9
Oct
2017

„როგორ ვაქციოთ ხელოვნება შემოსავლის წყაროდ?“ – Vertigo – ხელოვნების მენეჯმენტის სკოლა თბილისში

9 Oct 2017

2017 წლის 1 ნოემბერს, იხსნება არტ მენეჯმენტის პირველი სკოლა VERTIGO, სადაც 18-დან 40 წლამდე ასაკის ადამიანები დაეუფლებიან უახლეს პროფესიებს თანამედროვე ხელოვნების, გასართობი ინდუსტრიისა და შემოქმედებითი მარკეტინგის სფეროში, თეორიისა და პრაქტიკის სინთეზით. პროგრამა ხანგრძლივ და ხანმოკლე, დღის და საღამოს კურსებად იყოფა, სადაც სტუდენტები ისწავლიან, როგორ აქციონ ხელოვნება შემოსავლის წყაროდ. პროექტის კონცეფციის ავტორი და დამფუძნებელია ანი ლუხავა, ხოლო ვიზუალური კონცეფციის ავტორი და დიზაინერი – სანდრო კოზმანიშვილი.

„კულტურის განვითარება მხოლოდ ხელოვანებზე არაა დამოკიდებული. სახელმწიფოს გარდა, აუცილებელია, პროცესში მონაწილეობდნენ ბიზნესმენები, მარკეტერები და მედია. ამიტომ, გადავწყვიტეთ, შეგვექმნა სივრცე, რომელიც ყველა რგოლს გააერთიანებდა და ურთიერთსასარგებლო კომუნიკაციით წარმოქმნიდა ახალ გარემოს – უფრო მეტ სახელოვნებო პროექტს, უფრო მეტად შემოქმედებითი ხედვის მედიასა და ბიზნეს სექტორს“, – ანი ლუხავა, პროექტის ავტორი და კოორდინატორი.


ანი ლუხავა, 27 წლის, პროექტის ავტორი და კოორდინატორი:
რამდენიმე პროფესია მაქვს. ილიას უნივერსიტეტის ხელოვნებისა და მეცნიერების ფაკულტეტის ბაკალავრი ვარ. ასევე, ვსწავლობდი Stockholm School of Economics-ში და რადიო თავისუფლების მედია სკოლაში. პერიოდულად, სხვადასხვა ტელევიზიისა და ონლაინ ჟურნალის თანამშრომელი ვიყავი. ვამზადებდი  სოციალური კონტექსტის სატელევიზიო დოკუმენტურ ფილმებსა და გადაცემებს, მათ შორის, კულტურაზე. ვმუშაობდი სხვადასხვა სარეკლამო სააგენტოში. ჩემი საქმიანობა მოიცავდა copywriting-ს, პროექტების მენეჯმენტსა და სარეკლამო რგოლების პროდიუსინგს. ამჟამად, კინორეჟისურა მაინტერესებს. ვცდილობ, ვწერო მუსიკაზე.


სანდრო კოზმანიშვილი
, 28 წლის, ვიზუალური კონცეფციის ავტორი და დიზაინერი:
ვსწავლობდი თბილისის სამხატვრო აკადემიაში მედია ხელოვნების ფაკულტეტზე. თითქმის ათი წლის განმავლობაში ვმუშაობდი გრაფიკულ დიზაინერად. პერიოდულად, ვიყავი სხვადასხვა სარეკლამო სააგენტოს თანამშრომელი.


ანი ლუხავა: VERTIGO-ს შექმნის იდეა 2 წლის წინ გაჩნდა, ერთ-ერთი პოსტსაბჭოთა შენობის მეთერთმეტე სართულზე, გრძელ და ვიწრო დერეფანში, რომელიც ალფრედ ჰიჩკოკის ამავე სახელწოდების ფილმის ფერებში იყო განათებული. ამ შენობაში მე და სანდრო სტუდიას ვქირაობდით. თავიდანვე ვიცოდით, რომ VERTIGO უნდა ყოფილიყო პლატფორმა, რომელიც ხელოვანებს თვითრეალიზებაში მიეხმარებოდა. გადავწყვიტეთ, დაგვეწყო კულტურის სფეროს საჭიროებების გამორკვევით.

