კითხვაზე, თუ რომელი იყო ისტორიაში ვიდეოთამაშების პირველი პერსონაჟი, პასუხის ძიებამ პირველ კომპიუტერულ თამაშებამდე მიგვიყვანა. ერთ-ერთ ვარიანტად, რომელსაც პირველის სტატუსი შეგვიძლია მივანიჭოთ, „ჩოგბურთი ორისთვის“ ითვლება — ადრე რომ მოგიყევით, 1958 წელს ამერიკელმა ფიზიკოსმა შექმნაო, აი, მრგვალ ეკრანზე ერთი სწორი ხაზი და ორი წერტილი რომ იყო, ის… მართალია, ეს ჩვენთვის კლასიკური გაგებით, თამაშების პერსონაჟს არ გვაგონებს, მაგრამ, რადგან „პირველი გეიმერები“ ჩოგბურთის სიმულაციისთვის ოსცილოსკოპს იყენებდნენ და ამ წერტილებს წარმოსახვითი ჩოგნებით აკონტროლებდნენ, მას ვიდეოთამაშების კონტროლირებადი პერსონაჟების ერთ-ერთ უძველეს მაგალითად მიიჩნევენ.
თუმცა თუ ვიდეოთამაშების პერსონაჟების კლასიკურ გაგებას დავუბრუნდებით, Jumpman-ამდე მივალთ, რომელიც შემდგომ ყველასთვის ცნობილი მარიოს სახელით გახდა. სახალისო თეორიაც არსებობს იმის შესახებ, რომ Jumpman მარიოს მამაა, თუმცა რეალურად დადასტურებულია, რომ ეს ორი ერთ პერსონაჟს წარმოადგენს. მისი ავტორი შიგერუ მიამოტოა, ნინტენდოს ვიდეოთამაშების დიზაინერი და პროდიუსერი, რომელიც განსხვავებული პერსონაჟების შექმნით იყო გატაცებული. მართალია, თავიდანვე არ ფიქრობდა, რომ პერსონაჟი ასეთი პოპულარული გახდებოდა, მაგრამ ფაქტია, მან მარიო ნინტენდოს ვიდეოთამაშების ცენტრალურ ფიგურად აქცია.
იმ დროისთვის არსებული პროგრამული შეზღუდვების გამო, შიგერუ მიამოტომ მარიოს მკვეთრი წითელი მაისური და ლურჯი კომბინიზონი ჩააცვა, რადგან თამაშის ფონთან კონტრასტული ყოფილიყო. თეთრი ხელთათმანებიც ამ მიზნით აქვს — მოთამაშეებს მოძრავი ხელები ეკრანზე უკეთ რომ შეემჩნიათ. აი, ქუდი კი საქმის გასამარტივებლად იყო, მიამოტოს რომ არ ეზრუნა პერსონაჟის მოძრაობისას თმის ანიმაციის შესაქმნელად. ულვაშიც ამ ნარატივს მიჰყვება, ასე უკვე სახის გამომეტყველების ანიმაციის საჭიროება აღარ იყო… თუმცა ყველაფერი „სიზარმაცეს“ რომ არ დავაბრალოთ, სიმართლეც უნდა ვთქვათ და ვაღიაროთ, რომ მაშინ არც ამისთვის საჭირო ტექნოლოგია იყო საკმარისად დახვეწილი.
თავდაპირველად თუ მარიო დურგალი იყო, დროთა განმავლობაში დაიხვეწა, სანტექნიკოსადაც კი იქცა და ეს ცვლილებები მის გარეგნობაზეც აისახა — მარიოს ქუდს M-ის სიმბოლო დაემატა და ოქროსფერი ღილები ტანსაცმელზე, შემდგომში კი, კიდევ უფრო დახვეწილი ვიზუალით „სოკოს სამეფოს“ თავგადასავლებით გახდა ცნობილი… Super Mario Bros.-ის სერიის მთავარი გმირი თითქმის 200 თამაშში გამოჩნდა, მათ შორისაა Super Mario Bros., Super Mario 64, Super Mario Galaxy, Super Mario Odyssey და Mario Kart.
აი, რაც შეეხება უშუალოდ სახელს, მოდით, ამის განხილვა მარიოს „პირველი სახელით“ დავიწყოთ, Jumpman, ალბათ, პირდაპირ მარიოს აღწერილობადაც შეგვიძლია ჩავთვალოთ, რადგან უბრალოდ აღწერდა პერსონაჟს, რომელსაც ხტუნვა შეეძლო. აი, რაც შეეხება უშუალოდ მარიოს, აქ მეტად საინტერესო ამბავი გვაქვს — გავრცელებული ვერსიით, იმ საწყობის მესაკუთრის პატივსაცემად დაარქვეს, რომელშიც ნინტენდო იყო განთავსებული. საუბარია მარიო სეგალეზე, რომელიც, როგორც ამბობენ, პერსონაჟს ფიზიკურადაც ძალიან ჰგავდა. მეორე ვერსია კი ამბობს, რომ ინსპირაცია ნინტენდოს ოფისის ახლოს არსებული რესტორნისგან მიიღეს — Mario and Luigi’s, თუმცა ეს უფრო მეტად, ალბათ, მარიოს ძმის, ლუიჯის პერსონაჟის სახელს ესადაგება.
ასე იყო თუ ისე, ფაქტია, უმეტესობა ჩვენგანს ძველ თამაშებზე პირველი მარიო ახსენდება, როგორც საყვარელი პერსონაჟი M სიმბოლოთი, რომელიც, შეიძლება ითქვას, უკვე სათამაშო ინდუსტრიის სიმბოლოდაც კი იქცა…
ავტორი: მაკუნა ჯუღელი