in

3 რჩევა, რომელიც ვიდეო კონტენტის წარმოების დროს უნდა გაითვალისწინოთ

თუკი წლების წინ ვიდეო მარკეტინგი ინოვაციას წარმოადგენდა და ბიზნესისთვის მისი გამოყენება სიახლე იყო, დღეს ის კომპანიის მარკეტინგული გეგმის განუყოფელი ნაწილია და ჩვენ, მომხმარებლებს, ის უფრო გვიკვირს ხოლმე, თუ ვინმე ამ მეთოდს არ იყენებს თავის კონტენტში.

კარგი ვიდეო კონტენტის შექმნას შეიძლება მთლად იმდენი ხალხი არა, რაც ფილმის გადაღებას, მაგრამ არც ნაკლები სჭირდება. ამ დროს ბიზნესი ძირითადად თანამშრომლობს როგორც სარეკლამო კომპანიასთან, ისე შესაბამის სტუდიებთან, რათა ერთობლივი ძალისხმევით შექმნან ჩვენთვის მიმზიდველი პროდუქტი. ვიდეო კონტენტი მრავალგვარი შეიძლება იყოს და ამას ქართული გამოცდილებაც გვიჩვენებს. ზოგიერთი კომპანია რეგულარულად გვთავაზობს ახალ-ახალ ვიდეოებს, ზოგი მხოლოდ კამპანიების დროს, ზოგიც ვიდეოების ციკლს ქმნის კონკრეტული თემის ირგვლივ და შედგენილი გეგმით, ვადებით გვიზიარებს პატარ-პატარა ჩანაწერებს. აქვე ისიც შეგვიძლია, ვახსენოთ, რომ ბიზნესის ისეთი ფორმები, როგორებიცაა მაღაზიები და ბარები, ხშირად მიმართავენ Instagram და Facebook live ჩართვებს, სადაც გვიჩვენებენ კონკრეტულ მომენტში რა ხდება ობიექტზე. 

მარკეტერებს თქვენთვის ამ მიმართულებით ბევრი რჩევის მოცემა შეუძლიათ, თუმცა ამ ეტაპზე 3 ძირითად რჩევაზე შევჯერდებით, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ, როცა ვიდეო მარკეტინგზე ფიქრობთ:

1. მოყევით ისტორიები

კარგი ისტორიები უყვარს ყველას. შესაბამისად, მათი თქვენს ვიდეო კონტენტში ჩართვა შესანიშნავი გზაა მაყურებლის ჩართულობის გასაუმჯობესებლად. იმის ნაცვლად, რომ უბრალოდ წარმოადგინოთ თქვენი კომპანია, თქვენი მისია და თქვენი პროდუქტები, მოძებნეთ გზები თქვენი ვიდეოებით ისტორიების მოთხრობისთვის. შესთავაზეთ საზოგადოებას საინტერესო პერსონაჟი (ები) და თქვენ აუცილებლად იქნებით განსხვავებული სხვებისგან, რადგან როგორც იცით, ამქვეყნად ყველა ამბავი უნიკალურია.

2. გამოავლინეთ პერსონალობა

ვიდეოები შესანიშნავი შანსია თქვენი კომპანიის კულტურის წარმოჩენისთვის. ადამიანებს არ მოსწონთ მოსაწყენი ვიდეოების ყურება. ისინი უფრო მეტ უპირატესობას საინტერესო და პერსონალობით სავსე ვიდეოებს ანიჭებენ, რომელიც კარგად გამოხატავს ბრენდს, მის ხასიათს, მის გემოვნებასა თუ დამოკიდებულებას ამა თუ იმ საკითხისადმი. იფიქრეთ იმაზე, თუ რა განასხვავებს თქვენს ბიზნესს და აღნიშნეთ ეს თქვენს ვიდეოებში.

