in

ვენეციის ბიენალე 2022, ქართული პავილიონი და არტისტები მსოფლიო ხელოვნების დღესასწაულზე

Inbetweenconditions

ვენეციის ბიენალე, ხელოვნების საერთაშორისო დღესასწაული, რომელზეც ყოველწლიურად უამრავი არტისტი, ხელოვნების სფეროს წარმომადგენელი და საინტერესო არტ პროექტები ხვდება, წელს პანდემიური პაუზის შემდგომ დაბრუნდა. 59-ე გამოფენა ჯერ კიდევ გასულ წელს უნდა ჩატარებულიყო, თუმცა ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, გადაიდო.

bog
bog-mob

23 აპრილს ბიენალე ოფიციალურად გაიხსნა და 27 ნოემბრამდე გაგრძელდება. ის ჯამში 213 ხელოვანსა და მათ შემოქმედებას აერთიანებს, რომელიც მსოფლიოს 58 ქვეყნიდანაა წარმოდგენილი. გამოფენის თემაა The Milk of Dreams, ლეონორა ქერინგტონის ამავე სახელწოდების საბავშვო წიგნის მიხედვით.

სხვა ეროვნულ პავილიონებს, ბიენალეს ქართული პავილიონიც უერთდება, რომელზეც ქართველი არტისტების, მარიამ ნატროშვილისა და დეთუ ჯინჭარაძის პროექტი „მე ვწუხვარ ბაღზე” არის წარმოდგენილი. პროექტს კურატორობას პლატფორმა In-Between Conditions უწევს.

„მე ვწუხვარ ბაღზე” სრულიად ახალი, განსხვავებული და ორიგინალური ნამუშევარია, რომელიც სიურეალისტურ, აბსტრაქტულ და პოეტურ სამყაროს აცოცხლებს. არტ პროექტი ორი ნაწილისგან შეგდება: ვირტუალური რეალობა და ვიდეოპროექციის სახით წარმოდგენილი თვითგენერირებადი real-time სიმულაცია. ნამუშევარი დასასრულის წინათგრძნობას ეძღვნება, იმ მოვლენებსა თუ ეპიზოდებს, რომლებშიც სიცოცხლე გაქრობას იწყებს.

მარიამ ნატროშვილი & დეთუ ჯინჭარაძე
მარიამ ნატროშვილი & დეთუ ჯინჭარაძე
მარიამ ნატროშვილი & დეთუ ჯინჭარაძე

მე ვწუხვარ ბაღზე” არის ნამუშევარი დასასრულის წინათგრძნობაზე. ის ორი ნაწილისგან შედგება. პირველი ნაწილი ეს არის ე.წ. ექსფერიენსი ვირტუალური რეალობაში, მეორე ნაწილი კი ვიდეო პროექციის სახით წარმოდგენილი თვით გენერირებული რეალ-თაიმ სიმულაციაა – ციფრული ქარი. ალბათ, საჭიროა განვმარტო რას ნიშნავს და როგორია ეს მედიუმები. vr ექსფერიენსი არის მედიუმი, რომელსაც მაყურებელი, ასე ვთქვათ, შიგნიდან უყურებს ჰედსეტის საშუალებით. დადის, ეხება და ათვალიერებს ნამუშევარს არა როგორც მაყურებელი, არამედ როგორც მონაწილე. ვიდეო პროექციით წარმოდგენილი სიმულაცია კი ალგორითმია, რომელიც ჩაწერილი კი არაა, არამედ რეალურ დროში ხდება და მისი თანმიმდევრობა კოდითაა გენერირებული.
ვირტუალურ რეალობას რამდენიმე მიზეზის გამო ვიყენებთ. როგორც მედიუმს, მას აქვს გრძნობები – მარტოობისა და სიცარიელის განცდა, სიზმრისეული შეგრძნებები. ეს ის გრძნობებია, რომლებსაც მასალად ვიყენებთ.
ნამუშევრის ცენტრალური სცენა გადაშენებული მცენარეების ბაღია, როგორც დასასრულის ერთ-ერთი ნიშანი. მცენარეები, რომლებიც დედამიწიდან ბოლო 100 წლის განმავლობაში ადამიანის ჩარევის გამო გაქრნენ.
სხვა სცენებთან ერთად ადამიანებისგან დაცლილი, ცეცხლმოკიდებული ჰორიზონტი და მიტოვებული ქალაქის ნაწყვეტი ჩვენს დღევანდელ სამყაროს აღწერს. ვიდეო პროექციაში კი ეს სამყარო ციფრულ ქარიშხალს მიაქვს.
ნამუშევარში ჭიათურის მიმდებარე სოფლებში დატრიალებულ ეკოლოგიურ კატასტროფაზეც ვლაპარაკობთ. სოფელი რგანი – სადაც კერძო კომპანია მადანს ღია კარიერული წესით მოიპოვებს. ამის გამო სახლები ინგრევა, წყალი მოწამლული და ჰაერი დაბინძურებულია”, – მარიამ ნატროშვილი, პროექტის ავტორი.

