10
Oct
2018

ვენაში ნიკო ფიროსმანის ნამუშევრების გამოფენა გაიმართება

10 Oct 2018

ვენის ალბერტინას მუზეუმი ნიკო ფიროსმანის ნამუშევრებს უმასპინძლებს. “NIKO PIROSMANI – A Wanderer Between Worlds” – გამოფენა ამ სახელწოდებით 26 ოქტომბერს გაიხსნება. ღონისძიების მიზანია, ქართველი მხატვრის შემოქმედებისა და ზოგადად, ქართული კულტურული მემკვიდრეობის, ქვეყნის ფარგლებს გარეთ, უფრო ფართო საზოგადოებისთვის გაცნობა. პროექტი „საქართველოს ბანკის“ ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

0.5 ანაბარზე
0.5 ანაბარზე

 

 

ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება მხატვრის 29 ნამუშევარი საქართველოს ეროვნული მუზეუმის შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის კოლექციიდან. ასევე, 1972 წელს, პარიზში, ილია ზდანევიჩის ხელნაკეთი წიგნი, სახელწოდებით „ფიროსმანაშვილი 1914“. წიგნში შესულია პაბლო პიკასოს გრავიურა „ფიროსმანის პორტრეტი“.

გამოფენა ნიკო ფიროსმანის გარდაცვალების 100 წლისთავს უკავშირდება. პროექტის ფარგლებში, ასევე, პირველად გამოიფინება ცნობილი იაპონელი არქიტექტორის ტადაო ანდოს მიერ სპეციალურად შექმნილი მაგიდა სახელწოდებით “Table Of Pirosmani”, რომელიც, სწორედ, მხატვრის ხსოვნას ეძღვნება.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია ქართული კულტურისა და ხელოვნების მხარდაჭერა. მოხარულები ვართ, რომ მოგვეცა შესაძლებლობა, წვლილი შევიტანოთ ქართველი მხატვრის ნიკო ფიროსმანაშვილის შემოქმედების საერთაშორისო ასპარეზზე გატანაში. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვისაც ჩვენი ქვეყნისა და ქართული კულტურის პოპულარიზაციისთვის მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს“,- ამბობს „საქართველოს ბანკის“ გენერალური დირექტორი კახა კიკნაველიძე.

ალბერტინას მუზეუმში, ნიკო ფიროსმანის ნამუშევრების გამოფენა 27 იანვრამდე გაგრძელდება.

განხილვა