Vestiaire Collective გაყიდვების გლობალური პლატფორმაა, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, ცნობილი ბრენდების მეორეული ტანსაცმელი შეიძინონ — მათ შორის არიან Abercrombie & Fitch, Gap, H&M, Zara, UNIQLO, Urban Outfitters და Mango. მიზანი კი საკმაოდ მარტივია: წარმომადგენლებს სურთ, სწრაფი მოდის თანმდევი ნარჩენების პრობლემა აღმოფხვრან.
თუმცა ახლა პლატფორმის ფუნქციონირებაზე თუ მის მისიაზე დეტალურ საუბარს არ ვაპირებთ, არამედ მის კრეატიულ კამპანიას შევეხებით. ვინაიდან შავი პარასკევის პერიოდში შესყიდვების ყველაზე დიდი მაჩვენებელი ფიქსირდება ხოლმე, ვებგვერდის შემქმნელებმა ხელოვნური ინტელექტის ძალა გამოიყენეს, რათა ზემოხსენებული საკითხის სიმწვავე ვიზუალურად გადმოეცათ. ასე ვიხილეთ სურათები, რომლებშიც ტანსაცმლის გროვა მსოფლიოს საკულტო ადგილებში ყრია…
წარმოიდგინეთ, ერთ დღესაც რომ გავიღვიძოთ და ჩვენ მიერ გადაყრილი ტანსაცმელი ერთიანად ისეთი ღირსშესანიშნაობების წინ აღმოჩნდეს, როგორებიცაა Empire State Building ნიუ-იორკში, ეიფელის კოშკი პარიზში, ბუკინგემის სასახლე ლონდონში, კოლოსეუმი რომში და Marina Bay Sands სინგაპურში… ამგვარი საშინელი სურათის დახატვით, პლატფორმა მომხმარებლებს მოუწოდებს, პირველ რიგში იფიქრონ, შემდეგ კი იყიდონ. სწორედ ასე შეძლებენ, ე. წ. შავი პარასკევი უკეთეს პარასკევად აქციონ.