in

რას გულისხმობს Buyer მოდის ინდუსტრიაში და რა უნდა გაითვალისწინონ დამწყებებმა

ეს სტატია განსაკუთრებით იმ ადამიანებს მოეწონებათ, რომლებიც მოდას ფეხდაფეხ მისდევენ, მოსწონთ ბრენდული სამოსის შეძენა და უყვართ, როცა გამორჩეულ და ექსტრავაგანტულ ტანსაცმელს იძენენ. დღეს გაგაცნობთ ბაერის საქმიანობას და გეტყვით, რომ შეიძლება თქვენს თავშიც აღმოაჩინოთ ე.წ. Buyer…

Buyer მსოფლიო მოდის ინდუსტრიაში ერთ-ერთი გამორჩეული როლი და მოთხოვნადი კარიერული საფეხურია. იმის გარდა, რომ მას აქვს მომხიბლავი იმიჯი – დადის მოდის კვირეულებზე, გამოფენებზე, თანამშრომლობს დიზაინერებთან და ა.შ., ბაერს სპეციალური უნარები და გამოცდილება სჭირდება საიმისოდ, რომ წარმატებული კარიერა შეიქმნას. მოდის ექსპერტები გვეუბნებიან, რომ კარგ ბაერს უნდა ჰქონდეს კომუნიკაციების კარგი უნარი, ესმოდეს ბიზნესი, ჰქონდეს დახვეწილი გემოვნება და, რაღა თქმა უნდა, არასოდეს ჩამორჩეს მიმდინარე მოდის ტენდენციებს. 

სააგენტო „ნოიზის” დამფუძნებელი, სალომე მიქაშავიძე გვესაუბრება, თუ რა არის ბაერი და რა უნდა გაითვალისწინოთ, თუ ამ საქმიანობაზე ფიქრობთ:

M: უპირველეს ყოვლისა, განვმარტოთ – ვინ არის BUYER და ჩვენთან, საქართველოში რამდენად აქტუალური საქმიანობის სფეროა?

„ბაერი“ არის მულტიბრენდული მაღაზიის წარმომადგენელი, რომელიც კონკრეტული მაღაზიისთვის არჩევს/ყიდულობს ბრენდებსა და პროდუქტებს. საქართველოში როგორც პროფესია ნაკლებად პოპულარულია, განსაკუთრებით ბრენდების სიმრავლიდან გამომდინარე. ამიტომ თავად ქართულ ბრენდებსაც, ძირითადად, საქართველოს გარეთ მყოფ ბაერებთან აქვთ კომუნიკაცია. 

M: რა ცოდნას, გამოცდილებას, უნარებს უნდა ფლობდეს ადამიანი, ვისაც სურს იყოს BUYER?

პირველ რიგში, კარგად უნდა იცნობს ბაზარს და მომხმარებელს ვისთვისაც არჩევს პროდუქტს. ასევე კარგად უნდა იცნობდეს ინდუსტრიას და სწრაფად უნდა ეწეოდეს ინდუსტრიაში მიმდინარე სიახლეებს და ცვლილებებს, რა არის მოთხოვნადი, რომელი ბრენდები არიან საინტერესოები/ცნობილები. მუშაობის წესებიც უნდა იცოდეს, რაც საკმაოდ სპეციფიკურია.

M: ქართველი დიზაინერები რამდენად თანამშრომლობენ ბაერებთან და რა უნდა გაითვალისწინოს დამწყებმა ბაერმა?

ყველა ქართველი დიზაინერი, რომელსაც საზღვრებს გარეთ გააქვს პროდუქტი, ან საქართველოში რამდენიმე მულტიბრენდულ მაღაზიაში ყიდის პროდუქტს, თანამშრომლობს პირველ რიგში ბაერებთან, რადგან ბაერი არჩევს სწორედ დიზაინერს და პროდუქტს რომელიც მის მაღაზიაში უნდა გაიყიდოს. 

დამწყებმა, პირველ რიგში, ალბათ ის, რომ კარგად გაიცნოს მომხმარებელი, რომლისთვისაც იმუშავებს და სწორად შეარჩიოს მისთვის ბრენდი და პროდუქტი.

M: თავად ტანსაცმლის ბრენდს რას აძლევს ბაიერთან თანამშრომლობა?

ყველა ტანსაცმლის ბრენდს სჭირდება განვითარება, როგორც კრეტიული, ასევე ფინანსური. ფინანსური განვითარებისთვის საჭიროა გაყიდვები, ამიტომ ბაერი საკმაოდ მნიშვნელოვანი პიროვნებაა, რადგან ის წყვეტს, იყიდოს თუ არა ბრენდი. ბაერთან თანამშრომლობა იგივეა, რაც მაღაზიასთან თანამშრმლობა, რაც ბრენდისთვის ავტომატურად გაყიდვების გაზრდას ნიშნავს. 

M: რამდენად პერსპექტულია ბაერის როლი და როგორ შეუძლია მას განვითარება მოდის ინდუსტრიაში?

პერსპექტიული არის თავისთავად. რაც უფრო ცნობილი და დიდი მაღაზიის ბაერი ხარ, მით უფრო დიდი გავლენა გაქვს ინდუსტრიაზე და ალბათ მომხმარებელზეც. თუმცა პერსპექტიულზე უფრო მეტად საინტერესო და პრესტიჟულია. დღეს ბაერი ერთ-ერთი მთავარი ფიგურაა მოდის ინდუსტრიაში და ბრენდების განვითარებისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი. ასევე გამოცდილმა ბაერმა კარგად იცის ბაზარი და მასზე არსებული მოთხოვნები, იცნობს მის მომხმარებელს და დიდ როლს თამაშობს როგორც ბრენდის, ასევე მაღაზიის წარმატებაში. 

ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი

აუტიზმთან დაკავშირებული მუტირებული გენი წარმატებით აღადგინეს

სმენის აღდგენა მალე შესაძლებელი გახდება