პირველი პროექტი, რომელიც VERTIGO-ს სახელით განვახორციელეთ, იყო მულტიმედიური ფორმატის ონლაინ ჟურნალი თანამედროვე ხელოვნებაზე. ვაქვეყნებდით მუსიკალურ რევიუებს, live პერფორმანსებს, პოდკასტებს, ანალიტიკურ და კრიტიკულ წერილებს. ვსაუბრობდით სხვადასხვა დარგის  პრობლემებზე, პერსპექტივებზე. ჟურნალზე მუშაობის პროცესში არტ მენეჯმენტის სკოლის აუცილებლობა დავინახეთ. საქართველოში არსებობს ინტელექტუალური რესურსი, რომელსაც რეალიზების პირობები უნდა შევუქმნათ. ჩვენი სკოლის მიზანია, გამოუშვას თანამედროვე მოთხოვნების შესამაბისი პროფესიონალი კადრები როგორც ხელოვნების, ისე მარკეტინგისა და ბიზნესის სფეროში და რაც მთავარია, იყოს მათი თანამშრომლობის ინიციატორი.

M: რა ფაქტორების გათვალისწინებით შეადგინეთ სასწავლო პროგრამა?
სასწავლო პროგრამის შედგენა კვლევით დავიწყეთ. მოვიძიეთ ცნობები ისეთი საერთაშორისო ორგანიზაციებისგან, როგორიცაა Association of Arts Administration Educators და სხვები. იდეა დავტესტეთ ფოკუს ჯგუფებზე. შევისწავლეთ სხვადასხვა საგანმანათლებლო დაწესებულების სილაბუსი საქართველოში და მის გარეთ. ჩვენს პროგრამას მოვარგეთ Berklee-ს, BFI-ს, New York Film Academy-ს სწავლების მეთოდები. შედეგად, მივიღეთ თეორიისა და პრაქტიკის სინთეზი.

პროგრამის შედგენისას, რამდენიმე პრობლემა გამოვყავით, რომელიც ჩვენს საზოგადოებაში დავინახეთ და პროფესიული კურსების სახით, მათი გადაჭრის გზები მოვძებნეთ:

საქართველოში, სკოლის დამთავრებისთანავე უნივერსიტეტის სტუდენტი ხდები. ამ გადაწყვეტილების მიღებას საზოგადოება უნებლიეთ გაიძულებს. 17 წლის ასაკში გაკეთებული არჩევანი, ხშირად, შეუსაბამოა. ჩვენი სკოლა არის ადგილი, სადაც დარწმუნდებით, რომ პროფესიის შეცვლა არასდროსაა დაგვიანებული;ჩვენს ქვეყანაში თითქმის არ არსებობს ჰობის კულტურა. ჰობი პიროვნული რეალიზების საშუალება და ერთგვარი თერაპიაა, რომელიც, ასევე, კომერციულ ინტერესად შეგიძლია, აქციო. მაგალითად, თუ ჟურნალისტი ხარ და მუსიკა გიყვარს, გახდი მუსიკალური რევიუერი. ასე, მარტივად;

ეროვნული საგამოცდო ცენტრის სტატისტიკის მიხედვით, აბიტურიენტებში ხელოვნება არაპოპულარული დარგია. VERTIGO სწორედ ის ადგილია, სადაც დარწმუნდებით, რომ ყველა პროფესია შეიძლება გახდეს შემოსავლის წყარო, მთავარია, აირჩიო საქმე, რომელიც გაინტერესებს.

M: კონკრეტულად, რას მოიცავს Vertigo-ს სასწავლო პროგრამა?
სალიტერატურო და საგამომცემლო მენეჯმენტი >> პედაგოგი – გიორგი კეკელიძე [ 3 თვიანი კურსი]
თანამედროვე თეატრის PR და მარკეტინგი >> პედაგოგი – მიშა ჩარკვიანი [4 თვიანი კურსი]
ვენიუს მენეჯმენტი >> პედაგოგი – ნაჯა ორაშვილი [ 6 თვიანი კურსი]
მუსიკალური ჟურნალისტიკა და არტ მარკეტინგი >> პედაგოგი – ჯაბა შავიშვილი [ 6 თვიანი კურსი]
მუსიკალური ფესტივალის მენეჯმენტი >> პედაგოგი – ვახო ბაბუნაშვილი [ 6 თვიანი კურსი]


