in

„მდუმარე ქალაქები“ – მხატვარ ვერა ფაღავას ფრანგული შემოქმედება „თიბისი კონცეპტში“

ეს ამბავი ქართველ ხელოვანზეა, რომელმაც აღიარება სამშობლოზე ადრე ევროპაში, კერძოდ კი, საფრანგეთში მოიპოვა. ვერა ფაღავა – თუკი მხატვრის სახელი არ გეცნოთ, ეს იმიტომ, რომ საკუთარი ნამუშევრებით ჯერ ევროპა გააკვირვა და მხოლოდ დიდი ხნის შემდეგ ეცნობა ქართველი დამთვალიერებელი. სწორედ მას ეძღვნება გამოფენა, რომელიც „თიბისი კონცეპტში“ ვერა ფაღავას კულტურული ასოციაციის (AC/VP) ინიციატივით ტარდება. გამოფენა, სახელწოდებით „მდუმარე ქალაქები“ 23 სექტემბერს გაიხსნა „თიბისი კონცეპტში“. გამოფენაზე თავმოყრილია ვერა ფაღავას ფერწერული ტილოები, აკვარელები და ნახატები იმ ნამუშევართა ნაკრებიდან, რომელთა მთავარი თემაა ქალაქები და არქიტექტურა. ასევე, ისტორიული დოკუმენტები და ფოტოები, რომლებიც წარმოაჩენს ვერა ფაღავას მიერ შესრულებულ ფართომასშტაბიან არქიტექტურულ პროექტებთან დაკავშირებულ დაკვეთებს. როგორ შემუშავდა „მდუმარე ქალაქების“ კონცეფცია, პროექტის მენეჯერმა მარიამ ციკარიძემ გვიამბო.

ვერა ფაღავას კულტურული ასოციაციის საკუთრება – AC/VP

M: თქვენი ხედვით, რატომ იყო აქტუალური ვერა ფაღავას გამოფენის მოწყობა სწორედ ახლა?

თიბისის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება ქართული კულტურის მხარდაჭერაა. უნიკალურ მემკვიდრეობას საზოგადოებასთან მეტად დაახლოება სჭირდება. სწორედ ამიტომ, კომპანიისთვის დიდი პასუხისმგებლობაა მსგავსი მასშტაბური კულტურული პროექტების ორგანიზება.

ვერა ფაღავა და მისი შემოქმედება, ვფიქრობთ, არამხოლოდ ფრანგული ან ქართული კულტურის ნაწილია, არამედ მსოფლიო კულტურის ნაწილიც არის. ვერა ფაღავა ევროპულ კულტურას დაუკავშირდა და იქ მიმდინარე პროცესების თანმდევი გახდა. მიუხედავად მისი საერთაშორისო აღიარებისა და მნიშვნელობისა, მისი შემოქმედება ქართულ რეალობაში არ არის ისე ცნობილი და ნაკვლევი, როგორც ის იმსახურებს. ამის გამო კიდევ უფრო დიდია ინტერესი მის მიმართ. მისი ნამუშევრები დღესაც ძალიან აქტუალური და თანამედროვეა. იმედი,ა ეს გამოფენა, „მდუმარე ქალაქები“, რომელიც 6 თვის განმავლობაში გაგრძელდება თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციურ სივრცეში, საშუალებას მოგვცემს კარგად გავიცნოთ ვერა ფაღავა და მის მშობლიურ ქვეყანაშიც ისე იყოს დაფასებული, როგორც საფრანგეთშია.

ვერა ფაღავას კულტურული ასოციაციის საკუთრება – AC/VP

ვერა ფაღავა იმდენად დაფასებული მხატვარია საფრანგეთში, რომ საფრანგეთის ერთ-ერთი ქალაქ დიჟონში შეგვიძლია ვიხილოთ მისი შემოქმედების მნიშვნელოვანი ნაწილი: კოლექცინერ პიერ გრანვილის მიერ გადაცემული ნამუშევარები დიჟონის სახვითი ხელოვნების მუზეუმისთვის, ტრიპტიქი ტელეკომის შენობისთვის, ვიტრაჟები და ლიტურგიული ავეჯი დიჟონის წმ. იოსების ეკლესიაში.

