in ,

შესაძლო სიცოცხლის ნიშანი ვენერაზე – ახალი აღმოჩენა

დედამიწაზე არსებულ სიცოცხლეზე დაყრნობით, ცოცხალი ორგანიზმების არსებობისთვის შესაბამის პირობებზე, შესაძლოა, სუბიექტური წარმოდგენა გვქონდეს. ამაზე გვაფიქრებს საერთაშორისო მეცნიერთა ჯგუფის მიერ გაკეთებული ახალი აღმოჩენა, რომელიც ვენერას ღრუბლებში, ნივთიერება ფოსფინის კონცენტრაციას უკავშირდება. დედამიწაზე ამ ნაერთს წარმოქმნის როგორც ცოცხალი (მაგ: უჟანგბადო გარემოში არსებული ბაქტერიები), ასევე არაცოცხალი პროცესები (მაგ: ვულკანები, ელვა, სხვადასხვა ჩვენთვის ცნობილი ქიმიური რეაქცია). როცა ეს ნივთიერება ვენერას ღრუბლებში პირველად აღმოაჩინეს (2017 წელს), ის არაცოცხალ პროცესებს დაუკავშირეს, თუმცა 2019 წელს, ატაკამის ტელესკოპით (ALMA) დაკვირვების შედეგმა მეცნიერები სხვა შესაძლო სცენარებზე დააფიქრა. (შესაბამისი კვლევა ჟურნალ Nature Astronomy-ში გამოქვენყდა).

მიუხედავად იმისა, რომ ვენერაზე გოგირდმჟავის წვიმებია და მისი ზედაპირის ტემპერატურა კი 470 ºC-ია, შესაძლოა ვენერას უჟანგბადო გარემო ცოცხალ ორგანიზმებს მასპინძლობდეს. ახალი კვლევის თანახმად, რომელიც ვენერაზე ფოსფინის კონცენტრაციაზეა ორიენტირებული, მეცნიერები მიიჩნევენ, რომ პლანეტის ღრუბლებში იმაზე გაცილებით დიდი რაოდენობის ფოსფინია, ვიდრე ამ პლანეტაზე, არაცოცხალი პროცესების შედეგად შეიძლება გამოიყოს. ესეც რომ არა, ვენერას მჟავა ღრუბლები ამ ნივთიერებას სწრაფად უნდა შლიდეს, 2017 წლიდან 2019 წლამდე მიმდინარე დაკვირვებების შედეგად კი დასტურდება, რომ ვენერაზე ფოსფინის წარმოქმნა მუდმივად მიმდინარეობს.

„იმის გათვალისწინებით, რაც დღეს ვენერაზე ვიცით, მასზე ფოსფინის არსებობის ყველაზე სარწმუნო ახსნა, რაოდენ ფანტასტიკადაც არ უნდა ჟღერდეს ეს, სიცოცხლეს უკავშირდება (…) და თუ ეს ასეა, თუ ეს ნამდვილად ფოსფინია და თუ ის ნამდვილად ცოცხალი ორგანიზმების მიერაა გამოყოფილი, ეს ნიშნავს, რომ მარტონი არ ვართ და გარდა ამისა, ეს ნიშნავს იმასაც, რომ ჩვენს თუ სხვა გალაქტიკებში, უნდა არსებობდნენ პლანეტები, რომლებიც სიცოცხლის სხვადასხვა ფორმას მასპინძლობენ“, – ამბობს კვლევის თანაავტორი, კლარა საუსა-სილვა.

რა თქმა უნდა, მკვლევარებს სიცოცხლის ფორმებისთვის არ მიუგნიათ და ზუსტად არ ვიცით, რამდენად რეალურია მეცნიერთა ეჭვი, ვენერაზე რაიმე სახის სიცოცხლის არსებობის შესახებ. პლანეტაზე არსებული გარემოდან გამომდინარე (რომელიც ზემოთ აღვწერეთ), მისი შესწავლა სირთულეს უკავშირდება. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ პლანეტაზე გაგზავნილი რამდენიმე ზონდი დაიწვა, უახლოეს მომავალშიც, ალბათ, რთული იქნება იმის დაზუსტებით თქმა, ფოსფინის გამოყოფას ჩვენთვის უცნობი ქიმიური პროცესები უდევს საფუძვლად თუ მას ცოცხალი ორგანიზმები გამოყოფენ.

ამ აღმოჩენის შემდეგ, კვლევა, რა თქმა უნდა, გრძელდება და ჯერჯერობით, არ ვიცით, რა გზებს მიმართავენ მეცნიერები ახლადგაჩენილ კითხვაზე ზუსტი პასუხის გასაცემად. იქნება ეს კიდევ ერთი განწირული ზონდის ვენერას ზედაპირზე დაშვების მცდელობა, თუ მასზე შორიდან, ტელესკოპებით დაკვირვების გაგრძელება.

მასპინძლობს, თუ არა ვენერა სიცოცხლეს? თუ ამ კითხვაზე პასუხი დადებითი იქნება, ანუ, თუ ბიოლოგიურ ორგანიზმებს აღმოვაჩენთ ისეთ გარემოში/პლანეტაზე, სადაც დედამიწაზე არსებული ვერც ერთი ცოცხალი ორგანიზმი გადარჩებოდა, ერთი მხრივ, ეს იქნება პასუხი კითხვაზე – არსებობს თუ არა სიცოცხლე სხვა პლანეტაზე? მეორე მხრივ კი, მზის სისტემასა თუ მის გარეთ, სიცოცხლის აქტიური ძებნის საფუძველი. რადგან აქამდე სიცოცხლის ჩვენთვის უცნობ ფორმებს მხოლოდ იმ პლანეტებზე ვეძებდით, სადაც დედამიწისეული ორგანიზმებისთვის შედარებით ხელსაყრელი პირობებია.

იაშვილის საავადმყოფოს ინოვაციური მიდგომა ლაბორატორიულ მედიცინაში – VR სათვალეები პაციენტებისთვის

ახალი გასტრონომიული დუქანი „პური გულიანის“ შემქმნელებისგან