25
Jan
2019

ვერა მურღულია – ქართველი ქალი ყველაზე დიდ რალიში

25 Jan 2019

15 მარტს, საფრანგეთის ქალაქ ნიცაში, Gazelle-ის Off-Road რალი აიღებს სტარტს. ორი კვირის მანძილზე, მონაწილეებს 2500 კმ-ის დაფარვა მოუწევთ. აქედან, 9 დღეს კი, მაროკოს უდაბნოში გაატარებენ. წესების თანახმად, ავტოპილოტებს არ ექნებათ GPS ნავიგატორი, ამიტომ, გზის გაკვლევა ტრადიციული მეთოდებით მოუხდებათ. თუმცა, მონაწილეებისთვის თვალის მიდევნება მაყურებელს შეეძლება. “გაზელის” რალიში ასობით ავტოპილოტი და ათასობით სპონსორია ჩართული, თავად შოუს კი 125 მლნ ადამიანი ადევნებს თვალს. წელს, Gazelle-ის ქალთა რალიში ქართველი ქალი, ვერა მურღულია, მიიღებს მონაწილეობას. ავტოსპორტის მიმართ ინტერესი ბავშვობიდან აქვს, სხვადასხვა შეჯიბრებებშიც მიუღია მონაწილეობა, ამჯერად კი, გადაწყვიტა ძალები Gazelle-ის Off-Road რალიში მოსინჯოს. ვერა მურღულია უკვე თოთხმეტი წელია საფრანგეთში ცხოვრობს. თავიდან, როცა საფრანგეთში ჩავიდა, მონპელიესთან ახლოს, ქარის სერფინგს ასწავლიდა ბავშვებს. შემდეგ, საფრანგეთის მთავრობის სასწავლო გრანტი მოიპოვა და Aix-En-Provence-ის უნივერსიტეტში განაგრძო სწავლა მაგისტრატურაზე:

“2008 წლამდე, მენეჯმენტზე ვსწავლობდი. ამასობაში შემიყვარდა ფრანგი, რომელთანაც სამი შვილი შემეძინა. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი შვილების მამა 2017 წელს გარდაიცვალა, საფრანგეთში დარჩენა ვამჯობინე.”


დღეს, ის სამხრეთ საფრანგეთში მდებარე საკუთარი Guest House-ების გაქირავებითაა დაკავებული. 2011 წლიდან მართავს არასამთავრობო ორგანიზაცია “ასოციაცია Vera-ს”, რომელიც ახალგაზრდების გაცვლით პროექტებს უწევს ორგანიზებას. ამასთანავე, მუშაობს ენოლოგად, ქალაქ ვიდაუბანის ღვინის კვლევის ცენტრში. ამ ყველაფრის პარალელურად, საკუთარი სტარტაპიც აქვს: 

“თავისუფალ დროს ვუთმობ ბავშვებს და მანქანების სიყვარულს… მაქვს ახალი სტარტაპი, სახელით Cool & Vintage France, რომლის ფარგლებშიც ძველებურ საკოლექციო მანქანებს ვაგზავნი სარესტავრაციოდ საფრანგეთიდან საქართველოში, და ასევე ამავე სახის მანქანების ნაქარგებიან კეპებს ვამზადებინებ საქართველოში და საფრანგეთში ვუწევ კომერციალიზაციას.”

Gazelle-ის რალიში მონაწილეობისთვის დიდი ხანია ემზადება, საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებულია და სწამს, რომ გაიმარჯვებს…

 

M: მოგვიყევი შენი და ავტომობილის ურთიერთობაზე. როგორ დაეუფლე პროფესიონალურ მართვას?

ბავშვობიდან მქონდა შეხება ავტო სპორტთან, მამაჩემი გია მურღულია საბჭოთა კავშირის რალის პილოტი იყო და მრავალგზის ჩემპიონი. ასევე ჩემი ძმაც, გიგა მურღულია, მრავალჯერ იყო სხვადასხვა off-road რალის პილოტი საქართველოში. შანსი მქონდა ორჯერ ვყოფილიყავი მისი შტურმანი. ასე რომ, პატარაობიდან მიყვარდა მოგზაურობა, თავგადასავლები და ავტოსპორტი. როცა Rallye Aicha des Gazelles-ის ქალთა საერთაშორისო off-road რბოლას ვუყურე პირველად ერთ-ერთ ფრანგულ არხზე, ჩემ თავს შევპირდი რომ ერთ დღეს მეც მივიღებდი მონაწილეობას ამ რბოლაში. ერთი წელია აქტიურად ვემზადები, მართვის სტაჟები გავიარე, შტურმანი ავირჩიე და ბევრი სპონსორიც მოვიპოვეთ…

M: Gazelle-ზე პირველად მონაწილეობ?

Gazelle-ების ქალთა საერთაშორისო რალიზე პირველად, კი.. არასდროს მივლია უდაბნის ქვიშაში და არც მაროკოში ვარ ნამყოფი… მაგრამ მჯერა ჩემი თავის და ჩემი შესაძლებლობების, დარწმუნებული ვარ დაჯილდოვების დღეს პოდიუმზე ვიქნები…

M: რა პირობებს უნდა აკმაყოფილებდე, რომ Gazelle-ზე მიიღო მონაწილეობა?