ძალიან საამაყოა, რომ თიბისისა და ვერა ფაღავას კულტურულ ასოციაციციის თანამშრომლობა წარმატებით შედგა და ასეთი მნიშვნელოვანი მოვლენა ხდება თბილისში. ჩვენი სურვილია, რომ ამ საინტერესო მხატვრის, ვერა ფაღავას, შემოქმდება გავაცნოთ და გავუზიაროთ ფართო საზოგადოებას.

ვერა ფაღავას კულტურული ასოციაციის საკუთრება – AC/VP

M: რა მიზანი აქვს გამოფენას?

ამ პროექტზე მუშაობა დიდი ხნით ადრე დაიწყო. საკმაოდ ხანგრძლივად ვიმუშავეთ გამოფენის კურატორ ნინა ახვლდეიანთან და ვერა ფაღავას კულტურული ასოციაციის წევრებთან, ელისო და ანა ტარასაშვილებთან ერთად. მუშაობის პროცესი თავიდანვე ძალიან დინამიკური იყო და მოიცავდა რამდენიმე ეტაპს: გამოფენის კონცეფციის შემუშავებას, ვერა ფაღავას ნამუშევრებისა და კონტექსტის კვლევას, ექსპოზიციის დიზაინს, გამოფენის ვიზუალური სტილის შექმნას, პუბლიკაციაზე მუშაობას, ნამუშევრების ტრანსპორტირებას საფრანგეთიდან თბილისში, გამოფენის აწყობას და ა.შ. გამოფენაზე დამთვალიერებლს ვერა ფაღავას შემოქმედების ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდის ვრცალად ნახვის შესაძლებლობა ექნება. .

გამოფენაზე წარმოდგენილია ვერა ფაღავას შემოქმედების კონკრეტული პერიოდის ნამუშევრები, რომლებიც 1950-იანი წლებიდან 1980-იან წლებამდე შეიქმნა. ექსპოზიციაზე იხილავთ ფერწერულ ტილოებს, აკვარელებსა და ჩანახატებს იმ ნამუშევართა ნაკრებიდან, რომელთა მთავარი თემაა ქალაქები და არქიტექტურა. ვერა ფაღავას შემოქმედებაში ესაა გადამწყვეტი პერიოდი, როდესაც ის თანდათანობით გადადის ფერწერულ ტილოებზე ფორმების აბსტრაგირებაზე.

ვერა ფაღავას კულტურული ასოციაციის საკუთრება – AC/VP

M: რას მოიცავს და როგორ შეიმუშავეთ პროექტის კონცეფცია?

ექსპოზიცია ორ თემატურ ნაწილად არის დაყოფილი, პირველი სართულის გალერეა ეთმობა საარქივო მასალებს, ისტორიულ დოკუმენტებსა და ფოტოებს, მის მიერ შექმნილ სახელოვნებო წიგნებს, ლიტურგიული ავეჯის მაკეტებს, აკვარელში შესრულებულ ნამუშევრებსა და გრაფიკას.

მეორე სართულის საგამოფენო დარბაზი ეთმობა ფერწერულ ტილოებს, რომლებიც ერთ დროს, პარიზში გალერეა „დარიალში“ იყო გამოფენილი. ვერა ფაღავას ქალაქების სერია (დაახლ. 1976 წ.) ყურადღების ცენტრში, პირველად, გალერეა „დარიალის“ დამფუძნებლის, თამარ ტარასაშვილი-ტალის ინიციატივით მოექცა. ამ გამოფენის სახელწოდება, „მდუმარე ქალაქები“, შთაგონებულია ვერა ფაღავას ნამუშევრით „სიჩუმე“ (Silencieuse, 1965) აბსტრაქტული, ცარიელი ველი, რომელსაც მხატვარმა ფრანგული მდედრობითი სქესისთვის დამახასიათებელი სათაური შეურჩია.