3. არ დაგავიწყდეთ CALL TO ACTION კონტენტი

თქვენს ვიდეოებში მოქმედებისკენ მოწოდებების ჩართვა ის კომპონენტია, რომელიც არ უნდა უგულებელყოთ. თუ გსურთ ვინმეს ეწვიოს თქვენს ვებსაიტს ან გამოგყვეთ სოციალურ მედიაში, აცნობეთ მათ ამის შესახებ. თუ ვინმე საუბრობს ვიდეოში, მათ შეუძლიათ ადვილად დაავალონ მაყურებელს თქვენთვის სასურველი ქმედების განხორციელება. ასევე, შეგიძლიათ თქვენს ვიდეოებში შეიტანოთ ტექსტი, რომელიც უკავშირდება თქვენს სერვისებს, პროდუქტებს და მოუწოდებს მნახველებს, თავად გამოსცადონ ისინი.

კლიენტებს შეიძლება მოეწონოთ თქვენი ვიდეო, მაგრამ თუ მათ არ იციან რა უნდა გააკეთონ იმის შემდეგ, რაც მას ნახავენ, შეიძლება დრო და ფული ტყუილად დახარჯოთ.

დანარჩენს ვიდეო კონტენტის შესახებ Leavingstone-ის კრეატიული დირექტორი, ემილი ქორიძე გვეტყვის:

M: პირველ რიგში, მოდი, ვთქვათ, რატომ არის ვიდეო კონტენტის შექმნა ასეთი პოპულარული მეთოდი ყველა ბიზნესისთვის და როგორ მუშაობს ის მომხმარებელზე?

ვიდეო სთორითელინგისთვის შეუცვლელი საშუალებაა. ვიდეოთი ყველაზე მარტივია მომხმარებლამდე მიიტანო ის ემოცია და ხასიათი, რაც ბრენდს აქვს. თუმცა, საქმე ასე იოლადაც არ არის, რამდენადაც მარტივია ვიდეოთი სთორითელინგი, იმდენად რთულია სცენარი წარმართო ისე, რომ არც მაყურებლს მობეზრდე, მთავარი სათქმელიც გააჟღერო და ეს ყველაფერი თვალისთვისაც სასიამოვნო იყოს. როცა ეს ყველა პუნქტი კარგად სრულდება, ვიდეოც შედეგიანი გამოდის და მომხმარებელს კარგად ამახსოვრდება. 

ვიდეოს სირთულე იმაშიც მდგომარეობს, რომ პროცესს უამრავი ადამიანის რესურსი სჭირდება. ვიდეოს ყურებაში ჩვენი ტვინის ბევრი ნაწილია ჩართული: სმენა, მხედველობა, ემოციები, ამ ყველაფერზე კი სხვადასხვა პროფესიის ადამიანია პასუხისმგებელი, ამიტომ, მნიშვნელოვანია ყველა ეს ადამიანი ერთმანეთს ხედვაში ემთხვეოდეს და დასინქრონდეს, რადგან სწორედ ასე იქმნება ის ვიდეოები, რაც დიდხანს გვახსოვს და გვიყვარს. 

M: თქვენი აზრით, რა სიხშირით უნდა აწარმოებდეს კომპანია ვიდეო კონტენტს, არსებობს თუ არა ამ მხრივ რაიმე ვადები?

ვიდეო კონტენტის მოცულობა კომპანიის საქმიანობასა და მის მიზნებზეა დამოკიდებული. დადგენილი წესი არ არსებობს, რომ აუცილებლად ამდენი ვიდეო უნდა გადაიღოს ბრენდმა, თუმცა, რადგან დღეს ყველაფერი ვიდეო კონტენტისკენ მიემართება და ძველმოდური news feed-ები ვიდეოებით ნაცვლდება, ვიტყოდი, რომ რაც მეტი, მით უკეთესი. 

M: როგორი და როგორი ტიპის ვიდეო კონტენტი არსებობს და რამდენად გამართლებულია, რომ ერთ კომპანიას ჰქონდეს შერეული ტიპები?