რა თქმა უნდა უნდა იყო ავტომობილის მოყვარული ქალი და შეძლო 30 000 ევროს მოპოვება სპონსორებისგას, რადგან ეს ის თანხაა რაც საერთო ჯამში ამ რბოლაში მონაწილეობა ჯდება. აქედან 14900€ მონაწილეობის საფასურია, რომელიც ჩვენ სექტემბერში გადავიხადეთ. დანარჩენი კი ტრეინიგების, მაროკომდე გემით მგზავრობის და მანქანის მომზადების ხარჯებია. ასევე, ჩემი პარტნიორია Xtreme Off-Road Club Georgia. ამ კლუბმა მათხოვა მანქანა თბილისში გასავარჯიშებლად. ჩემს “ნისან ნავარასაც” ისინი ამზადებენ, ტექნიკურ დახმარებას მიწევენ.  

M: როგორია სამზადისი – რამდენი ხნით ადრე იწყებ მზადებას? თავად მზადება როგორი პროცესია? მანქანას რა სჭირდება და ა.შ.

მზადებას მინიმუმ 1 წლით ადრე იწყებ.  პილოტები გავდივართ შესაბამის off-road მართვის ტრეინინგს, მექანიკის ტრეინინგს და ასევე ნავიგაციის ტრეინინგს შტურმანთან ერთად. მზადების ეტაპზე ყველაზე რთული მაინც სპონსორების მოპოვებაა..
მანქანა უნდა მომზადეს Gazelle-ების რალის წესების შესაბამისად: ვამაღლებთ მანქანას, შესაბამის ამორტიზატორებს, საბურავებს და ა.შ. ვუყენებთ, საბარგულში რკინის დიდი ყუთი მონტაჟდება რომელშიც ადვილად ფუჭებადი ნაწილები, ფილტრები, სითხეები და საბურავის შესაკეთებელი ქაფები გვექნება, რომ რბოლის დროს მანქანის გაფუჭების შემთვევაში ჩვენ თვითონ შევძლოთ შეკეთება.. შიგ მანქანაში მაგრდება sarsat და iritrack ბალიზები, რომლითაც სატელითით გვადევნებენ თვალს უდაბნოში და პრობლემის შემთხვევაში ჩვენს გეოლოკალიზაციას ახდენენ, რადგან ჩვენ თვითონ ტელეფონის და ნავიგაციის სისტემის გამოყენება აკრძალული გვექნება რალის დროს. ტელეფონებს ჩამოგვართმევენ სტარტზე და ისეთ მანქანებში რომლებშიც ინტეგრირებული gps არის, გამოგვიერთებენ, რომ ვერ ვიხმაროთ.

M: როგორც ვიცი, შენი მეწყვილეა სტეფანი პირესი. გვიამბე მასზე.

სტეფანე ჩემი მეგობარია, რომელიც შტურმანად ავირჩიე რადგან ერთმანეთს კარგად ვუგებთ. ის არის 40 წლის და ჩემი ქალაქის პოლიციის ბრიგადის უფროსია. ჩვენ ერთი წელია ერთად ვემზადებით ამ თავგადასავლისთვის.

M: რა სირთულეებთან არის დაკავშირებული Gazelle-ის რალი? და რა კრიტერიუმებით გამოვლინდებიან გამარჯვებულები?

ოფიციალური დეპარტი ნიცაშია, საფრანგეთში, 16 მარტს. რალი სულ 2 კვირა გრძელდება. აქედან 9 დღე მაროკოს უდაბნოშია რბოლა, სადაც მინიმუმ 2500 კილომეტრი უნდა დავძლიოთ ყოველგვარი ნავიგაციის სისტემის გარეშე.  ეს არის ძველებური სტილის რალი, სადაც მხოლოდ გეოლოგიური რუქა და კომპასი გვექნება გზის გასაკვლევად. გამარჯვებული კი იქნება ის, ვინც ყველა კონტროლის პუნქტს მოივლის მინიმალური დისტანციის გავლით. ანუ სისწრაფეს არ ექნება აზრი. სჯობს, ხშირად გავჩერდეთ და დავფიქრდეთ საით წავიდეთ, რათა რაც შეიძლება ნაკლები კილომეტრი დაწეროს მანქანამ.

M: Gazelle-ს 125 მლნ მაყურებელი ჰყავს. ალბათ, ბევრია სპონსორობის მსურველი. ქართული კომპანიებისთვის რამდენად საინტერესოა შენს ავტომობილზე რეკლამის განთავსებით?

დიახ, სპონსორებისთვის ძალიან საინტერესოა ჩვენს მანქანაზე რეკლამის განთავსება, რადგან ეს რბოლა ძალიან მედიატიზირებულია.  მაგალითად, ჩვენი სპონსორებია, Dunlop GoodYear, Panzeri Sport, Decathlon, Festina, Dafy Moto, McDonald’s, EcoPrint, Mobalpa, Bricomarché, Nocibé, ა. შ. უკვე 30-მდე სპონსორი გვყავს, მაგრამ კვლავ გვაკლია რამდენიმე ათასი მანქანის ბოლომდე მოსამზადებლად, ასე რომ, სპონსორობის მსურველებმა მოგვმართეთ. ჩვენს მანქანაზე რეკლამის განთავსების საფასური იწყება 100 ევროდან. ეს ძალიან საინტერესო იქნება ისეთი ქართული კომპანიებისთვის რომელთად საერთაშორისო დონეზე სურთ გასვლა და უცხოელი კლიენტების მოზიდვა აინტერესებთ. 

ავტორი: თამარ მეფარიშვილი



განხილვა