in

“ვერცხლის დაირა” – ჯადოსნური ნივთი, რომელიც თბილისის თქმულებების სამყაროში ჩაგახედებთ

ის გაზიარებისა და კავშირების შექმნისა თუ შენარჩუნების იდეაზეა დაფუძნებული


“ვერცხლის დაირა” ჯადოსნური ნივთია, რომელსაც შეიძლება, მოძრავი გამოფენაც კი ვუწოდოთ – ის თბილისსა და მის შესახებ გავრცელებულ თუ დამკვიდრებულ თქმულებებს უკავშირდება. 

ხელოვანებმა მარიამ გაბრიჭიძემ და სანდრო სულაბერიძემ “ვერცხლის დაირა” საზოგადოებრივი ხელოვნების პლატფორმის მიერ ორგანიზებულ “პერფორმანსის დღეები თბილისის” ფარგლებში წარადგინეს. “ფესტივალმა საშუალება მოგვცა, შემოქმედება ფართო საზოგადოებამდე მიგვეტანა. ზოგადად, როდესაც რაღაცას ქმნი, სახელოვნებო სივრცეში თითქოს ადვილია ამის გავრცელება, რაც ხალხთან მიმართებით უფრო რთულია. ფესტივალი კი, ამაში ძალიან დაგვეხმარა, ისევე, როგორც ბევრი სხვა კუთხით” – აღნიშნავს მარიამ გაბრიჭიძე.

ავტორებმა გადაწყვიტეს, 7 კალეიდოსკოპის მსგავსი ნივთი შეექმნათ, რომელსაც ერთი კონკრეტული მფლობელი არ ჰყავს და გაზიარების იდეით, ადამიანიდან ადამიანს გადაეცემა, მნახველიდან მნახველამდე ცოცხლობს. ეს ერთგვარად ხანგრძლივ და დროში შეუზღუდავ პერფორმანსის სახეს იღებს, შემქმნელების, უშუალოდ ნივთისა და ადამიანების მონაწილეობით… ადამიანების, რომლებიც თავად გადასცემენ ვერცხლის დაირას სხვას და ასე დაუსრულებლად. “თავდაპირველად ონლაინ სივრცეში ჩავატარეთ “გათამაშება”, იმისათვის, რომ დაგვედგინა, რომელ შვიდ ადამიანს გადაეცემოდა ვერცხლის დაირა. რის შემდეგაც უკვე მათ მივანდეთ ჩვენი ნამუშევრის ბედი – მათ დროებით “მფლობელებზეა” დამოკიდებული, ვის გადაეცემა შემდგომ და რა გზით იმოგზაურებს” – გვიყვება სანდრო სულაბერიძე. 

როგორც მარიამი აღნიშნავს, ასეთ დამოკიდებულებაში ხალხისადმი ნდობის ასპექტი იკვეთება – ავტორებმა საკუთარი ნამუშევარი კეთილი ნებით გაავრცელეს და სხვებს მისცეს მისი ბედის განკარგვის საშუალება.

ქალაქის ცხოვრებას გადავეცით “ვერცხლის დაირა” და ჩვენ არაფერი… უბრალოდ, დადებით ენერგიას ვიღებთ იმით, რომ ეს ცოცხლობს

პანდემიის ჟამს შექმნილი ვერცხლის დაირა თავისი იდეით, ალბათ, ის არის, ყველას გვჭირდებოდა – როდესაც ყოველი ჩვენგანი სახლშია გამოკეტილი, ავიწყდება ქალაქის ქუჩებიც კი და იწყება ამ ცოცხალ ორგანიზმთან გაუცხოება… ადამიანები კი, მხოლოდ ეკრანების გავლით კონტაქტობენ… სწორედ ასეთ დროს გამოჩნდა ჯადოსნური ნივთი, ხელოვნების ნიმუში, როგორც საზოგადოებრივი პერფორმანსის ნაწილი, გაზიარებისა და კავშირების შექმნისა თუ შენარჩუნების იდეაზე დაფუძნებული. თითქოს, ერთ-ერთი რამ, რაც შეუფერხებლად გადაეცემა ერთიდან მეორეს და თითოეულ მფლობელს შორის უწყვეტ ძაფს ქმნის. 

