in

როდის სჯობს ვერბალური ან წერილობითი უკუკავშირის მიცემა?

რამდენჯერ გქონიათ ისეთი შემთხვევა, როდესაც თანამშრომელს სიღრმისეულ უკუკავშირს აძლევთ, ისინიც გიდასტურებენ, რომ სამომავლოდ გაითვალისწინებენ შენიშვნებს… საბოლოოდ კი არაფერი იცვლება? დაფიქრებულხართ, რატომ ხდება ასე?  ე. წ. „ფიდბექის“ წარუმატებლობის ბევრი მიზეზი არსებობს — მათ შორის ერთ-ერთია უკუკავშირის „სწორი“ ფორმის არჩევა: ვერბალური თუ წერილობითი. უმეტესად ხელმძღვანელები ერთ-ერთ მათგანს მხოლოდ იმიტომ იყენებენ, რომ მათთვის ის ყველაზე კომფორტულია.

ეს საკმაოდ ლოგიკური შენიშვნაა. უკუკავშირის მიცემა რთულია, შესაბამისად, ამ დროს ჩვენი ძლიერი მხარეების გამოყენება მნიშვნელოვანია. მაგალითად, თუ კომუნიკაბელური ხართ, საუბარი უმჯობესია — ოფისში შეხვედრა, Zoom-ში ჩართვა და ა. შ. ხოლო თუ ფიქრისთვის და აზრების ჩამოსაყალიბებლად მეტი დრო გჭირდებათ ან კომუნიკაცია ნაკლებად ემოციურად დატვირთულ გარემოში გირჩევნიათ, სავარაუდოდ, წერილობით უკუკავშირს ამჯობინებთ.

უბრალოდ, ყოველთვის ის არ ამართლებს, რაც თავად გვსურს ან გვემარტივება. იმისათვის, რომ ფიდბექი ეფექტური იყოს, უნდა განიხილოთ, რა მუშაობს საუკეთესოდ კონკრეტული სიტუაციის კონტექსტში, აუდიტორიისა და მიზნებისთვის. სიტყვიერი და წერილობითი გამოხმაურება აუცილებელია, თითოეულს კი თავისი დრო და ადგილი აქვს.

მიაწოდეთ წერილობითი უკუკავშირი, როდესაც…

საკმარისი დრო გაქვთ ამის სწორად გასაკეთებლად

ჩვენ ხშირად მივმართავთ წერილობით ფიდბექს, როცა ვგრძნობთ, რომ საუბრის დრო არ გვაქვს. შეიძლება მაცდური იყოს სწრაფი ელ.ფოსტის დაწერა და შესასრულებელი სიიდან ამ „მოვალეობის“ ამოშლა, მაგრამ ეს არასწორია. სამუშაო ცხოვრების აურზაურსა და ქაოსში ადვილია დაივიწყო, რომ წერილობითი კომუნიკაცია მუდმივია. გაითვალისწინეთ, დამატებითი წერილობითი უკუკავშირი აუცილებელია — ის ისე უნდა იყოს შედგენილი, რომ ყველა მნიშვნელოვან საკითხს დეტალურად ეხმაურებოდეს.

გარდა ამისა, ნაწერის გადაკითხვა დაგეხმარებათ, „ტონი გადაამოწმოთ“. მაშინაც კი, თუ მიმოხილვას ნეიტრალურ ან პოზიტიურ ტონში წერთ, მკითხველები ტექსტს უფრო უხეშად აღიქვამენ. ეს ნაწილობრივ იმიტომ ხდება, რომ სხეულის პოზიტიური ენა და თბილი ვოკალური ტონები დაწერილ ტექსტში არ ჩანს. ამრიგად, ასეთ დროს სითბოს, გამხნევების ან მადლიერების მკაფიო ნიშნები დიდი დატვირთვის მატარებელია.

გსურთ განამტკიცოთ ან გამოასწოროთ ის, რაც საუბრისას ითქვა

თუ თქვენი უკუკავშირი შეიცავს ინსტრუქციებს, შემდეგ ნაბიჯებს, რეკომენდაციებს ან სხვა ინფორმაციას, რომელსაც ადრესატი მუშაობის ფარგლებში კვლავ მიმართავს, განიხილეთ ბრიფინგის დანიშვნაც. ყველაფრის ზედმიწევნით შესასრულებლად, მოამზადეთ წერილობითი რეზიუმე, რათა თანამშრომლებს იმის მიღწევაში დაეხმაროთ, რისი ნახვაც მათი მომავალი ვერსიებისგან გსურთ.

გინდათ, ადრესატმა საფიქრალი დრო გამოყოს

ხშირად ადამიანები უკეთესად ახერხებენ ვერბალური უკუკავშირის გაანალიზებას, თუ მანამდე წერილობითი ვერსია აქვთ წაკითხული. ეს წინასწარი ფიქრის და ერთგვარი მომზადების საშუალებას იძლევა.

