წარმატებულ ქალებზე არაერთხელ მოგვიყოლია, ბევრი ჯილდოც ერთად გვიზეიმია და გამარჯვებაც. თუმცა, რადგან მარტი ქალების თვეა, ახლა შესანიშნავი დროა მათთან პირდაპირ სასაუბროდ, რათა გავიგოთ, რა შექმნეს, რა შეცვალეს, რა შეცდომები დაუშვეს და რას გვირჩევენ დღეს… სწორედ ამიტომ, მარკეტერი წარმატებულ ქართველ ქალებს დაუკავშირდა. მათ შორისაა ვერა თოხაძე, Kraken-ის CEO, დანარჩენი კი, მოდით, ერთად გავიგოთ:
M: ვერა, მოგვიყევით თქვენი პროფესიის შესახებ და გაგვიზიარეთ, რა არის თქვენი მთავარი მოტივაცია მუშაობის პროცესში…
დღეს, როგორც სააგენტოს CEO, ჩემი ყოველდღიურობა მოითხოვს, რომ ვიყო ე. წ. ჯენერალისტი — შევეხო სხვადასხვა მიმართულებას, ვმართო პროცესები და დავინახო დიდი სურათი. ერთი შეხედვით, ჩვენ ბიზნესებისთვის ვმუშაობთ, მაგრამ საბოლოოდ, ჩვენი საქმიანობა ზემოქმედებს ადამიანებზე. ვფიქრობ, ეს არის ყველაზე დიდი მოტივაცია — იცოდე, რომ შენი ყოველდღიური შრომით შეგიძლია შეცვალო ვინმეს არჩევანი, გაამარტივო მათი ცხოვრება ან ახალი პერსპექტივა დაანახვო.
M: როგორ შეცვალა თქვენი ცხოვრება არჩეულმა პროფესიამ?
არასდროს მქონია დღე, როცა მიგრძნია, რომ ჩემი საქმე მოსაწყენი ან რუტინულია. დინამიკა, გამოწვევები და სხვადასხვა ტიპის პროექტებზე მუშაობა ჩემს პროფესიულ და პიროვნულ ზრდას მუდმივად უწყობს ხელს.
სამწუხაროდ, საზოგადოება განსაკუთრებით კრიტიკულია ქალების მიმართ, რაც ხშირად იწვევს დაუმსახურებელ ეჭვებს საკუთარ შესაძლებლობებში. თუმცა, პროფესიაში რეალიზებამ დამარწმუნა, რამდენად მცდარია ეს შეხედულებები. ჩემი საქმე მაძლევს თავდაჯერებულობას, მაპოვნინა მნიშვნელოვანი ღირებულებები და შეცვალა ჩემი პრიორიტეტები.
M: როგორ ფიქრობთ, რა იყო/არის თქვენი წარმატების გასაღები?
ჩემი წარმატების გასაღები, ალბათ, ის არის, რომ დიდ მიზნებზე ფიქრის გარდა, პროცესითაც ვტკბები. ვცდილობ, ყოველ დღე რაღაც ახალი გავიგო, რაღაც უკეთ გავაკეთო და ამ გზით მიზნების მიღწევა ბუნებრივი და ნაკლებად სტრესული ხდება. მგონია, რომ როცა გზა თავად გიხარია, შედეგიც ბევრად უფრო სტაბილური და მყარია.
M: გვესაუბრეთ შეცდომაზე, რომელიც დიდი გაკვეთილი გამოდგა თქვენთვის კარიერაში…
კარიერის საწყის ეტაპზე ძალიან ბევრს ვნერვიულობდი. ამ შიშის გამო ხშირად პასუხისმგებლობის აღებას გავურბოდი და დავალებებს ვდებდი „მოგვიანებისთვის“ — საღამოსთვის, ხვალისთვის, შემდეგი კვირისთვის… მაგრამ გადადება სულაც არ გამშვიდებს. პირიქით, სტრესი მუდამ თან მდევდა. ამ ჩვევის გამო ერთ-ერთ პროექტზე ვეღარ გავაკონტროლე დედლაინი, რაც ფინანსური და რეპუტაციული ზარალით დასრულდა. ამის შემდეგ კი საკუთარ თავს საქმის მაშინვე გაკეთება ვასწავლე, რომ არც 5 წუთით უნდა გადავდო და არც „იდეალურ მომენტს“ დაველოდო.
M: ერთი რჩევის მიცემა რომ შეგეძლოთ თქვენი პროფესიის მქონე ქალებისთვის, რა იქნებოდა ეს?
არ შეუშინდეთ შეცდომებს, კრიტიკას, სირცხვილს. შიში ყველაზე დიდი დაბრკოლებაა. თავდაჯერებულობა, შესაძლოა, თავიდან არ გქონდეთ, მაგრამ პროცესში აუცილებლად მიხვდებით, რომ უკვე გჯერათ საკუთარი შესაძლებლობების.
არ შეადაროთ საკუთარი თავი სხვებს: არც კაცებს, არც ქალებს. ერთადერთი კონკურენტი, ვისაც უნდა აჯობოთ, გუშინდელი თქვენი თავია. აღნიშნეთ თითოეული, თუნდაც პატარა, წარმატება და ნუ დაელოდებით გრანდიოზულ მიღწევებს საკუთარ ძალებში დასარწმუნებლად. გჯეროდეთ, რომ რასაც აკეთებთ, ღირებულია.
ავტორი: მაკუნა ჯუღელი