გადაჭარბებული მზრუნველობა და კონტროლი, რასაც ხშირად „ვერტმფრენ მშობლობას“ უწოდებენ, ბავშვობის ასაკიდან უნივერსიტეტის აუდიტორიებსა და სამუშაო სივრცეებშიც ინაცვლებს. ნეირომეცნიერებაში ამ მოვლენას ცალკე დიაგნოზად არ განიხილავენ, თუმცა დეტალურად იკვლევენ მის თანმხლებ ქცევებს, მაგალითად, ჰიპერმზრუნველობას, გადამეტებულ კონტროლს, პირად სივრცეში შეჭრასა და დამოუკიდებლობის შეზღუდვას. ეს ქცევითი მოდელი პირდაპირ აისახება იმაზე, თუ როგორ ყალიბდება ტვინი, როგორ უმკლავდება ადამიანი საფრთხეებს, შეცდომებსა და ემოციურ გამოწვევებს.
გაურკვევლობით სავსე სამყაროში გადაჭარბებული მეურვეობის ზრდა ბუნებრივი მოვლენაა. ეს სტილი ხშირად ღრმა შფოთვიდან, შვილის ტკივილისა თუ მარცხისგან დაცვის სურვილიდან და წარმატებისადმი არსებული კულტურული წნეხიდან იღებს სათავეს. ვითარებას კიდევ უფრო ამწვავებს ისიც, რომ დღეს წარმატების ერთიანი ფორმულა არ არსებობს, რაც მშობლებში განგაშის განცდას კიდევ უფრო აძლიერებს.
სტატისტიკის თანახმად, დედ-მამების 83%-მდე, რომლებსაც მხოლოდ ერთი შვილი ჰყავთ, ჰიპერმზრუნველობის ქცევას ავლენს, რაც მრავალშვილიან ოჯახებთან შედარებით საგრძნობლად მაღალი მაჩვენებელია. როლების მიხედვითაც გამოიკვეთა განსხვავება. კერძოდ, გამოკითხულთა 71.9% დედის მხრიდან გრძნობდა გადაჭარბებულ ჩარევას, ხოლო მამის მხრიდან მსგავს კონტროლს 42.4% ასახელებდა.
გავლენა ტვინის განვითარებასა და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე
ბავშვობისა და მოზარდობის პერიოდში პრეფრონტალური ქერქი, რომელიც დაგეგმვაზე, განსჯასა და იმპულსების კონტროლზეა პასუხისმგებელი, ემოციურ ცენტრზე გვიან ვითარდება. სწორედ ამიტომ, მოზარდებს სჭირდებათ ასაკის შესაბამისი შესაძლებლობები, რათა დამოუკიდებლად მიიღონ გადაწყვეტილებები, დაუშვან შეცდომა, გამოასწორონ ის და ისწავლონ ემოციების რეგულირება. როდესაც მშობლები პრობლემებს გამუდმებით შვილების ნაცვლად აგვარებენ, ტვინი კარგავს ნეირონული კავშირების გამყარების შესაძლებლობას, რაც თვითრეგულაციისა და კოგნიტური კონტროლის განვითარებას აფერხებს.
გარდა ამისა, ჰიპერმზრუნველობა აქვეითებს საკუთარი შესაძლებლობების რწმენას – გონებას უჭირს იმ თავდაჯერებულობის გამომუშავება, რაც ცხოვრებისეული სირთულეების დამოუკიდებლად დასაძლევადაა აუცილებელი. მუდმივი კონტროლი ნერვულ სისტემას სტრესის მაღალ რეჟიმში ამყოფებს და ორგანიზმს კორტიზოლითა და ადრენალინით ტვირთავს. მშობლის მუდმივი შფოთვა შვილზეც გადადის.
ეს პროცესი პირდაპირ აისახება მენტალურ კეთილდღეობაზე. ქრონიკული ზედამხედველობა ემოციურ თვითრეგულაციას ასუსტებს, რაც შფოთვისა და დეპრესიის მაღალ მაჩვენებლებში გამოიხატება. ამასთან, როდესაც ბავშვს ყველაფერს სხვები უკეთებენ, ყალიბდება დასწავლილი უმწეობა: ის წყვეტს წინააღმდეგობებთან დამოუკიდებლად გამკლავების მცდელობას და ყოველთვის სხვის ჩარევას ელოდება, ზრდასრულ ასაკში კი არაჯანსაღ დამცავ მექანიზმბს მიმართავს.
გადაჭარბებული წნეხის თვალსაჩინო მაგალითია პრესტიჟულ სასწავლებლებში მოხვედრის მანია, როდესაც მშობლები შვილების დღის ყოველ წამს აკონტროლებენ. ასეთი მკაცრი გრაფიკი და მოსვენების გარეშე ცხოვრება ხშირად მძიმე პანიკური შეტევებითა და სრული ემოციური გამოფიტვით სრულდება.
ბალანსის პოვნა
შვილის ჯანსაღი განვითარებისთვის გადამწყვეტია რამდენიმე ძირითადი მიდგომის გათვალისწინება. მშობელმა უპირველესად საკუთარი შფოთვა უნდა გააცნობიეროს, რომელიც ხშირად გადამეტებული მზრუნველობის მთავარი მამოძრავებელია.
მნიშვნელოვანია ბავშვისთვის პირადი სივრცისა და ასაკობრივი ავტონომიის მიცემა, რათა მან საკუთარ არჩევანში საკუთარი ხმა იპოვოს და კრიტიკული აზროვნება განივითაროს. გრაფიკის ყოველი წუთის სხვადასხვა აქტივობით გადატვირთვა, განსაკუთრებით იმ მიმართულებებით, რაც თავად მოზარდს არ აინტერესებს, დამთრგუნველი ხდება.
პარალელურად, ყურადღება უნდა მიექცეს ემოციურ გადაღლასა და დახმარების ჩუმ სიგნალებს, რადგან ღრმა შფოთვა ხშირად დეპრესიაში გადადის. მშობლის ფუნქცია ემოციების მართვის ჯანსაღი მაგალითის ჩვენებაა – მშვიდი ემოციური ატმოსფროს შექმნა, სადაც მოზარდს ეძლევა საშუალება, თავად დაუშვას შეცდომები, ისწავლოს მათგან და განივითაროს ჯანსაღი გამძლეობა.
განვითარებადი გონება განსჯისა და სტრესისგან აღდგენის უნარს აზროვნების ისეთი პროცესებით ხვეწს, როგორიცაა არჩევანის გაკეთება, მოწყენილობასთან გამკლავება და საკუთარი გადაცდომების ამოცნობა. მშობლის თანადგომა მნიშვნელოვანია, თუმცა მუდმივი კონტროლი ზრდასრულ ასაკში გადასვლისას ადამიანს შესაძლებლობებს ართმევს. შვილებისთვის იმის მიცემა, რაც მათ ნამდვილად სჭირდებათ, პირველ რიგში საკუთარ გადაწყვეტილებებზე პასუხისმგებლობის მინიჭებას გულისხმობს.
წყარო: Inc.











