5
Jul
2019

ვერდის ფესტივალს, საქართველოში, თბილისის ოპერა და „ბლექ სი არენა“ უმასპინძლებს

5 Jul 2019

თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში, ვერდის ფესტივალის საქართველოში ჩატარებასთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გაიმართა.

„უდიდესი იტალიელი კომპოზიტორის – ჯუზეპე ვერდის სახელობის ფესტივალი, რომელიც ქალაქ პარმასა და ბუსეტოში ყოველწლიურად ტარდება, მილიონობით მელომანს იზიდავს, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. წელს კი პირველად ვერდის ფესტივალი სცდება იტალიის საზღვრებს და  საქართველოში ტარდება. ეს უპრეცედენტო მოვლენაა“, – აღნიშნეს ორგანიზატორებმა პრესკონფერენციაზე, რომელსაც თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი და დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ბადრი მაისურაძე, ოპერის მომღერალი, თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის მოადგილე გიორგი ანდღულაძე და „ბლექ სი არენას“ დირექტორი ტატო ხარჩილავა ესწრებოდნენ.

2018 წლის 23 აგვისტოს, ვერდის ფესტივალსა და თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრს შორის 3 წლიანი ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა – თეატრს ვერდის ფესტივალის ჩატარების ექსკლუზიური უფლება მიენიჭა. ინიციატივას, რომელიც ორ ქვეყანას შორის მჭიდრო კულტურულ ურთიერთ თანამშრომლობას ითვალისწინებს, მხარს უჭერს იტალიის სენატი და მთავრობა. ფესტივალი ტარდება Check in Georgia-ს ფარგლებში.

„16 აგვისტოს – „ბალ-მასკარადის“ პრემიერა გაიმართება თბილისის ოპერის თეატრში. ეს არის ტეატრო რეჯიო დი პარმას  დადგმა.

23 აგვისტოს – არენა დი ვერონას „აიდა“ ბლექ სი არენას სცენაზე შესრულდება. გარდა იმისა, რომ არენა დი ვერონას სპექტაკლი პირველად ჩამოდის საქართველოში, „ბლექ სი არენაზე“ პირველად დაიდგმება საოპერო წარმოდგენა.

25 აგვისტოს კი  „ბლექ სი არენაზე“ მსოფლიო საოპერო ვარსკვლავები გალა-კონცერტს გამართავენ“.

როგორც პრესკონფერენციაზე ტატო ხარჩილავამ აღნიშნა, „ბლექ სი არენასთვის“ ეს დიდი გამოწვევა და პასუხისმგებლობაა.

„პირველად, მრავალწლიანი არსებობის ისტორიაში, ვერდის პრესტიჟული ფესტივალი ტოვებს იტალიას და გადმოინაცვლებს საქართველოში. ჩვენთვის უდიდესი პატივია, რომ სამიდან ორი ღონისძიება სწორედ ჩვენს არენაზე გაიმართება. მზად ვართ იმ ტექნიკური სამუშაოებისთვის, რომლებიც წინ უძღვის ამ შესანიშნავ სანახაობას, ჯერ „აიდას“, შემდეგ კი მსოფლიო საოპერო ვარსკვლავების გალა-კონცერტების სახით“.

მედიასთან შეხვედრისას ბადრი მაისურაძემ აღნიშნა, რომ საქართველოსთვის ამ უმნიშვნელოვანესი მოვლენისთვის განსაკუთრებულად ემზადებიან.

„მაღალფარდოვან სიტყვებს ვერ ავცდებით, რადგან ეს განსაკუთრებული დღეა. ვერდის ფესტივალის საქართველოში ჩატარების შესახებ ვაკეთებთ განცხადებას. არ მოვერიდები სიტყვა „უპრეცედენტოს“ გამოყენებას, რადგან ეს მართლაც ასეა. ვერდის საერთაშორისო ფესტივალის ჩატარების უფლება თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრს გადმოეცა“.

გიორგი ანდღულაძის თქმით, ჯერ თბილისის ოპერის, შემდეგ კი „ბლექ სი არენას“ სცენას იტალიიდან და არა მხოლოდ, უამრავი მსოფლიო დონის შემსრულებელი დაიკავებს და საქართველოში ჩამოვლენ არა მხოლოდ ოპერის მომღერლები, არამედ რეჟისორები, ტექნიკური ჯგუფი და ა.შ.

„ფესტივალის პარტნიორია ევროპის უდიდესი კერძო მედიაკომპანია Mediaset S.p.A (მფლობელი იტალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი სილვიო ბერლუსკონი), რომელიც ევროპის თხუთმეტ ქვეყანაში მაუწყებლობს. მრავალი პრიზის მფლობელი გადამღები ჯგუფი საქართველოში ჩამოვა სრული ტექნიკური აღჭურვილობით და უზრუნველყოფს ფესტივალისა და ქვეყნის გაშუქებას უმაღლესი სტანდარტების შესაბამისად. Mediaset, ასევე, გააშუქებს საქართველოს კულტურულ მემკვიდრეობას: ისტორიულ ძეგლებს, არამატერიალური მემკვიდრეობის შედევრებს, რათა მაქსიმალურად წარმოჩინდეს ჩვენი ქვეყნის უნიკალური ტურისტული პოტენციალი“.

ორგანიზატორების თქმით, პროექტის მიზანია საქართველოს, როგორც რეგიონის კულტურულ ცენტრად ჩამოყალიბება.

„ ეს ხელს შეუწყობს საქართველოს, როგორც ტურისტული მიმართულების პოპულარიზაციას მსოფლიოში, კლასიკური მუსიკის მოყვარულებს და არა მხოლოდ მათ, მისცემს შესაძლებლობას, იხილონ მსოფლიოს წამყვანი თეატრების მაღალი ხარისხის პროდუქცია. ბილეთები, რომლებიც tkt.ge-სა და biletebi.ge-ზე გაიყიდება, უპრეცედენტოდ დაბალი ფასისაა და იწყება 20 ლარიდან“.

[R]

განხილვა