in

რა პოტენციალი აქვს საქართველოს ველნეს კურორტებს?

ძნელია მსოფლიოში საქართველოს მრავალფეროვანი საკურორტო გარემოს მსგავსის პოვნა. ქვეყანა, რომელიც 69.700 კვ.კმ-ზე არის გადაჭიმული, ოფიციალურად, 103 კურორტსა და 167 საკურორტო ზონას აერთიანებს, რაც ერთი პატარა სახელმწიფოსთვის ძალიან დიდი პოტენციალის მატარებელია. სამკურნალო წყლებისა და ტალახების ნაირსახეობა, უნიკალური კლიმატური პირობები, რეკრეაციული ზონები და ლანდშაფტები საუკეთესო პირობებს ქმნის მსოფლიო რუკაზე საქართველოს ტურისტული პოზიციის გამყარებისთვის. ჩვენს ქვეყანას მდიდარი წარსული აქვს, ველნეს ტურიზმის თვალსაზრისით. ამას რეგიონებში მოწყობილი ძველი სანატორიუმები მოწმობს, სადაც სამკურნალო და გამაჯანსაღებელი პროცედურებისთვის ვიზიტორები სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოდიოდნენ, თუმცა ახლა, სამწუხაროდ, მათი უმეტესობა განადგურებულია.

საქართველო მდიდარია საკურორტო ნაირსახეობითაც – მრავლად არის როგორც მთის კურორტები, ისე ზღვისპირა გასაჯანსაღებელ კომპლექსები. მსოფლიო ველნეს ინდუსტრიის პროგრესის პარალელურად, ბოლო წლებში აქტიურად შეინიშნება ქართული ველნეს სერვისების განვითარებაც. ადგილობრივი ველნეს კომპლექსები პრემიალური კლასის მომსახურების უზრუნველყოფას წარმატებით ახერხებენ.

ველნეს ტურიზმის ეკონომიკური დოვლათი

განსხვავებული და მრავალფეროვანი ველნეს სერვისების დანერგვა ქვეყნის ეკონომიკაზეც დადებითად აისახება. საინტერესოა, სეგმენტური თვალსაზრისიც – დასვენებასა და ჯანმრთელობის გაუმჯობესებაზე ორიენტირებული უცხოელი ტურისტები, როგორც წესი, მაღალშემოსავლიანი მოგზაურები არიან. 2020 წლის მონაცემებზე დაყრდნობით, ისინი სხვა ტიპის ტურისტზე 130%-ით მეტს ხარჯავენ, საქართველოში მცხოვრები ველნეს ტურისტები კი სხვა ადგილობრივ მოგზაურებზე 177%-ით მეტს ხარჯავენ ველნეს კურორტებზე.

ველნეს ტურიზმისადმი გაზრდილი ინტერესი ჯანსაღი ცხოვრების წესის ფორმირებისა და გაჯანსაღების საჭიროებამ განაპირობა. საკურორტო ზონების გაფართოება და განვითარება  დიდ მოთხოვნაზე დაფუძნებული, კეთილმოწყობილი და ადაპტირებული დაწესებულებებისა, თუ მომსახურებების განვითარება

გასული წლის კვლევის მიხედვით, ველნეს ტურიზმი 50%-ით უფრო სწრაფი ტემპით იზრდება, ვიდრე ტურიზმი იმ სახით, როგორიც აქამდე ვიცოდით. ველნეს მოგზაურები უფრო გააზრებულად ირჩევენ გამაჯანსაღებელ გამოცდილებას და უფრო აქტიურად სტუმრობენ ასეთ ობიექტებს. შესაბამისად, ველნესში დახარჯული თანხის ხვედრითი წილი ტურიზმში სწრაფად იზრდება. 2023 წლის მონაცემებით, ბაზრის გლობალური ღირებულება 880 მილიარდი აშშ დოლარია, რაც წინასწარი გათვლით, 2033 წლის ბოლოსთვის, 2,3 ტრილიონ აშშ დოლარს მიაღწევს.

ველნეს ტურიზმის მრავალფეროვნება საქართველოში

მსოფლიო პანდემიამ კიდევ უფრო მეტად გაზარდა ინტერესი საქართველოს საკურორტო ზონის მიმართ. გაიზარდა ველნეს დასასვენებელი კომპლექსების რიცხვიც, სადაც თანამედროვე აღჭურვა, სერვისები და დასვენებისათვის სათანადო გარემოა მოწყობილი. ესაა დასვენება გაჯანსაღებასთან ერთად, რაც Harvard Medical School-სა და California Pacific Medical Center-ის მიხედვით ორგანიზმის სასიცოცხლო ძალებით შევსებაზე დადებითად აისახება. კვლევის შედეგად გამოკითხულთა 35%-მა აღნიშნა, რომ პანდემიის შემდეგ, მოგზაურობა მათთვის უფრო მნიშვნელოვანი გახდა, გამოკითხულთა 67% უახლესი 12 თვის განმავლობაში გეგმავს მოგზაურობას, ხოლო 27% ამავე პერიოდის განმავლობაში 3, ან მეტი მოგზაურობის განხორციელებას აპირებს.