„„რძე სიზმრებისა“ 2022-ის ბიენალეს ეს უცნაური სათაური შემოგვთავაზა იტალიელმა კურატორმა სესილია სელიმანმა. სელიმანის კონცეფციის ტექსტი გამოირჩევა უამრავი ტერმინით, ცნებით თუ განსაზღვრებით. კურატორი ერთდროულად ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს ეხება, როგორიცაა: პოსტჰუმანიზმი, ანთროპოცენტრიზმი, ტექნოლოგიური დეტერმინიზმი, კლიმატის კრიზისი, იდენტობა და სხეული. თუმცა საბოლოოდ ის თითქოს ყველაფერს ერთ მარტივ კითხვად აერთიანებს: რა არის თანამედროვეობის ახალი მითი და არ არის ის ენა/ინსტრუმენტი, რომლითაც შეგვიძლია ამ მითზე საუბარი?
„რძე სიზმრებისა“ ინგლისელი სურეალისტი მხატვრის, არტისტის, ნოველისტისა და აქტივისტის ლეონორა ქერინგტონის წიგნის სათაურია და თითქოს თავად ლეონორას პერსონა ხდება მეტაფორა თუ გზამკლევი სელიმანის ბიენალეს ისტორიის.
საქართველოს ეროვნულ პავილიონზე წარმოდგენილი, მხატვრების მარიამ ნატროშვილის და დეთუ ჯინჭარაძის ნამუშევარი „მე ვწუხვარ ბაღზე“, სწორედ ამ თემატიკას ეხმაურებოდა. ეს არის VR მრავალშრიან გამოცდილებაში წარმოდგენილი ამბავი სამყაროს დასასრულის შესახებ“, – გიორგი სპანდერაშვილი, პროექტის კურატორი.

აღსანიშნავია, რომ ბიენალეს ქართული პავილიონის გახსნაზე მოწვეული იყო ქართველი მწერალი, ხელოვანი ზურა ჯიშკარიანი. მან იტალიელ ფილოსოფოსთან ერთად გახსნა პავილიონი და სიტყვა წარმოთქვა.

შესავალი სიტყვები წავიკითხეთ მე და იტალიელმა ფილოსოფოსმა ფედერიკო კამპანიამ. Ჩემი თემა ეხებოდა ზოგადად დასასრულის შეგრძნებას, როგორ ვცხოვრობთ საქართველოში მუდმივი დასარულისა და ომის  მოლოდინში, მუდმივი ომის მზაობაში და როგორი გამოცდილება გვქონდა უახლოეს წარსულში.როგორ ველოდით საბჭოთა იმპერიის დასასრულს, შემდეგ ომების დასასრულს, შემდეგ მილენიუმს, როგორც სიმბოლოს დასასრულისა,ოღონდ ამ მილენიუმს უშქოდ შევხვდით და ა.შ. ფედერიკოც დასასრულის თემას შეეხო, ოღონდ უფრო ფილოსოფიურ-ეგზისტენციალური კუთხით, ძარითადად სიკვდილის თემაზე საუბრობდა, როგორც საბოლოო დსასრულზე.

ჩემი სიტყვა ასე იწყება: „ მომაკვდავი საბჭოთა იმპერიის („იმპერია არასოდეს მომკვდარა” როგორც ამბობს ერთი ავტორი) კონვეირზე ჩაშვებული ბიორობოტები საბჭოთა კავშირის უკანასკნელი თაობა აღმოვჩნდით, თვალი გავახილეთ თუ არა ეს უზარაზარი მონოლითი ჩამოიშალა და ეს პირველი იმპრინტი იყო დასასრულისა. დასასრულისა, რომელიც მომავალში უამრავჯერ ვიგემეთ. როცა იმპერია დაეცა, ჩვენ ახალი აპოკალიპტური რეალობის პირისპირ აღმოვჩნდით. იმ წლისთვის როცა იკონოკლასტი “მატრიცა” იყო გამოსული – ჩვენ უკვე გვენახა სამი დამანგრველი ომი, ტანკები მოსიარულე ცარიელ ქუჩებში და ალკოჰოლიზმი, ნარკომანია და ომში დამარცხებული კაცების სევდა. ამასობაში კარზე მოგვადგა მილენიუმი, ქალობრიობის უცნაური, სიგიჟისშემცველი თარიღი მორიგი დასასრულისა”, – ზურა ჯიშკარიანი.

Copyright: in-between conditions
Copyright: in-between conditions

ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი

 

 

კამილიელთა სამედიცინო ცენტრში სარეაბილიტაციო სტაციონარული განყოფილება გაიხსნა

ელიტ ელექტრონიქსი Samsung Galaxy S22 სერიას წარმოგვიდგენს!