17 მაისიდან, პროგრამა Venture Elevator იწყება, რომელიც, ორგანიზატორების თქმით, სტარტაპერებს გლობალური ექსპანსიის დაჩქარებაში დაეხმარება – ხელს შეუწყობს ისწავლონ, განავითარონ საკუთარი იდეა და უკეთ გამოიყენონ გლობალური შესაძლებლობები.
პროგრამა 8 კვირიანი სატრენინგო ციკლისგან შედგება და სამუშაო შეხვედრებს, მენტორებთან კონსულტაციებსა და საინვესტიციო პრეზენტაციების წარდგენაში (pitching) წვრთნებს მოიცავს.
„დღეს, საქართველოში, სტარტაპებისთვის ბევრი პროგრამაა. Venture Elevator იმით არის გამორჩეული, რომ ადგილობრივი და საერთაშორისო მენტორების ძლიერ გუნდს აერთიანებს. ჩვენ არ გვსურს დროის დაკარგვა. გვინდა, დავეხმაროთ ქართულ სტარტაპებს დააჩქარონ ზრდა, გასცდნენ ქვეყნის ფარგლებს და ჩაერთონ გლობალურ კონკურენციაში. ამიტომ, თუ ხართ სტარტაპგუნდი, გსურთ ისწავლოთ და გაიზარდოთ, ეს პროგრამა თქვენთვისაა. მაგრამ მზად უნდა იყოთ კრიტიკის მოსმენისთვის, ბევრი შრომისა და საკუთარ იდეაში მნიშვნელოვანი ცვლილების შეტანისთვის, თუ ეს საჭირო იქნება“.
17 მაისს პროგრამა, ოფიციალურად, ილიაუნის თეატრში გაიხსნება. 18 მაისიდან კი, ყოველ შაბათ – კვირას სამუშაო შეხვედრები, ტრენინგები და მენტორინგი ( „ილიაუნის“ ბ201 აუდიტორია) გაიმართება. მთელი კვირის მანძილზე, გუნდებს თემატური მასალის წაკითხვა და ვიდეოების ნახვა დაევალებათ.
„შაბათის პირველი ნახევარი დაეთმობა ლექციებს, სემინარებსა და დისკუსიებს, თუ რა ვისწავლეთ და რის გამოყენება შეიძლება სტარტაპის საქმიანობის გასაუმჯობესებლად. დღის მეორე ნახევარში გაიმართება შეხვედრები მენტორებთან. კვირას მოეწყობა თავისუფალი სამუშაო გარემო გუნდებისთვის, რეფლექსიისა და ნეთვორქინგისთვის“ .
პროგრამა ორ ეტაპიანია. როგორც ორგანიზატორები ამბობენ, მეორე ეტაპზე გადასასვლელად დემო დღე მოეწყობა.
„მეორე ეტაპი მოიცავს მენტორებთან შეხვედრებს. ამიტომ, ხელმისაწვდომი იქნება იმ გუნდებისთვის, რომლებიც პროგრამის მიმდინარეობისას წარმოაჩენენ პროგრესს. ჯამში, პროგრამა მოიცავს უცხოელ სტუმრებსა და მენტორებთან ურთიერთობის 60 საკონტაქტო საათს, რაც ერთ მონაწილეზე, 4,500 აშშ დოლარის ღირებულებას შეადგენს. პროგრამით უფასოდ ისარგებლებენ და აშშ-ის საელჩოს დაფინანსებას მიიღებენ ის ქართული სტარტაპები, რომლებიც წარმატებით გაივლიან კონკურსს. გარდა ამისა, წარმატებულ გუნდებს, რაც Pitching შეჯიბრებების საფუძველზე გამოვლინდება, სპეციალური პრიზები გადაეცემათ. საუკეთესო გუნდი მიიღებს საგზურს ვებსამიტში მონაწილეობის მისაღებად“.
Venture Elevator-ის მხარდამჭერები არიან აშშ-ის საელჩო საქართველოში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, Startup Grind Tbilisi და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო.
„პროექტს ახორციელებს მენტორებისა და სტარტაპდამფუძნებლების გუნდი: დავით ჩეჩელაშვილი – წარმატებული გლობალური სტარტაპების დამფუძნებელი; Colin Donohue – მარკეტინგისა და ბიზნესსტრატეგიის კონსულტანტი ამერიკიდან; გიორგი ტუხაშვილი – Startup Grind Tbilisi-ის თანადამფუძნებელი და სტარტაპის დამფუძნებელი; ნიკოლოზ გოგოჭური – სტარტაპის დამფუძნებელი და მენტორი; ნატო ჩაკვეტაძე – მეწარმეობის მიმართულების ხელმძღვანელი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში. გვეყოლება 6 მოწვეული უცხოელი სტუმარი, რომლებიც საქართველოში ჩამოვლენ ქართველ სტარტაპდამფუძნებლებთან შესახვედრად და ინდივიდუალური მენტორინგის გასამართად“.
ორგანიზატორების აზრით, სტარტაპის განვითარებისთვის, ყველაზე მნიშვნელოვანი ახალი ცოდნა და გამოცდილებაა, რის შესაძლებლობასაც, მათ, Venture Elevator მისცემს.
„მხოლოდ მცდელობებით, ექსპერიმენტებითა და სწავლებით შეგიძლიათ შექმნათ თქვენი წარმატებული კომპანია. არ გაუშვა შესაძლებლობა, გაიგო რაიმე ახალი ადგილობრივი თუ საერთაშორისო მენტორებისგან, რაც შენი სტარტაპის განვითარებაში დაგეხმარება. დამატებითი ინფორმაციისთვის გადადი ბმულზე და იმოქმედე.“