Strider Bikes ამერიკული ბრენდია, რომელიც უპედლო ველოსიპედებს აწარმოებს ბავშვებისთვის. Strider Bike Georgia-ს კი, ეს ველოსიპედები საქართველოში შემოაქვს. ველოსიპედი ჩვეულებრივისგან იმით განსხვავდება, რომ მისი ტარება, პედლების გარეშე, მხოლოდ ფეხების დახმარებითაა შესაძლებელი და განკუთვნილია წლინახევრიდან 5 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის. 32 წლის გიორგი ყაზახაშვილმა, პირველ ეტაპზე რამდენიმე ველოსიპედი ჩამოიტანა საცდელად. მარკეტერთან საუბრისას მან განაცხადა, რომ ეს ოჯახური ბიზნესია და მოთხოვნის გაზრდის შემდეგ, დიდ შეკვეთებსაც მიიღებენ.
M: რითაა გამორჩეული და რა უპირატესობა აქვს პედლებიან ველოსიპედებთან შედარებით?
ეს ველოსიპედი ავითარებს ფეხის კუნთებს და არ ამახინჯებს ფეხის ფორმას. ამავდროულად, ბავშვი ხდება მეტად დამოუკიდებელი, უვლის ველოსიპედს და იმ უნარჩვევებს იძენს, რაც მომავალში გამოადგება. „სტრაიდერ ბაიკის“ წონა 2.9 კგ-ია და წლინახევრის ბავშვსაც შეუძლია დამოუკიდებლად დაძრას ველოსიპედი.
სამბორბლიანისგან განსხვავებით, როდესაც ბავშვი ველოსიპედზე პირველად ჯდება, ის არაა დამოკიდებული მშობელზე. მცირეწლოვან ბავშვს არ აქვს იმდენი ძალა ფეხში, რომ პედლები ატრიალოს, ამიტომ, მშობელს უწევს ამ ველოსიპედის ხელით ტარება იქამდე, სანამ ბავშვი დამოუკიდებლად არ შეძლებს მის მართვას. “სტრაიდერმა” შეიმუშავა კონცეფცია, რომ ველოსიპედი ყოფილიყო ორბორბლიანი და ბავშვს თვითონ ემართა იგი, ფეხების დახმარებით. აქედან გამომდინარე, ბავშვი ნელნელა სწავლობს ბალანსის დაცვას. გარკვეული დროის შემდეგ, შეუძლია ფეხები ასწიოს და სიჩქარით გაქანდეს. ასევე, სასარგებლოცაა, რადგან მუხლებს ამაგრებს. როდესაც ბავშვს პედლიან ველოსიპედზე გადასვამთ, მას აღარ დასჭირდება დამატებითი ბორბლები და ის მალევე შეძლებს ტარების ათვისებას.
M: როგორ გადაწყვიტეთ ამ ბიზნესის დაწყება?
ვიცოდი, რომ ეს პროდუქტი საქართველოში მიმზიდველი იქნებოდა. ვფიქრობ, დიდი ბედნიერებაა, როცა ხედავ, რომ წლინახევრის შვილი დამოუკიდებლად მართავს ველოსიპედს. მე მყავს 3 წლის ბიჭი, ნიკოლოზი, რომელსაც ეს ველოსიპედი ჰყავს და მას 2 წლის ასაკიდან მართავს.
როდესაც შევისწავლე “სტრაიდერის” მახასიათებლები და უპირატესობები, დიდი განსხვავება დავინახე სხვა ანალოგებს შორის. აშშ-ში „სტრაიდერ ბაიკის“ მთავარ ოფისს მივწერე წერილი და ვუთხარი, რომ ვარ მშობელი, ჩემს შვილს ჰყავს ასეთი ველოსიპედი და მინდა, სხვა ბავშვებსაც ჰყავდეთ ჩვენს ქვეყანაში. მათ მკითხეს, მქონდა თუ არა ამ სფეროში გამოცდილება და როგორ შევძლებდი რეალიზაციას, იყო თუ არა მზაობა მომხმარებლების მხრიდან და თუ შეძლებდნენ თანხის გადახდას. მე ვუპასუხე, რომ 4 წელი გაყიდვების სფეროში ვიყავი და ის უნარ-ჩვევები გამომუშავებული მქონდა, რაც სჭირდება პროდუქტის შეთავაზებას, რეკლამირებასა და რეალიზაციას. შემდეგ, „სტრაიდერის“ წარმომადგენელი ჩამოვიდა საქართველოში და გავესაუბრეთ მშობლებს. გამოკითხულთა 90%-მა ინტერესი გამოხატა ამ პროდუქტის მიმართ. ამის შემდეგ, რამდენიმე ველოსიპედი ჩამოვიყვანე, შემდეგ კი, მოთხოვნის შესაბამისად, გავზრდი რაოდენობასაც.
M: რა უპირატესობები გააჩნია “სტრაიდერის” ბრენდს?
Strider Bike-ის ანალოგს ჩინეთშიც აწარმოებენ, თუმცა ხარისხი ბევრად განსხვავებულია. “სტრაიდერის” ველოსიპედს აქვს მაღალი ხარისხის რეზინის სახელური, სკამი რბილი და კომფორტულია, ბორბლები ეკოლოგიურად სუფთა მასალითაა დამზადებული და საღებავებიც მაღალი ხარისხისაა. ეს ყველაფერი, საერთო ჯამში, გვაძლებს პროდუქტს, რომელიც უსაფრთხოა და ეკოლოგიურად სუფთა. ეს ჩემთვისაც პრიორიტეტულია და ყოველთვის ვცდილობ, სათამაშოც ეკოლოგიურად ჯანსაღი შევურჩიო შვილს. ასევე, Strider-მა ჩაატარა კვლევა და დაადგინა ველოსიპედის ოპტიმალური წონა, ზომა, სიმაღლე, სკამის რეგულირება და საჭის მართვის მექანიზმები. შემდეგ, ყველაფერი ისე მოარგო ერთმანეთს, რომ ბავშვმა ადვილად შეძლოს მისი გამოყენება.
M: სად შეიძლება შეძენა და რა საფასო პოლიტიკა გაქვთ?
ჩვენს ქვეყანაში არ იყიდება ეს ველოსიპედები. მხოლოდ გამოწერაა შესაძლებელი, ეს კი, არაკომფორტულია და დამატებითი პრობლემები ახლავს თან. გადავწყვიტე, ეს ველოსიპედები გამომეწერა აშშ-დან და მსურველებს აქვე შეძლებოდათ მისი ყიდვა. ველოსიპედის ფასი არის ნაკლები, ვიდრე “ამაზონიდან” გამოწერა ჯდება და 350 ლარი ღირს.














