უკრაინას უამრავი ადამიანი ტოვებს, ეძებენ უფრო უსაფრთხო თავშესაფარს, თუმცა თან შინაური ცხოველების წაყვანას ვერ ახერხებენ. მათ შორის არის ვეტერინარი ვლადისლავ მატვიიჩუკი და მისი ცოლი ირინა, რომელთაც უსაფრთხო ადგილი უკრაინის უფრო დაცულ მხარეს, მშობლების სახლში იპოვეს. ახლა კი მატვიიჩუკი მშობლების სამზარეულოში, უსასყიდლოდ, იმ ცხოველებს უწევს ვეტერინარულ დახმარებას, რომლებიც მზრუნველობის გარეშე დარჩნენ.
„აფეთქებების, ტანკებისა თუ რაკეტების ხმები ცხოველებზე ძალიან მოქმედებს, ბევრი მათგანი უსახლკაროდ დარჩა, ვეტერინარული კლინიკები კი განადგურებული ან დახურულია. ცხოველებისთვის საჭმელისა თუ მედიკამენტების ყიდვა დიდი პრობლემა გახდა, თუმცა ვცდილობ ყველას დავეხმარო. ვმუშაობ სახლიდან და ონლაინ კონსულტაციებსაც კი ვაძლევ მათ, ვისაც სჭირდება. მაგრამ, სამწუხაროდ, ჩემი რესურსებიც იწურება“, — ამბობს მატვიიჩუკი.
მცირე მარაგის გამო, ცხოველებისთვის სახვევების გაკეთება ირინას საწოლის თეთრეულითაც კი მოუწია… ხოლო დღეს შინაური ცხოველებისთვის ყველაზე დიდ პრობლემად საკვების, მედიკამენტების, სამკურნალო რესურსებისა თუ დიაგნოსტიკური საშუალებების ნაკლებობა რჩება.
საინტერესოა ისიც, რომ მატვიიჩუკის გმირობის შესახებ ცხოველთა დაცვის საერთაშორისო ჯგუფმა — IDA გაიგო და მას ცხოველთა დასახმარებლად 5000 დოლარი გადაურიცხა. ორგანიზაცია ფინანსური რესურსების დაგროვებას კვლავ აგრძელებს და აქვეყნებს სიას, იმ საჭიროებების შესახებ, რომელიც ცხოველთა მკურნალობისთვის არის საჭირო, მათ შორისაა: ანტიბიოტიკები, ანტისეპტიკები, ნემსები და სხვა ქირურგიული ინსტრუმენტები.
„მამაცი უკრაინელი ხალხი ახლა მსოფლიოს აჩვენებს, თუ რა მნიშვნელოვანია მათთვის ცხოველებზე ზრუნვა, ჩვენ მადლობელი ვართ ჩვენი მხარდამჭერების და ვიმედოვნებთ, რომ მატვიიჩუკის ისტორია ბევრ ადამიანს შთააგონებს“, — აცხადებს ფლორ დაასი, IDA-ს კომუნიკაციების ხელმძღვანელი.
რაც შეეხება ვეტერინარის გეგმებს, იმედოვნებს, რომ იგი საერთო მიზნის ქვეშ ბევრი ადამიანის გაერთიანებას შეძლებს, რადგან უკრაინაში მყოფი ცხოველების დახმარება ნებისმიერ თქვენგანსაც შეუძლია.