გამოფენაზე წარმოდგენილი დოკუმენტები და ნამუშევრები, ძირითადად, ვერა ფაღავას კულტურული ასოციაციის – AC/VP კოლექციაა. ასევე, გამოფენილია ნამუშევრები საჯარო და კერძო კოლექციებიდან.

მოხარულები ვართ, რომ პროექტის პარტნიორები არიან საფრანგეთის საელჩო საქართველოში და ფრანგული ინსტიტუტი. ვფიქრობთ, ძალიან მნიშვნელოვანია მსგავსი მჭიდრო კულტურული კავშირი ევროპის ქვეყნებსა და საქართველოს შორის.

ვერა ფაღავას არ უყვარდა საკუთარ ხელოვნებაზე საუბარი. ამბობდა, ნახატი იმისთვისაა შექმნილი, რომ უყურო, ხელოვნებას ბევრი ლაპარაკი არ უნდა, ის თავად ამბობს თავის სათქმელსო. ასე რომ დამთვალიერებლისთვის ძალიან მიმზიდველი და საინტერესო უნდა იყოს მისი შემოქმედების ნახვა და ახლოდან გაცნობა.

ვერა ფაღავას კულტურული ასოციაციის საკუთრება – AC/VP

M: ვისთვის და როდის იქნება ხელმისაწვდომი გამოფენის დათვალიერება?

გამოფენა 2023 წლის 23 სექტემბერს 18:00 საათზე გაიხსნა თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციურ სივრცეში, მარჯანიშვილის 7-ში და 6 თვის მანძილზე გაგრძელდება, 2024 წლის 30 მარტამდე. თიბისი კონცეპტის სივრცე და გამოფენა, ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით, დილის 10-დან საღამოს 8 საათამდე, ღიაა ნებისმიერი დამთვალიერებლისთვის.

M: რა აქტივობებია დაგეგმილი, პროექტის ფარგლებში?

თიბისის კულტურულ პროექტებს მუდმივად თან ახლავს საგანმანათლებლო ნაწილი. მით უმეტეს, ასეთი მასშტაბური გამოფენის ფარგლებში, აუცილებლად ვგეგმავთ საგანმანათლებლო პროგრამას, რომელსაც საზოგადოებას ეტაპობრივად გავაცნობთ. ჩვენი მიზანია ისეთი მნიშვნელოვანი მხატვრის შემოქმედება, როგორიც ვერა ფაღავაა, სრულყოფილად გავუზიაროთ და გავაცნოთ საზოგადოებას, რათა ისეთივე დაფასებული და ნაცნობი იყოს ჩვენთვის, როგორც საფრანგეთშია. ჩვენ მიერ დაგეგმილ საგანმანათლებლო პროგრამაში ჩართული ადამიანები იქნებიან კურატორები, ხელოვნებათმცოდნეები, მკვლევრები, ხელოვანები და სტუდენტები. ასევე, პროგრამა მოიცავს საბავშვო აქტივობებსაც, გამოფენის ფარგლებში.

M: როგორი იქნება პროექტის მომდევნო ნაბიჯი?

გამოფენა ექვსი თვის მანძილზე გაგრძელდება და ბევრი სხვადსახვა აქტივობა და საგანმანათლებლო პროგრამა დაიგეგმება, თუმცა სხვა ახალი გამოფენა, ამ პროექტის ფარგლებში, არ განიხილება.

[R]

500 Global-ის, საქართველოს ბანკის და GITA-ს თანამშრომლობით, აქსელერაციის პროგრამის მეხუთე ნაკადი დაიწყო

რატომ არის წარმატებული ის რეკლამა, რომელიც გვაშინებს?