M: რა მოლოდინებს ქმნით, რას მიიღებენ მსურველები Vertigo-ს კურსებისგან?
არ გვინდოდა, ჩვენთან სწავლა ყოფილიყო მოსაწყენი, ძვირადღირებული და არაეფექტური, ამიტომაც, კურსები იყოფა თეორიულ და პრაქტიკულ ნაწილებად. თეორია არის ხანმოკლე, პრაქტიკა – ინტენსიური. მაგალითად, თუ აირჩევთ ვენიუს მენეჯმენტის კურსს, თეორიული ნაწილის მოსმენა კვირაში მხოლოდ ერთხელ მოგიწევთ, ხოლო კვირის განმავლობაში ამ ცოდნას გაიმყარებთ პრაქტიკით კლუბ BASSIANI-ს პროექტებზე მუშაობისას და ასე, ყველა კურსის შემთხვევაში.

დამსაქმებლები, სერტიფიკატთან ერთად, გამოცდილებას გვთხოვენ. ამიტომ,
VERTIGO-ს მთავარი პრიორიტეტი პორტფოლიო მგონია, რომელსაც სერტიფიკატთან ერთად გავცემთ. დოკუმენტში, პედაგოგის რეკომენდაციის თანხლებით, პროექტებში სტუდენტების მონაწილეობის ამსახველ ფოტომასალას ვათავსებთ. გვინდა, თითოეულმა VERTIGO-ელმა მომავალში შეძლოს საკუთარი სახელოვნებო პროექტის წამოწყება.

ამას გარდა, ვაგრძელებთ ჟურნალის – VERTIGO MAG – გამოცემას, სადაც, ყოველთვიურად, ჩვენი სტუდენტების ნამუშევრები გამოქვეყნდება.
ასევე, ვგეგმავთ პროექტს #უსმინექართულს, რომლის მიზანი ქვეყანაში ექსპერიმენტული მუსიკის განვითარებაა. ჩვენს შენობაში გამოვყავით ადგილი, რომელიც საგამოფენო სივრცის ფუნქციას შეითავსებს. აქ გამოიფინება და გაიყიდება სხვადასხვა ადგილობრივი მხატვრის, კონცეპტუალური არტისტის, ფოტოგრაფისა თუ მუსიკოსის ნამუშევრები. ვცდილობთ, ასე გამოვხატოთ მხარდაჭერა ქართველი ხელოვანების მიმართ.

M: რას მოიცავს მიზნობრივ აუდიტორიასთან საკომუნიკაციო ვიზუალური კონცეფცია და PR კამპანია?
გვაქვს ორი მთავარი საკომუნიკაციო გზავნილი: VERTIGO where art realises – სადაც ხელოვნება რეალიზდება და იპოვ’ე შენი თავი – #findyourpassion, სლოგანი აერთიანებს სიტყვებს იპოვნე და მოიპოვე.
სახელწოდებას VERTIGO რამდენიმე მნიშვნელობით ვიყენებთ: ალფრედ ჰიჩკოკის ფილმის სათაური  და ვიზუალური ესთეტიკა; სიტყვა – თავბრუდამხვევის კონოტაციით.
რაც შეეხება კონცეფციას – დუალიზმია, მატერიალური და არამატერიალური ღირებულებების გაერთიანება ახალი გამოცდილების მისაღებად.
ბრენდინგის ხაზიც სწორედ ამ კონცეფციაზეა აგებული.
ფერთა პალიტრა – მკვეთრი ლურჯი, თეთრი და ნაცრისფერი;
ლოგო – გეომეტრიული ფიგურების ურთიერთობა, მოძრაობა [2017-2018 წლის ტრენდისა და შვეიცარიული სტილის კომბინაციით].

ჰედლაინად ვიყენებთ ფრაზას, რომელსაც კიმ ნოვაკის პერსონაჟი ამბობს ჰიჩკოკის ფილმში VERTIGO: “One is a wanderer. Two together are always going somewhere“ (ერთი მოხეტიალეა. ორს ერთად კი, ყოველთვის აქვს მიმართულება.).
VERTIGO-ში მოსახვედრად საჭიროა აპლიკაციის ფორმის შევსება: www.vertigo.ge/apply 

განხილვა