22
Sep
2015

#ველოდებითვაკეს – შესანიშნავი სოლიდარობის კამპანია სრული ვიდეო

22 Sep 2015



„ველოდებით ვაკეს” – ეს მესიჯი უკანასკნელი დღეების განმავლობაში ალბათ თბილისის თითქმის ყველა მაცხოვრებელმა შენიშნა.

ამ  ფრაზით  გამოხატეს კომპანიებმა და მოქალაქეებმა მხარდაჭერა 13 ივნისს სტიქიით დაზარალებული „ვაკის ხორცპროდუქტების“ მიმართ. წყალდიდობამ მთლიანად გაანადგურა ქარხანა, რომელიც 1961 წლიდან უწყვეტად მუშაობდა და თბილისელებისთვის ერთ-ერთი ყველაზე ძველი და ნაცნობი ბრენდი იყო.

მართალია „ვაკემ“ მოახერხა და ძალიან მცირე მასშტაბებით უკვე აღადგინა წარმოება, მაგრამ ფაქტია, რომ კომპანიაც და მისი უამრავი თანამშრომელიც უკვე თვეებია მოლოდინის რეჟიმში არსებობენ და ცდილობენ როგორმე ბრენდი გადაარჩინონ.

სოლიდარობის კამპანიის ისტორია სარეკლამო სააგენტო “Betterfly”-სგან დაიწყო. სააგენტოში გაჩნდა იდეა მხარი დაეჭირათ მეგობარი კომპანიისთვის და  გაეკეთებინათ  აპლიკაცია სადაც ნებისმიერი მსურველი დაწერდა თანადგომის სიტყვებს. შემდეგ სხვა წამყვანმა  კომპანიებმაც გამოხატეს თანადგომა და უანგაროდ ჩაერთნენ სოლიდარობის აქციაში.

მარკეტერი წარმოგიდგენთ სოლიდარობის აქციის სრულ ვიდეო ქეისს:

 

“14 სექტემბერს Betterfly-ს facebook გვერდზე დავდეთ ვებ-გვერდის ბმული, რომელიც 2 დღის განმავლობაში უამრავმა ადამიანმა მოინახულა და „ვაკეს“ გამამხნევებელი მესიჯები დაუტოვა.

პარალელურად, მარკეტებში, ბენზინგასამართ სადგურებზე, ბილბორდებზე, ვებ-გვერდებზე, რესტორებში, რადიოტალღებზე, ქალაქის სხვადასხვა წერტილებში გამოჩნდა და გაჟღერდა სოლიდარობის გამომხატველი მესიჯი -„ველოდებით ვაკეს“. ძალიან მნიშვნელოვანი იყო მოქალაქეების განწყობა და ჩართულობა – უამრავმა ადამიანმა გამოიყენა ჰეშთეგი #ველოდებითვაკეს და გაავრცელა აქციის შესახებ ინფორმაცია. ჩვენ ვამაყობთ შედეგით და ველოდებით ვაკეს!” – აცხადებენ Betterfly-ში

 

განხილვა