ფსიქოლოგები ამბობენ, რომ ბავშვის სწორად ჩამოყალიბებისთვის ყველაზე მთავარი დამოუკიდებლობის შეგრძნებაა. სხვადასხვა ქვეყანაში ბავშვის აღზრდის განსხვავებული ტრადიცია არსებობს, მაგალითად, გერმანიაში თუ ბაღის ასაკიდანვე აჩვევენ პატარებს დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღებას, სამხრეთ ევროპის ქვეყნებში ბავშვები ელოდებიან, როდის დაარიგებენ მათ უფროსები. ჩვენს შემთხვევაში საქმე კიდევ უფრო რთულად არის და როდესაც საქართველოში მშობელს კლინიკაში მიჰყავს შვილი, ექიმის კითხვაზე: „რა გქვია?“, „რა გტკივა?“, – დედა პასუხობს: „ჩვენ გვქვია“, „ჩვენ გვტკივა“ და ა.შ. მიჯაჭვულობა დედასა და შვილს შორის არც სკოლის პერიოდში იკლებს, შვილების პროფესიულ არჩევანზეც, ხშირად, პასუხისმგებლობას თავადვე იღებენ და სამუშაო პროცესშიც კი ერთვებიან. მობილურმა ტელეფონმა კი შვილების კონტროლის მექანიზმი კიდევ უფრო დახვეწა და მას სამართლიანად, „მსოფლიოს ყველაზე გრძელი ჭიპლარიც“ კი შეარქვეს – მოწყობილობა, რომელიც დედას შვილთან 24 საათის განმავლობაში აკავშირებს.
ამერიკელი ბლოგერი, სიუზან ლუკასი, inc.com-ის ფრილანს ავტორი, ჰყვება საკუთარი მეგობრის, პემის, როგორც „ვერტმფრენი დედის“ ისტორიას: მას შემდეგ, რაც პემის ტინეიჯერმა ქალიშვილმა დაიწყო პირველ სამსახურში მუშაობა, მისმა მენეჯერმა საჭიროდ მიიჩნია პემთან საუბარი იმის ასახნელად, რომ ეს არ იყო მისი სამსახური და რომ მათ მისი ქალიშვილი დაიქირავეს. მენეჯერის ზარი ორ სიტყვაში იქნებოდა „ვერტმფერნი დედა“, რაც ნიშნავს ჰიპერმეურვე, ზედმეტად მზრუნველ დედას.
წიგნში „ვასწავლოთ შვილებს პასუხისმგებლობა“, ერთმა ტინეიჯერმა დაიწუწუნა, დედაჩემი თავს ვერტმფრენივით გამუდმებით დამტრიალებსო და მას შემდეგ, ტერმინი „ვერტმფრენი მშობლები“ იმ ამერიკელი დედების განსაზღვრებად იქცა, რომლებიც შვილებს ჰიპერაქტიურად მეურვეობენ.
მენეჯერის ზარამდე პემი 5 საათიანი სამუშაო გრაფიკის განმავლობაში ძალიან ხშირად ურეკავდა ქალიშვილს იმისთვის, რომ ენუგეშებინა, მისი სამუშაო პერიოდი ხომ ძალიან ხანგრძლივი და დამღლელი იყო, ის ამისთვის მზად არ იყო, თუმცა უნდა სცოდნოდა, რომ გისოსებს მიღმა დედა ელოდა.
საბედნიეროდ, პემმა მენეჯერის თხოვნა გაითვალისწინა და შვილს აღარ ურეკავდა და ამიტომაც, როგორც სპეციალისტები იტყოდნენ, დედის ზედმეტი მზრუნველობის გამო, ფსიქოლოგიურ სტრესსაც აღარ განიცდიდა, რადგან დამოუკიდებლად ცხოვრების უფლება ჰქონდა.იმ შემთხვევაში, თუ დედა ხარ, რომელსაც ჰგონია, რომ 4 საათის განმავლობაში მისი შვილი ვერ შეძლებს ფეხზე დგომას, იქნებ, გამოგადგეს:
- 5 საათიანმა სამუშაო გრაფიკმა შენს შვილს ფეხი შეიძლება ატკინოს, უფრო მეტიც, ზურგიც კი შეიძლება, ასტკივდეს, თუმცა, ასეთ შემთხვევაში, მას უნდა ურჩიო, რომ პირველი ხელფასი სწორად დახარჯოს და იყიდოს კომფორტული ფეხსაცმელი;
- ნუ მოაგვარებ შენი შვილის გასაკეთებელ საქმეს. შენ არ დაუქირავებიხარ დამსაქმებელს, შესაბამისად, არ ხარ მის შესრულებაზე პასუხისმგებელი, თუმცა, შეგიძლია, ურჩიო შვილს, როგორ უნდა მოიქცეს, თუ დამსაქმებელი ბოროტად გამოიყენებს ძალაუფლებას და იმაზე ზედმეტს ამუშავებს, ვიდრე ხელშეკრულებითაა გათვალისწინებული და ა.შ.
- შენ უნდა შეეგუო, რომ შენი ტინეიჯერი შვილი შრომისუნარიანია და დამოუკიდებლად საქმის შესრულება შეუძლია. ის გაუმკლავდება პრობლემებს და არ სჭირდება შენგან, რომ ყველა გამოწვევისგან დაიცვა. გადაჭარბებული მზრუნველობა იცი, რას მოგიტანს? – 35 წლისაც კი, შენზე დამოკიდებული ადამიანი იქნება.
თუ გინდა შვილისთვის საუკეთესო, აცადე, იცხოვროს დამოუკიდებლად! მიეცი საშუალება, თავადვე გაუმკლავდეს პრობლემებს, რადგან შენი ზედმეტი ჩარევით საფრთხეს უქმნი მის მომავალს.
წყარო: inc.com