„ჩვენ მალე • არასდროს გიპასუხებთ“, „შენ არ იქნები ყოველთვის მართალი • ჩვენთან“, „ჩვენთან უხელფასო სტაჟირების ხანგრძლივობა • სამუდამოა“…
დღეს, ძალიან ცუდ კომპანიაზე გიყვებით • მართლა:
„მოგესალმებით, მე თენგო ხუნაშვილი ვარ, ძალიან ცუდი კომპანიის დამფუძნებელი. მარკეტინგი და მისი ტენდენციები ყოველთვის ჩემი ინტერესის სფეროს წარმოადგენდა და ვცდილობდი, თვალ-ყური მედევნებინა სხვადასხვა კომპანიის ტრენდებისთვის, მათ შორის, სარეკლამო რგოლებისა და სხვადასხვა აქტივობისთვის. ვაკვირდებოდი, თუ როგორ მუშაობდა ესა თუ ის მიდგომა მომხმარებლის ფსიქოლოგიაზე და რა უკუკავშირს იწვევდა ბაზრის მხრიდან“.
ყოველთვის მინდოდა, შემექმნა ბრენდი, რომელიც კომპანიასა და მომხმარებელს არატრადიციული ენით, უფრო თავისუფლად ურთიერთობის საშუალებას მისცემდა“.
ასე რომ, როგორც თენგო გვიყვება, ლოქდაუნის ერთ-ერთ ღამეს, გადაწყდა – იდეაზე მუშაობა, რაც შეიძლება მალე უნდა დაეწყო. ლოგოსა და ზოგადად, ბრენდის მახასიათებლებზე ფიქრისას აქცენტი სიმარტივეზე, ადვილად გასაგებსა და დასამახსოვრებელზე გაკეთდა.
ასე გაჩნდა პირველი და ყველაზე პოპულარული პოსტიც: „ჩვენ არ • გვიყვარხართ“. ეს წერტილი კი – • საკომუნიკაციო ფორმატში, ძალიან ცუდი კომპანიის საიმიჯო ხაზად იქცა.
თენგო ხუნაშვილი: „ჩვენი აზრით, მომხმარებლისთვის ერთ-ერთი დისკომფორტი კომპანიებთან კომუნიკაციაა, რაც გულისხმობს შაბლონურ ფორმატში კითხვების დასმას, პროდუქტზე ინფორმაციის გაგებასა და საბოლოო მომსახურების მიღებას. ჩვენს შემთხვევაში, ეს ყველა ფაზა შეიძლება, მომხმარებელმა ერთ წინადადებაში გააერთიანოს ისე, რომ „მორიდების“ შეგრძნება არ დარჩეს, რადგან იცის, კომპანიისგანაც შესაბამის პასუხს მიიღებს“, – განმარტავს „ძალიან ცუდი კომპანიის“ დამფუძნებელი.
ამ ეტაპზე Very Bad Company-ში იყიდება სლენგები, რომლებიც მაისურზეა წარმოდგენილი. მაისურის უკან QR კოდია, საიდანაც ქართული სლენგის ინგლისური განმარტებაა. ამის გარდა, ხელმისაწვდომია “Very bad socks“ და ჰუდები.
გვინდა, ტანსაცმლის ხაზი ცალკე ქვებრენდად შევინარჩუნოთ, რომელსაც ორი მიმართულება ექნება: ყოველდღიური სტილი და ექსტრემალური სპორტის მოყვარულებისთვის ცალკე ხაზი, სადაც წარმოდგენილი იქნება: სნოუბორდერებისთვის ჰუდები, სკეიტერებისთვის მაისურები, ქუდები და ა.შ
M: თენგო, თქვენს პოსტებს, მომხმარებლების მხრიდან, პოზიტიური უკუკავშირი რომ აქვს, ეს ერთი შეხედვითაც ცხადია, თუმცა გაყიდვებზე რამდენად მუშაობს თქვენ მიერ, აუდიტორიასთან საკომუნიკაციოდ შერჩეული არატრადიციული ენა?
რაც შეეხება ჩვენთვის ყველაზე საყვარელ თემას, ბევრს გაუკვირდება, მაგრამ გაყიდვები „ძალიან კარგად“ მიმდინარეობს. თავისუფლად შეგვიძლია, ვთქვათ, რომ უკვე გყვავს ჩვენი „თემი“, რომელიც მზადაა, „გარისკოს“ და შეიძინოს „ყველაზე ცუდი პროდუქტი“, რომლის უკან, ხარისხიანი და მართლა კარგი პროდუქტი იმალება (•აქ გვეცინება).
M: თქვენს „ნათელ“ მომავალთან დაკავშირებით, რა გეგმები გაქვთ?
გვჯერა, რომ Very bad company-ს სახელით შევძლებთ, გაყიდვების არხები, საერთაშორისო მასშტაბით, გავზარდოთ, რაც თავდაპირველად, ონლაინ გაყიდვებს იგულისხმებს.
ასევე, ვაპირებთ, შევიმუშაოთ მარკეტინგული მომსახურება როგორც პროდუქტი, რომელიც სხვადასხვა დამწყებ კომპანიას მარკეტინგულ საქმიანობაში დაეხმარება.
ავტორი: თიკა გეგენავა