 

თანაც, სახელწოდება “ვერცხლის დაირა” შემთხევითი არ არის – მართალია, მის ძირითად მასალას ხე შეადგენს და მხოლოდ ერთ, პატარა ნაწილში ვაწყდებით ვერცხლს, მაგრამ ამ შემთხევაში ეს დასახელება სიმბოლურია. ვერცხლი სისპეტაკესთან, სისუფთავესთან  და ზომიერ სიმდიდრესთან ასოცირდება. ერთ-ერთი იდეა სწორედ ეს იყო – რაღაც ძვირფასის და ღირებულის გაცემა, რომელიც შეიძლება, ინფორმაცია ან მოგონება იყოს” – აღნიშნავს მარიამი. 

როგორ შეგიძლიათ ვერცხლის დაირას მიღება და რა უნდა გააკეთოთ შემდგომ?

ამ კითხვაზე პასუხის გაცემა რთულია… ის “თავისით” უნდა მოვიდეს თქვენამდე. როგორც უკვე აღვნიშნეთ, დაირას დროებითი მფლობელი განსაზღვრავს, ვის გადაეცემა ის შემდგომ. აღსანიშნავია, რომ მფლობელობასთან დაკავშირებით სულ რამდენიმე წესი არსებობს – როდესაც ადამიანი ვერცხლის დაირას მიიღებს, მითითებულ მეილზე აუცილებლად უნდა გაგზავნოს შეტყობინება, რომ ამჟამად ნივთი მასთან იმყოფება და მიუთითოს შესაბამისი კოორდინატები… 3 დღის შემდეგ კი, დაირა უკვე სხვას უნდა გაუზიაროს.

როგორც მარიამი და სანდრო აღნიშნავენ, ინფორმაციის ამ სახით შეგროვება ერთგვარი რუკის შედგენაში დაეხმარებათ – თვალს ადევნებენ, სად და როგორ იმოგზაურა ვერცხლის დაირამ. “საბოლოო ჯამში გვსურს, ეს ინფორმაცია გავაერთიანოთ და ნამუშევრის ნაწილად ვაქციოთ, რადგან, ჩვენ მისგან ფიზიკურად არაფერი გვრჩება, გარდა მოგონებებისა და მსგავსი ინფორმაციისა” – ამბობს სანდრო სულაბერიძე. 

ალბათ, ჩვენი დედაქალაქის შესახებ ბევრი რამ ვიცით, მაგრამ ამასთან ერთად, დაკარგულია პატარ-პატარა დეტალები, რომლებიც სულ სხვაგვარ ატმოსფეროს და ხასიათს სძენს მას. სწორედ ასეთი ტიპის თქმულებებს, გავრცელებულ ლეგენდებს აერთიანებს ვერცხლის დაირა… შვიდივე მათგანი ერთმანეთისგან განსხვავებული ნარატივის მთხრობელია, რაც კიდევ უფრო მრავალფეროვანს და მასშტაბურს ხდის ნამუშევარს. “მაგალითად, ერთი ასეთი ამბავი 7 მაისის წვიმას უკავშირდება – თბილისში ყოველი წლის ამ დღეს წვიმს და არსებობს თქმულება, რომ თუ ამ წვიმით დაისველებ თმას და შემდეგ გაიშრობ, ბედნიერება გელოდება” – გვიყვება მარიამი. 

სტატიაში მეტს არაფერს გეტყვით – არ გიამბობთ, რა დაგხვდებათ, როდესაც კალეიდოსკოპის მსგავს ნივთში ჩაიხედავთ… როდესაც “ვერცხლის დაიარა” თქვენთან მოხვდება, თავად გააზიარეთ ის ემოციები, რომლებსაც იგრძნობთ. 

ავტორი ქეთია ბელქანია


Carusell.ge – მანქანის ყიდვა – გაყიდვაში უკვე ექსპერტი დაგეხმარებათ

მიშო ჟღენტი კარიერას Microsoft-ის პრაღის ოფისში გააგრძელებს