მიეცით სიტყვიერი უკუკავშირი, როდესაც…

ფიდბექი უფრო რთულია

ელფოსტა და სხვა წერილობითი კომუნიკაციები არ არის საუკეთესო საშუალება სირთულეების განსახილველად. საუბრისთვის დროის დათმობა უკეთესი შედეგის მომტანია, თუ მოსალოდნელია, რომ თქვენი გამოხმაურება განვითარდება ან შეიცვლება სხვისი აზრის საფუძველზე. საუბარი პრობლემის მეტად სრულყოფილად შესწავლის საშუალებას იძლევა, რასაც უკეთეს გადაწყვეტილებებამდე მივყავართ.

როდესაც ხელმძღვანელები ყოველთვის მხოლოდ წერილობით ფიდბექს ამჯობინებენ, ხელიდან უშვებენ იმის შესაძლებლობას, რომ თანამშრომლებს საუკეთესო რჩევა მისცენ თუ მოქმედების არჩევაში დაეხმარონ. პირისპირ ლაპარაკი კი მოლოდინების გარკვევას და მეტად კომფორტული გარემოს შექმნას უწყობს ხელს.

მარტივად რომ ვთქვათ, კომპლექსური უკუკავშირი საჭიროებს როგორც წერილობით, ისე ვერბალურ განხილვას. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, პირველი მათგანი შემამზადებელი იქნება, მეორე კი კიდევ უფრო მეტად გააღრმავებს საკითხის შესწავლას.

რთულ ემოციებთან გიწევთ შეჯახება

როდესაც საქმე ემოციებს ეხება, ალბათ, საუბარი უფრო ეფექტურია. და მაინც ვერიდებით ლაპარაკს ზუსტად იმიტომ, რომ რთულ ემოციებთან დაპირისპირება ტკივილთან ასოცირდება. თუმცა არ შეცდეთ: მყისიერი რეაქციის ვერ დანახვა მის გაქრობას არ ნიშნავს. პირიქით, როცა ვინმე უარყოფით მიმოხილვას კითხულობს, შესაძლოა, მისი რეაგირება უფრო მძაფრიც კი იყოს. ხოლო მეტი წყენა მეტ გაუგებრობას გამოიწვევს.

თქვენი მიზანია ურთიერთობის აღდგენა ან გაძლიერება

ჩვენ ხშირად ვერიდებით უკუკავშირს, რადგან გვეშინია, რომ ის ურთიერთობებს დააზარალებს. თუმცა მკაფიო და გააზრებულ ფიდბექს, შეიძლება, საპირისპირო ეფექტი ჰქონდეს და კავშირი გააძლიეროს. უბრალოდ, ეს უმეტესწილად სწორედ საუბრისასაა ეფექტური, რადგან მთელი პროცესი თანამშრომლობით სახეს იღებს. როდესაც დროს გამოყოფთ სხვისი თვალსაზრისის მოსასმენად და გადაწყვეტილებების ერთად მოსაძებნად, შეგიძლიათ უფრო გააღრმაოთ თანამშრომლობა.

მეორე მხრივ, შესაძლოა, საუბრის თავიდან აცილებამ ზიანი მიაყენოს ურთიერთობას. თუ ნეგატიურ ფიდბექებს თავს აარიდებთ, წყენა გამუდმებით დაგროვდება და საბოლოოდ გაცილებით ცუდი სახით გამოვლინდება. თანაც, ყველაფერზე თვალის დახუჭვა პრობლემის ნათლად და ეფექტურად ახსნის უნარს ახშობს. აქვე ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ადამიანები ე. წ. „გამჭვირვალობის ილუზიისკენ“ ვართ მიდრეკილნი — ეს არის კოგნიტიური მიკერძოება, როდესაც გვჯერა, რომ ჩვენი შინაგანი აზრები და გრძნობები უფრო თვალსაჩინოა, ვიდრე სინამდვილეში. ამიტომაც, შეიძლება, უნებურად შეამსუბუქოთ ნეგატიური უკუკავშირი და ივარაუდოთ, რომ კოლეგებმა იციან, რას გულისხმობთ სინამდვილეში.

შეიძლება, ხმოვანი შენიშვნები სასიამოვნო იყოს?

ბევრი პროფესორი, მეწარმე და გუნდის ლიდერი მიმართავს ხმოვან შენიშვნებს. ისეთი ხელსაწყოები, როგორებიცაა Voxer, Loom ან Voice Memos, მენეჯერს საშუალებას აძლევს, სწრაფი ვერბალური უკუკავშირი მიაწოდოს თანამშრომლებს.

გამოხმაურების ამ სულ უფრო პოპულარულ ფორმას შეუძლია გადალახოს ზოგიერთი უფსკრული ვერბალურ და წერილობით გამოხმაურებას შორის, რაც ზემოთ აღვნიშნეთ. გარდა იმისა, რომ ეს საშუალებას აძლევს მენეჯერებს, გამოაცხადონ უკუკავშირი სწრაფად და მოხერხებულად, ის მნიშვნელოვანი ინსტრუქციების ადვილად შენახვისთვისაც პრაქტიკულია. . მარტივად რომ ვთქვათ, ამ გზით, უკუკავშირის მიწოდება შესაძლებელია უშუალოდ და მენეჯერის მხრიდან მინიმალური ძალისხმევით.

 

წყარო: HBR



მოემზადე: CashBack-ისა და Visa-ს საახალწლო აქცია 24 დეკემბრიდან იწყება!

Ducati – ხელით შექმნილი მონსტრი