in

ველური ბუნება – რა როლი აქვს მას და რატომ უნდა მოვუფრთხილდეთ

„ბუნება მშვენიერია”…რამდენჯერ გვითქვამს, მოგვისმენია ეს ფრაზა და ვინ იცის, რამდენ ჩვენგანს სკოლაში ესეიც დაუწერია მსგავსი სათაურით. ყველა, სრულიად კაცობრიობა თანხმდება ბუნების მშვენიერებაზე, თუმცა მაინც საფრთხეს ვუქმნით მას, მაინც ისე ვერ ვიცავთ, როგორც საჭიროა, რაღაც ზიანს მაინც ვაყენებთ და საბოლოო ჯამში, არასახარბიელო შედეგებამდეც მივდივართ. სწორედ ამიტომ, დღევანდელი სასაუბრო თემა ველური ბუნება და მისი როლი იქნება. 

ძლევამოსილი ვეფხვიდან დაწყებული მუშა ფუტკრით დამთავრებული, დედამიწაზე სიცოცხლის მრავალფეროვნება ხელს უწყობს ჩვენს ცხოვრებასა და კეთილდღეობას იმაზე მეტად, ვიდრე ჩვენ გვგონია. ბუნებრივი მედიკამენტების მიღება, კლიმატური ცვლილებების არიდება, ნიადაგის სიჯანსაღის უზრუნველყოფა – ეს მცირედი ჩამონათვალია იმ სიკეთეებისა, რასაც ცხოველთა სამყარო გვაძლევს. ჩვენ გვჭირდება ველური ბუნება ჩვენი გადარჩენისთვის, კეთილდღეობისა და არსებობისთვის.

ჩვენი ცხოვრების წესი მნიშვნელოვნად ზემოქმედებს ცხოველებზე. კვლევები ადასტურებს, რომ ბოლო 40 წლის განმავლობაში სახეობების პოპულაციები 60 პროცენტით შემცირდა. მართალია, არიან მსოფლიო ორგანიზაციები, რომლებიც მაქსიმალურად ბევრს მუშაობენ ამაზე, მაგრამ ეს უფრო ზოგადსაკაცობრიო საკითხია, ვიდრე რომელიმე კონკრეტული ორგანიზაციის გადასაჭრელი პრობლემა. 

წარმოგიდგენთ 5 ძირითად მიზეზს, თუ რატომ უნდა მივაქციოთ თითოეულმა ჩვენგანმა ყურადღება ველურ ბუნებას:

კლიმატის ცვლილებისგან დაცვა

ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ტყეები მნიშვნელოვან როლს ასრულებს კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლაში ნახშირბადის შენახვით, რომელიც გამოიყოფა ატმოსფეროში, მაგრამ იცოდით, რომ ამ ტყეებში გარეულ ცხოველებსაც აქვთ გადამწყვეტი როლი?

ველური ბუნების დაცვამ შეიძლება მნიშვნელოვნად შეამციროს ტყის დესტრუქციული ხანძრების სიხშირე და ინტენსივობა. მცენარეების მჭამელი გარეული ცხოველები ამცირებენ იმ ბალახის რაოდენობას, რომელსაც შეუძლია ცეცხლის გაჩენა. გარდა ამისა, ველური ბალახის მჭამელები, როგორებიც სპილოები, ზებრები, მარტორქები და აქლემები არიან, არ აწარმოებენ იმდენ მეთანს, როგორც შინაური პირუტყვი. ეს იმიტომ ხდება, რომ ისინი ბალახს სხვაგვარად ამუშავებენ. 

ეს ყველაფერი არ არის. ველურ ბუნებას ასევე შეუძლია დაეხმაროს ტყეებს ნახშირბადის უფრო ეფექტურად შენახვაში. ტროპიკულ ტყეებში ხის მრავალი სახეობა ეყრდნობა ისეთ ცხოველებს, როგორებიცაა სპილოები და ტუკანები. ისინი ჭამენ დიდ, ხორციან ხილს და ამით ეხმარებიან მათი თესლის გაფანტვას. დიდი ნაყოფის მქონე ხეები ძირითადად უფრო მაღალია ხოლმე, რაც მათ უფრო ეფექტურს ხდის ნახშირბადის დაჭერაში. კვლევები აჩვენებს, რომ ასეთი ხეების დაკარგვა იწვევს ტროპიკულ ტყეებში ნახშირბადის 10 პროცენტით შემცირებას.

