასრულებთ დაპირებებს და ჩვენმა თითოეულმა გამომწერმა იცის, რომ რა პროდუქტსაც შეუკვეთავს, ზუსტად იმას მივუტანთ.

M: ზოგადად, რა გამოწვევებია ელ.კომერციის ინდუსტრიაში საქართველოში?

ამ ინდუსტრიაში, დღეს არსებულ ორ უმნიშვნელოვანეს გამოწვევას გამოვყოფდი: 

უნდობლობა მომხმარებლის მხრიდან – ადამიანებს არ აქვთ განცდა, რომ „ონლაინ მაღაზია“ იღებს სრულ პასუხისმგებლობას დანაპირების შესრულებაზე. ამ განცდისთვის არსებობს ლოგიკური გამომწვევიც, რაც წარსული მცდელობების შედეგად მიღებული ნეგატიური გამოცდილებიდან მომდინარეობს. ჩვენი დაკვირვებით, საქართველოს e-commerce ბაზარზე ძალიან დიდია ხოლმე დაშორება დაპირებასა და ობიექტურ რეალობას შორის. 

სერვისის ღირებულება – e-commerce თავის არსით უნდა იყოს ტრადიციულ „რითეილზე“ იაფი. ეს არის მისი ბუნება და გლობალურადაც,  ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც ამ სფეროს ზრდასა და განვითარებაში ეხმარება. როცა სიძვირეზე ვსაუბრობთ, ვგულისხმობ ჯამურ სერვისს, – როგორც ფულად დანახარჯს, ასევე სხვა ტიპის დანახარჯებსაც, როგორიცაა, მაგალითად, დრო. დისტოპიური ამბავია ელექტრონული კომერციით სარგებლობა იყოს თანხობრივადაც უფრო ძვირი, ვიდრე რითეილი და ასევე, დრიოს კუთხითაც უფრო მეტი რესურსი გჭირდებოდეს. დღეს, დაახლოებით, მანდ ვართ, და ეს ბარიერიც უნდა გადავლახოთ.

M: სამომავლოდ თუა დაგეგმილი პლატფორმის განვითარება და ახალი ფუნქციების დამატება?

ვფიქრობ, განვითარება მუდმივი და უწყვეტი პროცესია. ახლაც, ფაქტობრივად, ყოველკვირეულ რეჟიმში ინერგება სიახლე, უმჯობესდება არსებული და შენდება ახალი. სწორედ ამისთვის, გვყავს შიდა დეველოპმენტის საკმაოდ დიდი გუნდი. განვითარების გარეშე თანამედროვე სამყაროში შეუძლებელია რაიმე პოზიტიურ შედეგზე საუბარი, რადგან ქართული e-commerce კომპანიები, რეალურად, გლობალურ კონკურენციაში ვართ როგორც ერთმანეთთან, ასევე უცხოურ პლატფორმებთანაც.

ინტერვიუს შემდეგ პლატფორმა veli store თავადაც გავტესტეთ, როგორც რიგითმა მომხმარებლებმა. პლატფორმაზე ნავიგაცია საკმაოდ მარტივი და მოსახერხებელია. ვებგვერდის UX ისეა აწყობილი, რომ ნებისმიერი ადამიანი მარტივად იპოვის სასურველი კატეგორიის პროდუქტს და არც შეძენისას წააწყდება რაიმე პრობლემას. როგორც კომპანიაში გვითხრეს, მომხმარებლისთვის ამ გზის გაიოლება მათი პრიორიტეტია, ამიტომ ყოველთვის უსმენენ უკუკავშირებს და იმის მიხედვით ცდილობენ, კიდევ უფრო დახვეწონ პლატფორმის ფუნქციონალი.

[R]

ხატია გრემელაშვილი მუშაობას FOX Entertainment-ში იწყებს

HBR-ის კვლევა – მოქნილმა სამუშაომ შეიძლება დემოტივაცია გამოიწვიოს