in

იცოდი, რომ Viber-ის შექმნა სიყვარულს უკავშირდება?

„Viber-ში ჩამიგდე“ – ეს ფრაზა რამდენჯერ გითქვამთ? იცით, როგორ შეიქმნა აპლიკაცია, რომლითაც ასე ხშირად სარგებლობთ? თუკი გაინტერესებთ, სანამ თქვენ ფინჯან ყავას მიირთმევთ, ჩვენ გიამბობთ, როგორ ჩამოყალიბდა კომპანია, რომელსაც მსოფლიოს გარშემო ასობით მილიონი მომხმარებელი იყენებს.

Viber-ის შექმნა ოთხ ადამიანს უკავშირდება: ტალმონ მარკოს, იგორ მაგაზინიკს, ოფერ სამოჩასა და სანი მაროლის. რაც უნდა გასაკვირი იყოს, კომპანიის დაფუძნების მთავარი მოტივაცია სიყვარული იყო. მარკო ნიუ-იორკში ცხოვრობდა, მისი შეყვარებული კი – ჰონგ-კონგში. ისინი დიდ დროს ატარებდნენ ტელეფონით საუბარში, რაც საკმაოდ ძვირი სიამოვნება იყო. ამიტომ, მარკომ გადაწყვიტა ეპოვნა გზა, რითაც საყვარელ ადამიანთან, რომელიც შემდეგ მისი მეუღლე გახდა, უფრო მარტივად ეკონტაქტა. სწორედ აქედან იწყება Viber-ის ამბავი, რომელიც 2010 წლის 2 დეკემბერს დაფუძნდა ოფიციალურად.

საინტერესოა, რომ Viber-ის შექმნის დროს, უკვე არსებობდა WhatsApp, Wechat და Skype. კონკურენცია საკმაოდ დიდი იყო. მარკოს თქმით, ამან მხოლოდ დააჩქარა ვაიბერის წარმატება. „ვფიქრობ, კონკურენცია განაპირობებს ინოვაციას. ვეჭვობ, რომ არა კონკურენცია, ვიქნებოდით თუ არა იქ, სადაც ვართ დღეს“…

ანტრეპრენერობამდე, მარკო ინფორმაციულ დირექტორად მუშაობდა ისრაელის თავდაცვის ძალებში, 1990-იან წლებში. ჯარის შემდეგ, მან და იგორ მაგაზინიკმა P2P ფაილების გაცვლის სერვისი შექმნეს, საიდან გამომუშავებული ფულითაც მოგვიანებით, ვაიბერი დააფუძნეს.

სტარტაპი სრულად ოჯახისა და მეგობრების მხარდაჭერით დაფინანსდა. კომპანიას საკმაოდ რთული პერიოდის დაძლევა მოუწია – პირველი ორი წლის განმავლობაში, Viber ხელმისაწვდომი იყო, თუმცა არ გააჩნდა რაიმე შემოსავალი. ასეთ გარემოებაში კაპიტალის მოზიდვა საკმაოდ რთული იქნებოდა. მიუხედავად ამისა, იმ ორი წლის განმავლობაში, აპლიკაციაში მნიშვნელოვანი ინვესტიცია განხორციელდა და Viber-მა ერთ-ერთ წამყვან საკომუნიკაციო საშუალებად დაიმკვიდრა თავი.

საკმაოდ დიდი გამოწვევა იყო ვაიბერის მონეტიზაცია. აპლიკაცია კვლავაც უფასო იყო და დამფუძნებლებს ამის შეცვლა არ სურდათ. ამიტომაც, დაიწყეს ფიქრი, როგორ გამხდარიყო Viber შემოსავლიანი. ამიტომ, შექმნეს გრაფიკული სერვისი Sticker Store, რომელმაც დიდი შემოსავალი მოუტანა კომპანიას. 2014 წელს, Viber $900 მილიონად შეიძინა იაპონურმა კომპანია Rakuten-მა და თავისი 200-მილიონიანი მონაცემთა ბაზა ვაიბერთან გააერთიანა.

რუბრიკის „ყავასთან საკითხავი“ წარმდგენია Dunkin’.

HBR-ის კვლევა – მოქნილმა სამუშაომ შეიძლება დემოტივაცია გამოიწვიოს

მარსის „ბნელ ზონაში“ რეკორდულად მძლავრი მიწისძვრები დაფიქსირდა