ვიდეო კოტენტი ბევრნაირი არსებობს, თუმცა ჩვენ სააგენტოში 3 ძირითადი მიმართულება გვაქვს. პირველი არის საიმიჯო, საიმიჯო ვიდეოს ვეძახით ისეთ ვიდეოს, რომელსაც არ აქვს ე.წ. Call to action მესიჯი, არამედ არის სასიამოვნო და ემსახურება ბრენდის ფასეულობების გაცნობას. მეორე მიმართულებად გვაქვს ვიდეო კონტენტი, რომელსაც აქვს კონკრეტული call to action მესიჯი და მიმართულია უშუალოდ პროდუქტის გაყიდვასა ან რაიმე სხვა მიზანზე; გვაქვს მესამე კატეგორიის ვიდეოები, რომლებიც დღითიდღე უფრო ყურადსაღები ხდება –  ესაა lifestyle ვიდეოები, რომლის ძირითადი არხიც reels და stories არის. Lifestyle ვიდეოების მიზანია, ზოგადი განწყობის შექმნა მომხმარებლისთვის. თუმცა, აქვე დავსძენ, რომ დღეს ყველა ვიდეოს ამ სამ კატეგორიაში მოქცევა სწორი არ იქნება, რადგან მუდმივად ვვითარდებით და ბრენდები ყოველწლიურად ახალ-ახალ ექსპერიმენტებსა და მიმართულებებს ცდიან. 

სწორია, რომ კომპანიას ჰქონდეს თავისი სახასიათო მიმართულება ვიდეოებში, რომელსაც მუდმივად მიჰყვება და მომხმარებელს მოლოდინის განცდას უჩენს, ისე, როგორც John Lewis-ის საახალწლო რეკლამებია. სააგენტოში ხშირად გვითქვამს, რომ შობა მაშინ დგება როცა John Lewis-ის საახალწლო ვიდეო იდება, ეს სწორედ იმის დამსახურებაა, რომ ეს ბრენდი ყოველწლიურად ულამაზესი საახალწლო მინი ფილმებით გვანებივრებს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ წელიწადის სხვა დროს John Lewis-მა არ უნდა შემოგვთავაზოს განსხვავებული სტილის ვიდეოები.

M: რა რჩევებს გაუზიარებდით კომპანიებს, რომლებსაც ვიდეო კონტენტის წარმოება სურთ, რით შეიძლება დაიწყონ, რას უნდა მიაქციონ ყურადღება?

  • ცადეთ! დღეს ვიდეოს შექმნა ფუფუნება აღარაა, უამრავი პატარა ფროდაქშენი არსებობს, რომლებიც ძალიან ხარისხიანად და ბიუჯეტურად მუშაობენ. 
  • ყურადღება მიაქციეთ იმ ადამიანებს, ვისთან ერთადაც ვიდეოს შექმნას გადაწყვეტთ და დაუჯერეთ, რადგან ვიდეოს ყურება ყველას შეგვიძლია, არ ნიშნავს რომ გადაღებაც ყველას შეგვიძლია. ამიტომ ეცადეთ, მოძებნოთ კომპეტენტური პროდიუსერი, კარგად აუხსნათ თქვენი მიზნები და პროცესს ენდოთ.

M: რა სჭირდება კარგ ვიდეო კონტენტს იმისთვის, რომ ვირუსულად გავრცელდეს და შეგვაყვაროს კომპანია?

ვირუსულად გავრცელების ერთადერთი ფორმულა არსებობს – უბრალოდ კარგი უნდა იყოს. ხოლო კარგი რას ნიშნავს, აი, მაგის დადგენისთვის ვმუშაობთ კრეატიული სააგენტოები. ჩემი გამოცდილებით ვიტყოდი, რომ კონტენტი რაც უფრო გულწრფელი და რელევანტურია, მით უფრო მარტივად ვრცელდება. ადამიანი როცა ვიდეოს უყურებს, უნდა დარჩეს განცდა, რომ ის ვიდეო ვიღაცამ რაღაცისთვის კი არ შექმნა, არამედ იმისთვის შეიქმნა, რომ მასთან მისულიყო და რაღაც ფასეული ეთქვა. შესაბამისად, კარგი ვიდეო კონტენტის საწყისიც სწორედ კარგი სტრატეგია, აუდიტორიის განსაზღვრა და სწორი დაკვირვებაა.

ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი

Starbucks-ის ლოგოს ისტორია

ალდაგის ექსპერიმენტული პროექტი სტუდენტებისთვის