მოდის სამყაროს ერთ-ერთი გამორჩეული მოვლენა “Victoria’s Secret Fashion Show” ტელევიზიით აღარ გავა. მაშინ, როდესაც მსოფლიოს მოსახლეობის 56%-ზე მეტი ინტერნეტის მომხმარებელია და ტრადიციული მედიის მაყურებელთა რიცხვი სულ უფრო იკლებს, ალბათ, ეს გადაწყვეტილება არავის გაუკვირდება. L Brands-ის (Victoria’s Secret-ის მფლობელი კომპანია) აღმასრულებელი დირექტორის ლეს ვექსნერის თქმით, მოდა ცვალებადი ბიზნესია, ბრენდი ამ ცვლილებებს მიჰყვება და ვითარდება, ამისთვის კი ტელევიზია საკმარისი არ არის, ამიტომ კომუნიკაციისთვის ახალი პლატფორმაა საჭირო.
„ რამდენიმე თვის განმავლობაში, ვამბობდით, რომ ჩვენი ბიზნესის ყოველ ასპექტს ახლებურად შევხედავდით, დაწყებული ვაჭრობიდან, მარკეტინგიდან და ბრენდის პოზიცირებიდან, უძრავი ქონების პორტფელით, ციფრული ბიზნესითა და ღირებულების სტრუქტურით დამთავრებული. დროის მცირე მონაკვეთში, ძალიან დიდი პროგრესი განვიცადეთ და მოუთმენლად ველოდებით წარმატებულ ზამთარსა და დღესასწაულებს, ღირებული და მოდური პროდუქციის არჩევნით… „ვიქტორია სეკრეტის“ ძალა და პოზიტიური აღქმა უპრეცედენტოა. ჩვენმა ჩვენებებმა, მსოფლიოში, ნამდვილად რევოლუცია მოახდინა მოდისა და სანახაობის შერწყმით. . . მოდა ცვალებადი ბიზნესია. ჩვენ აუცილებლად უნდა განვვითარდეთ და შევიცვალოთ, რომ გავფართოვდეთ. . . არ ვფიქრობთ, რომ, პროგრესისთვის, ტელევიზია შესაფერისია. 2019 წელს და შემდეგაც, კონცენტრირებულები ვიქნებით შთამბეჭდავ და დინამიურ კონტენტსა და ახალი ღონისძიებებზე – ეს ყველაფერი კი მომხმარებლებს იმ პლატფორმებიდან უნდა მივაწოდოთ, რომლებსაც ისინი თვალს ადევნებენ… და ამ გზებით საერთაშორისო ციფრულ ეპოქაში მოდის საზღვრებს გავარღვევთ“, – ნათქვამია განცხადებაში, რომელიც ლეს ვექსნერმა თანამშრომლებს გაუგზავნა.
“Victoria’s Secret Fashion Show” ყოველი წლის ნოემბერში იმართება. 20 წლის მანძილზე, შოუ, დეკემბერში, ABC-სა და CBS-ის ეთერში გადიოდა.
როგორც აღმოჩნდა, შოუს სატელევიზიო რეიტინგი, ბოლო წლებში, მცირდებოდა და მედიის ცნობით, შარშან ყველაზე ნაკლები მაყურებელი ჰყავდა. ამას დაემატა კრიტიკა მრავალფეროვნებისა და სიახლეების ნაკლებობის გამო. როგორც ჩანს, ცვლილებები, კომპანიაში ამ ყველაფრის გამო დაიწყო: 2019 წლიდან „ვიქტორიას სეკრეტს“ პირველი წითური „ანგელოზი“ ალექსინა გრეემი, პლუს ზომის (Plus Size) მოდელი ლორენა დურანი და პოდიუმის დღემდე მიღებულ სტანდარტებთან შედარებით დაბალი ბარბარა პალვინი შეუერთდნენ.