ნუტრიენტებით მდიდარი საკვების წყარო

ველური ცხოველები მთელ მსოფლიოში მილიარდობით ადამიანისთვის ცილებითა და მინერალებით მდიდარი საკვების მნიშვნელოვანი წყაროა. გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO) იუწყება, რომ 34 მილიონი ადამიანისთვის საარსებო წყაროს თევზაობა წარმოადგენს. ანემიით დაავადებული ბავშვების წილი, სავარაუდოდ, გაიზრდება 29 პროცენტით, თუ ისინი დაკარგავენ ხელმისაწვდომობას ვიტამინებით მდიდარ ხორცზე, რაც გაცილებით დიდ გავლენას მოახდენს დაბალი შემოსავლის მქონე ოჯახებზე.

მედიცინა

ბუნებრივი ქიმიკატები კაცობრიობის ცივილიზაციის ნაწილია მას შემდეგ, რაც ჩვენმა ადრეულმა წინაპრებმა დაიწყეს მათი გამოყენება საკუთარი ცხოვრების გასაუმჯობესებლად და გასამდიდრებლად. ამფიბიები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თანამედროვე მედიცინისთვის. მხოლოდ ბაყაყებისგან მიღებული ნაერთებით მედიცინა იღებს დეპრესიის, კრუნჩხვების, ინსულტისა და მეხსიერების დაკარგვის სამკურნალო საშუალებებს. 

კულტურული მნიშვნელობა

ველურ ბუნებას აქვს ასევე არამატერიალური სარგებელი, დაწყებული სულიერი გამდიდრებიდან დასვენებით დამთავრებული. ველური ბუნება გთავაზობთ უამრავ თერაპიულ სარგებელს. კვლევამ აჩვენა, რომ ადამიანებს ყველაზე მეტად იზიდავთ მშვიდი, ესთეტიკურად მიმზიდველი, ისტორიული მნიშვნელობის მქონე ველური ბუნების პეიზაჟები. გასაკვირი არ არის, რომ საერთაშორისო მოგზაურობა ისეთ ადგილებში, სადაც ველური ბუნების ნახვა და ახლოდან ურთიერთობაა შესაძლებელი, გასამმაგდა ბოლო 20 წლის განმავლობაში, განვითარებად ქვეყნებში დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტები გაიზარდა და გამოიმუშავებს წელიწადში 600 მილიარდი აშშ დოლარის სავარაუდო შემოსავალს.

ნიადაგის ჯანმრთელობა და ნაყოფიერების გაუმჯობესება

გარეული ცხოველები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ნიადაგის ჯანმრთელობისა და ნაყოფიერების გაძლიერებაში მისი საკვები ნივთიერებების გაუმჯობესებით. ისინი ნიადაგს მინერალებით ამდიდრებენ და ასევე ხელს უწყობენ სხვა ჰაბიტატების არსებობას. მაგალითად, ჰიპოპოტამი რომ ბალახს ძოვს მდინარესთან ახლოს, მისი საკვები ნარჩენები ამდიდრებს მდინარეს, რაც თავის მხრივ, თევზის პროდუქტიულობას ეხმარება. 

საკულტო სახეობების დაკარგვა არის ტრაგედია როგორც ფართო, ისე ვიწრო გაგებით. ცხოველთა, მცენარეთა და წყლის ბიომრავალფეროვნება ინარჩუნებს ეკოსისტემების ფუნქციონირებას. ჯანსაღი ეკოსისტემები კი საშუალებას გვაძლევს, გადავრჩეთ. მივიღოთ საკმარისი საკვები საჭმელად და ვიცხოვროთ. როდესაც სახეობები ქრება ან მცირდება, ეკოსისტემები და ადამიანები, განსაკუთრებით მსოფლიოში ყველაზე ღარიბი პოპულაციები, ამის გამო სერიოზულ ზიანს იღებენ. თითოეული ჩვენგანი ვალდებულია, მოუფრთხილდეს ბიომრავალფეროვნებას მთელ მსოფლიოში.

რუბრიკას გარემოს დაცვაზე წარმოგიდგენთ ფარმადეპო.

ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი

სტუმარ-მასპინძლობის სიყვარული თუ კარგი კარიერული წინადადება?

ახალი Range Rover Sport საქართველოშია — ექსკლუზიური ჩვენება „ჯი-თი მოტორსის“ მომხმარებლებისთვის