სამკურნალო და ბალნეოლოგიურ კურორტებს საქართველოში აქვთ დიდი შესაძლებლობა, რომ მთელი მსოფლიოდან მოიზიდონ გამაჯანსაღებელი პროცედურებით დაინტერესებული სამიზნე სეგმენტი. ველნეს კურორტის უპირატესობა ისაა, რომ გამაჯანსაღებელი პროცედურები და დასვენება ერთ სივრცეშია თავმოყრილი. ის საშუალებას გაძლევთ, აღიდგინოთ იმუნიტეტი და გაიუმჯობესოთ განწყობა, დაისვენოთ, დაიმუხტოთ, გათავისუფლდეთ სტრესისგან…

ცალკე აღნიშვნას იმსახურებს თავად კურორტების ფუნქციური მრავალფეროვნება. კონკრეტული საჭიროებიდან გამომდინარე, როგორიცაა ცენტრალური ნერვული სისტემა, ძვალ/სახსროვანი სისტემა, ენდოკრინოლოგია, კარდიოლოგია თუ სხვა, შეგიძლიათ ესტუმროთ შესაბამის ველნეს კომპლექსს ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში.

საქართველოში აღმოაჩენთ სამკურნალო თვისებების მქონე ველნეს კურორტებს შავი ზღვის სანაპიროზეც და მაღალმთიან რეგიონებშიც.

ზღვის კლიმატის დადებითი გავლენა თუ გინდათ შეიგრძნოთ, საქართველოს ზღვისპირა კურორტებს ეწვიეთ, სადაც რბილი კლიმატი და ზღვის იდეალური ტემპერატურა გელით. ამ მხრივ, განსაკუთრებული მიკროკლიმატი აქვს ქობულეთის ბალნეოლოგიურ კურორტს, რომელიც შავი ზღვის თბილი და ტენიანი კლიმატით გამოირჩევა. 12-კილომეტრიანი პლიაჟი, ქლორიან-ნატრიუმიანი, მინერალური, გოგირდოვანი წყლები, სამკურნალო ტალახები და წვრილ-ქვიშიანი სანაპირო კურორტს სრულყოფილ, გამაჯანსაღებელ და სამკურნალო რეზორტად აქცევს.

ქობულეთის ბალნეოლოგიური კურორტის სტუმრობა შეგიძლიათ არაერთი მიზეზის გამო: ჰელიოთერაპიისთვის, წყლის თერაპიისთვის, ძვალ– სახსრების, ლიმფური ჯირკვლების, ტუბერკულოზის, ნერვული, რესპირატორული, თუ გულ–სისხლძარღვთა დაავადებების მკურნალობისთვის.

გამორჩეული ლანდშაფტით, ქობულეთს შესანიშნავი ადგილმდებარეობა ერგო – ქობულეთის, კინტრიშისა და მტირალას ეროვნულ პარკებთან სიახლოვე.

კურორტი გარშემორტყმულია უიშვიათესი ბუნებრივი ლანდშაფტებით – სამი უნიკალური დაცული ტერიტორია: ქობულეთის (შეიქმნა 1999 წელს, ფართ. 770 ჰა) და კინტრიშის (შეიქმნა ფართ. 13 893 ჰა) დაცული ტერიტორიები და მტირალას ეროვნული პარკი (ფართობი 15 806 ჰა). დაცული ტერიტორიების მთიანი რელიეფი რამდენიმე ჰიფსომეტრიულ საფეხურს მოიცავს, რაც მის ბუნებრივ მრავალფეროვნებას განაპირობებს. სანაპიროს, ჰავისა და ნიადაგის უნიკალურობიდან გამომდინარე, ქობულეთი ინარჩუნებს პოპულარობას, დღემდე მყარად ინარჩუნებს რეგიონული მნიშვნელობის კურორტის სტატუსს.

სამთო კურორტებს შორის არჩევანი დიდია. განსაკუთრებით პოპულარულია ბაკურიანი, შოვიბახმარო, წყალტუბო, საირმე, ბორჯომი და ა.შ. გამორჩეული მიკროკლიმატი, ბუნებრივი რესურსები და ველნეს გამოცდილება ამ კურორტებს მძიმე ქრონიკული დაავადებების სამკურნალოდ არაჩვეულებრივ ადგილად აქცევს. 

Google ლეონარდო და ვინჩის გონებაში შესვლის საშუალებას გაძლევთ!

,,გაბედე, იყო თავისუფალი!“  – დევიზი, რომელსაც თბილისის თავისუფალი სკოლა მიჰყვება