9
Oct
2019

ვიდეოთამაშები, როგორც პარკინსონის ადრეული დიაგნოსტიკისა და მკურნალობის საშუალება

9 Oct 2019

Alta
Alta


შესაძლებელია თუ არა, აპლიკაციებისა და ვიდეოთამაშების საშუალებით, პარკინსონის დაავადების ადრეული დიაგნოსტიკა და მკურნალობა? ამ თემაზე, ჩრდილოეთ საბერძნეთში, პაციენტთა ასოციაცია მუშაობს და საბოლოო პასუხის მიღებას თესალონიკის უნივერსიტეტის მკვლევარები ცდილობენ.

 

ერმიონი ზერვუდაკი 49 წლის იყო, პარკინსონის დიაგნოზი რომ დაუსვეს. ის ერთ-ერთია 35 პაციენტს შორის, ვინც ექსპერიმენტულ მკურნალობას დათანხმდა და თესალონიკში, სპეციალურ პროგრამაში მოხალისედ ჩაერთო – ადგილობრივი სპეციალისტები იკვლევენ, როგორ მოქმედებს სხვადასხვა სახის ვიდეოთამაში ამ დაავადების მკურნალობაზე. ერმიონი ახლაც გერმანული ენის მასწავლებელია. თუმცა, ამბობს, რომ პარკინსონმა მისი ცხოვრება ძირეულად შეცვალა.

„ყოველდღიური აქტივობებისთვის, ახლა, გაცილებით მეტი დრო მჭირდება. მაგალითად, მაღაზიაში, პროდუქტების ჩანთაში ჩაწყობას უფრო დიდხანს ვანდომებ. ამიტომ, ვცდილობ, ეს სტრესი თავიდან ავიცილო და პიკის საათებში, სუპერმარკეტში არასოდეს დავდივარ. ან გაცილებით მეტი დრო მჭირდება სამსახურში წასასვლელად რომ მოვემზადო – ჩავიცვა, მაკიაჟი გავიკეთო. ასევე, ნელა ვაკეთებ საჭმელს“.

მკვლევარებმა 14 სხვადასხვა სცენარი შეიმუშავეს, რომ პაციენტებს მოდუნებული კუნთების ხელახლა დაჭიმვასა და ფუნქციის აღდგენაში დაეხმარონ. ასევე, მისცენ შესაძლებლობა, უკეთეს ფიზიკურ ფორმაში იყვნენ ან ებრძოლონ დეპრესიას.

ამ, სპეციალურ ვიდეოთამაშებს ახლა ექსპერტები ამოწმებენ და კლინიკურ შეფასებას უტარებენ. სოციალური და ფიზიკური ვარჯიშების პედაგოგის, სოფია ბალულა დიასის თქმით, მათი გამოყენება შესაძლებელია სახლშიც და სტაციონარში. თუმცა, მხოლოდ მას შემდეგ, რაც პაციენტი სპეციალურ, სამედიცინო დანიშნულებას მიიღებს.

„თუ პარკინსონით დაავადებული პაციენტები, დღეში, მინიმუმ, 30 წუთის განმავლობაში, აქედან რომელიმე 3-4 ვიდეოთამაშს ითამაშებენ, უკეთესობას აუცილებლად იგრძნობენ. გვჯერა, რომ, ამ მეთოდით, შესაძლებელია დაავადების სტაბილიზება“.

ნევროლოგებს იმედი აქვთ, რომ საბოლოო ჯამში, მაინც მოახერხებენ, სასურველი გზით წარმართონ პაციენტების მკურნალობის პროცესი როგორც „ონლაინ“, ისე რეგულარული კონსულტაციებით.

„ეს ვარჯიშები და კომპიუტერული პროგრამები, ნამდვილად ეფექტური შეიძლება იყოს (როგორც მკურნალობის ინსტრუმენტი), რადგან ძალიან ტარგეტირებულია და სპეციალურად პარკინსონის მქონე ადამიანებისთვისა შეიქმნა. თანაც, შესაძლებელია მათი ადაპტირება თითოეული პაციენტის საჭიროებებიდან გამომდინარე“, – ამბობს თესალონიკის არისტოტელეს უნივერსიტეტის პროფესორი.

ევროკავშირის კვლევის პროექტის ფარგლებში მომუშავე მეცნიერებს, ასევე სურთ, უკონტაქტო, არაინვაზიური (სამედიცინო პროცედურა) პლატფორმის დახმარებით და სმარტფონებისა თუ სმარტ საათების ყოველდღიური გამოყენებით, გაამარტივონ და დახვეწონ პარკინსონის ადრეულ სტატიაზე დიაგნოსტირების პროცესი.

„ხელოვნური ინტელექტის სხვადასხვა ინსტრუმენტს სრულიად ჯანმრთელ ადამიანებსა და პარკინსონის დაავადების მქონე პაციენტებზე ერთად „ვტესტავთ“. აპლიკაცია გვეხმარება, მთელი წლის მანძილზე, ძალიან მნიშვნელოვანი მონაცემები მივიღოთ. ამით საშუალება გვაქვს, ზუსტად დავინახოთ ცვლილებები, გრძელ ვადაში. სწორედ ეს ინფორმაცია დაგვეხმარება განვსაზღვროთ და შევიმუშაოთ სასარგებლო, ეფექტური სქემები, რომლითაც მოვახერხებთ დაავადების ადრეულ სტატიაზე დიაგნოსტირებას“, – ამბობს დიმიტრი იაკოვაკისი, პროექტის ელექტრო ინჟინერი.

ამ სისტემამ, ადრეულ ეტაპზევე, უნდა გამოავლინოს პარკინსონის დაავადების სიმპტომები: თუნდაც უმნიშვნელო, მცირე კანკალი, მოძრაობის შეფერხება, ხმის დეგენერაცია, სახის გამომეტყველებისა და მიმიკების ცვლილება.

მკვლევარები კონკრეტულ შედეგებსა და თავიანთი თეორიების დადასტურებას უახლოეს მომავალში ვარაუდობენ.

წყარო: Euronews

განხილვა