ვისაც ზღაპრიდან პეპი გრძელიწინდას ოინები ახსოვს და ვისაც ბავშვობის თავგადასავლები ჯერ კიდევ წინ აქვს, საშუალება აქვს საკუთარ ეზოში, ცალკეული და არც თუ ისე პატარა სახლი ჰქონდეს. აღნიშნულ შესაძლებლობას ბავშვებისთვის ქართულ ბაზარზე ახლახან გაჩენილი ბიზნესი – „ვილა ვილეკულა“ იძლევა. ეს არის საბავშვო, სათამაშო სახლებისა და ეზოს ინვენტარის კომპანია, რომელიც, როგორც მისი დამფუძნებელი – სალომე ლომაია აღნიშნავს, ყველაზე დიდი ყურადღებას უთმობს პროდუქციის ეკოლოგიურ მხარეს. სალომესთან ინტერვიუს გზით წარმოგიდგენთ „ვილა ვილეკულას“ პროდუქციის წარმოებასთან თუ ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებულ დეტალებს:
M: როგორ აშენდა პირველი „ვილა ვილეკულა“?
მყავს სამწლინახევრის შვილი და ზაფხულში, აგარაკზე რომ მივდიოდით, სულ ვფიქრობდით – რა შეგვეძლო გაგვეკეთებინა იმისთვის, რომ ეზოში უსაფრთხოდ თამაში შეძლებოდა. გავაკეთეთ სახლი, რომლიდანაც გამოსვლა არ უნდა, რადგან ძალიან კარგად ერთობა. შიგნით არის ცარცის დაფა, რომეზედაც შეუძლია ხატოს, მოყვება ქვიშის სათამაშო მაგიდა, რომელიც ძალიან პრაქტიკულია ბავშვებისთვის. თავის დროის უდიდეს ნაწილს ატარებს ამ სახლთან. მოკლედ, მთავარი მოტივატორი იყო ჩემი შვილი, წელს გადავწყვიტეთ, რომ ეს ამბავი გვექცია ბრენდის ისტორიად. თვენახევარია დავიწყეთ, უკვე ვმუშაობთ შეკვეთებზე და ვიყენებთ უმაღლესი ხარისხის მასალას, საღებავსა და ნატურალურ ხეს.
M: რატომ „ვილა ვილეკულა“ და გარდა სახლებისა, რას მოიცავს თქვენი ეზოს ინვენტარი?
ბავშვობიდან ყველას ახსოვს პეპი გრძელიწინდა, ზუსტად მისი გამოგონილი, არარსებული სახლია ვილა ვილეკულა. ჯადოსნურია ეს ჩვენი პატარა სახლები, ისევე, როგორც პეპის სახლი და ამასთან დავაკავშირეთ. ეზოს ინვენტარი, ამ ეტაპზე, არის ქვიშის მაგიდები. რომელიც, რეალურად, არის მაგიდა, თავი მარტივად უკეთდება და ძვრება, შიგნით არის ქვიშის ჩასაყრელი ადგილი და ეს მაგიდა გამოიყენება როგორც სათამაშოდ, ასევე, სხვა მიზნითაც. ეზოს ინვენტართან დაკავშირებით გვაქვს ახალი იდეები, რომლებსაც ახლა ვხვეწთ.
M: რა გამოცდილება გქონდათ ბიზნესის კუთხით და როგორია „ვილა ვილეკულას“ პროდუქციის შექმნის პროცესი?
11 წელი ვიყავი რედბულის ბრენდ მენეჯერი, ახლა ვარ ერთ-ერთი კომპანიის ბრენდ მენეჯერი და სტარტაპის, ან საკუთარი კომპანიის მართვის გამოცდილება არ მაქვს. ეს არის ჩემი პირველი წამოწყება. ვთანამშრომლობ ქარხანასთან, ვსხევდვართ მე და რამდენიმე მშენებელი, ვფიქრობთ დიზაინზე, მასალაზე, ზომებზე და საერთო გადაწყვეტილებით ვიღებთ შედეგს. უკვე გვაქვს ორი მზა დიზაინი, რომელიც არის რეალური შეკვეთა და მალე ჩაბარდება.
M: როგორ შეუძლია მომხმარებელს „ვილა ვილეკულას“ შეკვეთა და გეგმავთ, თუ არა გარკვეულ აქტივობებს, საზოგადოებისთვის თქვენი პროდუქტის გასაცნობად?
გვიკავშირდებიან ფეისბუკ გვერდზე, ან იქ მითითებულ ნომერზე. თუ რამე განსაკუთრებული სჭირდება მომხმარებელს, ვხვდებით, ვინიშნავთ თითოეულ დეტალს, სურვილს და ამის მიხედვით, ვადგენთ ფასს. ამ ეტაპზე, მხოლოდ სოციალური მედიის გამოყენებით შეუძლია მომხმარებელს ჩვენთან დაკავშირება. აქტივობის კუთხით, ვფიქრობთ, რომ „ვილა ვილეკულას“ სახლი ერთ-ორ ადგილას დავდგათ, იმისათვის, რომ მომხმარებელი მივიდეს, ნახოს, რადგან ფოტოებიდან ხშირად, რთული აღსაქმელია სახლის ზომა (2 მეტრი და 30 სანტიმეტრი) ან ხარისხი. თუმცა, ეს არის სტარტაპი და ძალიან ვართ დამოკიდებული ფინანსურ მხარეზე. ამ აქტივობის კუთხით, ჯერ მოლაპარაკების პროცესში ვართ.
M: არის თუ არა ქართულ ბაზარზე „ვილა ვილეკულას“ მსგავსი პროდუქტი და რა არის თქვენი კონკურენტული უპირატესობა?
რაც მე პირადად მინახავს, იყო მსგავსი სახლი ერთ-ერთ მაღაზიაში, თუმცა შედარებით პატარა. ჩვენი სახლები გამოირჩევა იმით, რომ ვთავაზობთ უნიკალურ დიზაინს, ვერგებით მომხმარებლის მოთხოვნას. სახლის მონტაჟს 3-4 ადამიანი სჯირდება, გადაადგილებისთვის კი სატვირთო მანქანა. ამ და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით, „ვილა ვილეკულას“ სახლის ფასი, საშუალოდ, 3500 ლარია, ქვიშის მაგიდების კი, 400-დან 500 ლარამდე. უახლოეს მომავალში, ვგეგმავთ ისეთი პროდუქციის შექმნას, რომლის ანალოგიც არ არსებობს ქართულ ბაზარზე.